„თავისუფალი დემოკრატები“ ხიდაშელს პარლამენტში იბარებენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ხიდაშელს პარლამენტში იბარებენ

for.ge-ს ინფორმაციით, „ნდობის ჯგუფი“ საქართველოს თავდაცვით შეიარაღებაზე საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებას, შესაძლოა, 1-ელ ივლისს გაეცნოს. „ნდობის ჯგუფის“ ფარგლებში, სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროვებას „თავისუფალი დემოკრატები“ ითხოვენ, მმართველი გუნდი ოპოზიციის მოთხოვნის წინააღმდეგ არ მიდის, თუმცა, უმრავლესობა ოპოზიციის ქმედებებში პოლიტიკურ სპეკულაციებს ხედავს.

როგორც for.ge-ს დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ფრაქცია - „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს „ნდობის ჯგუფის“ სხდომის მოწვევის მიზნით, უკვე მიმართა.

აბაშიძის განცხადებით, აღნიშნულ ჯგუფს უფლებამოსილება და მოვალეობა აქვს, იცოდეს, დოკუმენტი რას ითვალისწინებს.

„საჯარო განცხადებიდან პასუხი არ მიმიღია და სესიაშვილს „ნდობის ჯგუფის“ შეკრების თაობაზე წერილით მივმართავ. იმაში დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ რაც ალასანიამ გააფორმა, ის რეალურად განხორციელდა. ხიდაშელი საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობაში კარგად ერკვევა და იმედია, ის პარლამენტში მოვა. ვნახოთ, ხელი რაზე მოეწერა და თავდაცვის კუთხით, საქართველოსთვის რა უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის მსგავსად, „ნდობის ჯგუფის“ სხდომის მოწვევას მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვის კომიტეტის წევრი, ნაციონალი ტარიელ ლონდარიძე.

for.ge-სთან საუბარში ლონდარიძე აღნიშნავს, რომ სხდომის მოწვევაში პრობლემა არაფერია.

„ნდობის ჯგუფმა უნდა იცოდეს, ამ საკითხზე რა ხდება. დღეს მოქმდი კანონი საკითხის განხილვას ითვალისწინებს და შესაბამისმა პირებმა დეტალები უნდა იცოდნენ“, - დასძენს ლონდარიძე.

ოპოზიციას „ნდობის ჯგუფის“ უფლებამოსილებას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი განუმარტავს და კანონმდებელი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯგუფში ავტომატურად ნებისმიერ საიდუმლო შესყიდვაზე მიდის შეტყობინება, რომელსაც მოგვიანებით, ჯგუფის წევრები განიხილავენ.

სესიაშვილის თქმით, თუკი ზურა აბაშიძეს არ სურს, რომ ამ პროცედურებს დაელოდოს, მათი მოთხოვნა ნდობის ჯგუფში იქნება განხილული.

„უფლება არ მაქვს, რომ ეს საკითხი დამოუკიდებლად გადავწყვიტო. ნდობის ჯგუფი კოლეგიალური ორგანოა, შევიკრიბებით და თუკი ამ მოთხოვნას ჯგუფი დაეთანხმება, თავდაცვის სამინისტროსგან დოკუმენტს გამოვითხოვთ და გავეცნობით. ვერანაირ წინააღმდეგობრივ პოზიციას ვერ ვხედავ“, - აცხადებს სესიაშვილი.

კანონმდებელი ირწმუნება, რომ საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების ჩარჩო ნაწილს იცნობს.

„ეს „ნდობის ჯგუფის“ წინა შეხვედრაზე განვიხილეთ. სამწუხაროდ, რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს ვხედავ, ვიდრე საკითხზე მსჯელობის სურვილს. ყველაფერი წინა შეხვედრაზე ითქვა და ჩარჩო ხელშეკურულებაც გასაგებია. ალასანიამ ხელი მემორანდუმს მოაწერა, ხიდაშელის მიერ ხელმოწერილია ხელშეკრულება, სადაც კონკრეტული პროდუქციის ნუსხაა. მემორანდუმი კეთილი ნების გამოხატულებაა, რომ გვინდა თანამშრომლობა, ხელშეკრულებაში კონკრეტული დოკუმენტია, სადაც გაწერილია - ვის რა ეკუთვნის“, - აღნიშნავს დეპუტატი.

სესიაშვილი იმის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, ხელშეკრულების ფარგლებში თავდაცვის შეიარაღების რა საშუალებებს მიიღებს საქართველო.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს თინამ გააჟღერა, სანამ ამ პროდუქციას არ მივიღებთ და მის მომსახურებას არ მოვახდენთ, მანამდე რაღაცის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ჩვენს მტრებს ქვეყნის გაძლიერება არ უხარიათ“, - დასძენს სესიაშვილი.

კანონმდებელი ამბობს, რომ მას ურჩევნია, ოპოზიციამ ყველაფერი იცოდეს, რათა ამ თემაზე სპეკულაციები შეწყვიტონ, ვინაიდან ეს ის საკიხებია, რომელიც ქვეყნის თავდაცვას ეხება.

„უპრეცედენტო ხელშეკრელება გავაფორმეთ, ძლივს რაღაც გავაკეთეთ და ამ ყველაფერს ნუ ჩამოვშლით. პოლიტიკური სპეკულაციებით რითი ვერ დაკმაყოფილდნენ? თინიკო ის მინისტრი არ არის, რომ საპარლამენტო კონტროლი არ ესმოდეს. შევთანხმდებით, ადგილზე წავალთ და დოკუმენტს გავეცნობით, რომ მერე ის არ თქვან, პროცესი დროში გაიწელაო. არავინ არაფერს მალავს“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომელსაც „ნდობის ჯგუფის“ წევრმა დავით საგანელიძემ თხოვნით მიმართა, რომ ჯგუფის სხდომა 1-ელ ივლისს ჩატარდეს.

როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, ის 30 ივნისამდე მივლინებაში მიდის და ამიტომ, სხდომის ჩატარებას მოგვიანებით ითხოვს.

„თუ რა საკითხი იქნება, ამას შეხვედრაზე გადავწყვიტავთ“, - დასძინა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის, დავით საგანელიძისა და ირაკლი სესიაშვილის გარდა, „ნდობის ჯგუფის“ წევრები გივი თარგამაძე და ზვიად ძიძიგურიც არიან. ამ მოწვევის პარლამენტში, სამი წლის მანძილზე, „ნდობის ჯგუფის“ სხდომა მხოლოდ მას შემდეგ მოიწვიეს, რაც ე.წ. კაბელების საქმე სკანდალად იქცა.

რაც შეეხება საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებას, თინა ხიდაშელმა დოკუმენტს ხელი 15 ივნისს მოაწერა. მანამდე კი, ოქტომბერში, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ თავდაცვით შეიარაღებაზე მემორანდუმი გააფორმა, რაც სკანდალად იქცა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ მას საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და მოსთხოვა, დოკუმენტზე ხელი არ მოეწერა.