„წულუკიანი სასამართლოსთან გამწვავებაზე მიდის“

„წულუკიანი სასამართლოსთან გამწვავებაზე მიდის“

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ორი ინიციატივა გაიზიარა. მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ცვლილებებით გათვალისწინებული ორი საკითხი არ იყო მთავრობის ინიციატივა, მაგრამ წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შემოთავაზებას.

პირველი ეხება ინსპექტორის ინსტიტუტის დანერგვას, რომელზეც მთავრობის სხდომაზე უკვე იმსჯელეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელმაც იუსტიციის მინისტრის თქმით, ასევე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ყველა სასამართლოში სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის გაუქმებას ითვალისწინებს. ახლა კი, პარლამენტის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა ამ ცვლილებებს. 

რატომ მიდის სასამართლო ხელისუფლებასთან გამწვავებაზე იუსტიციის მინისტრი და რატომ არის აუცილებელი მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სამართალმცოდე ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში. ახლა ჯერი პარლამენტზეა. როგორ ფიქრობთ, მიიღებს პარლამენტის მხარდაჭერას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივა?

- საქართველო არ არის იმ ტიპის ქვეყანა, რომელსაც გამოცდილება აქვს და მითუმეტეს - წარმატებული გამოცდილება რეფორმებში, განსაკუთრებით - სასამართლო რეფორმაში. ამ გზაზე მნიშვნელოვანია „მეს“ გაცნობიერება და უცხოელი კოლეგებისათვის ყურის დაგდება.

რას გულისხმობთ?

- პირველი, არსებობს ვენეციის კომისია, რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ინიცირებული არაერთი კანონპროექტი მკაცრად გაუკრიტიკებია. უცხოური საზოგადოება ვერ ჩაერევა ჩვენს შიდა საქმეებში, მაგრამ ამავე დროს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი შეცდომის დაშვების საშუალებას არ გვაძლევენ. კეთილი განზრახვით დაგვეხმარებიან და თუკი აკვიატებული გვაქვს, რომ პოლიტიკური მოტივაციით შეცდომა უნდა დავუშვათ, მაშინ უცხოელებიც გვეტყვიან, კი, ბატონო, დაუშვით შეცდომა, მაგრამ ჩვენგან რა გინდათ და ევროპულ ოჯახში რაღა გინდათო.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, მახსოვს ბოლო შეხვედრა სასამართლო კორპუსთან, იქედან გამოსულმა სასამართლო ხელისუფლების არაერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ინსპექტორის თემა და მოქმედი სასამართლოს თავმჯდომარის თემა აქტუალური აღარ არის და გადაწყდება ისე, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოსო. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში წულუკიანი გამწვავებაზე მიდის. გამწვავება და თამაში კი სასამართლოსთან არ ღირს.

როგორ ფიქრობთ, რატომ მიდის სასამართლო ხელისუფლებასთან გამწვავებაზე თეა წულუკიანი?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით ამ შემთხვევაში ეს ქმედება რითი შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ ამის გარკვეული ძაფი თვითონ წულუკიანის სიტყვებიდანვე შეიმიძლია დავინახო, რამდენად მყარია ეს ძაფი, ამაზე ნუ ვიმსჯელებთ - კოტე კუბლაშვილის შეცვლის შემდეგ, წულუკიანმა საკმაოდ გულწრფელად თქვა ის, რასაც ფიქრობდა - მე აქამდე არ მქონდა საშუალება, რასაც ვთვლიდი საჭიროდ ის გაგვეკეთებინა სასამართლო რეფორმის კუთხით და ახლა გავაკეთებთ, რადგან ამის შანსი მომეცაო. ეს არ არის სწორი მიდგომა. მთავრობის გარდა, არის პარლამენტი და რაც მთავარია არის კონსტიტუციური, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.

სასამართლო ხელისუფლებაში ქირურგიული ჩარევა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს საზოგადოების სტაბილურობისთვის. პოლიტიკოსები ძალიან მალე არ იქნებიან იმ სავარძლებში, ან საერთოდ პოლიტიკის მიღმა იქნებიან, სასამართლო ხელისუფლება და სტაბილური ინსტიტუციები კი სახელმწიფოს არსებობას და მის დემოკრატიულობას განსაზღვრავენ. საკუთარ რაღაც მოსაზრებებს სუბიექტურ, პროფესიულს თუ პოლიტიკურს არ უნდა გადააყოლონ ქვეყნის მომავალი.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კიდევ ერთ წინადადებას, ასი ახალი მოსამართლის თაობაზე, თეა წულუკიანის თქმით, მოსამართლეთა რიცხვის ბრმად ზრდაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ეს დაკავშირებულია საბიუჯეტო თანხებთან და მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, იკვეთება თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრი გარკვეულწინლად ერევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომის საქმიანობაში? 

- ნინო გვენეტაძეს საკმარისზე კარგად ვიცნობ, მის პროფესიონალიზმს და გამოცდილებას, იუსტიციის მინისტრის პროფესიონალიზმისა და გამოცდილების დონეზე გაცილებით მაღლა დავყენებ. მათ შორის იმ ნაწილში, რომ ნინო გვენეტაძეს დაუსაბუთებელი წინადადები არ გამოაქვს ხოლმე სამსჯელოდ. ასე რომ, მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს ცოტა კორექტული იყოს, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დაუსაბუთებელ წინადადებებზე საუბრობს.

რამდენადაც ვიცი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კომუნიკაცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრთან და შესაბამისად, მიღწეულია თანხმობა საკითხის განხილვაზე. განხილვა როგორ დამთავრდება, ეს უკვე სხვა საკითხია. რაც შეეხება საჭიროებას, კარგი იქნება ქალბატონ წულუკიანს მოეკითხა მოსამართლეთა დატვირთულობა. როდესაც ერთ მოსამართლეს 200-300 და ზოგჯერ 400 საქმე აქვს, გადატვირთულობა სახეზეა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეისწავლა რა საკითხი, თქვა ამის შესახებ. ეს საკითხი შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. რაც წულუკიანისთვის დაუსაბუთებელია, ბევრი მოსამართლისთვის არა თუ დასაბუთებულია, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

აქიდან გამომდინარე, საინტერესოა როგორი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა?

- ვენეციის კომისია სწორედ იმ კუთხით შეხედავს ამ ყველაფერს, არის თუ არა დაცული მოსამართლეთის დამოუკიდებლობა.