ავტომატური გამზომი საშუალება მდინარე ვერეს აუზის ორ წერტილში დამონტაჟდა. თანამედროვე ტიპის ნალექმზომი მოწყობილობის საშუალებით ხეობის მთელ სიგრძეზე რეაგირება სწრაფად მოხდება. სისტემა მოსული ნალექის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საკომუნიკაციო ცენტრს ონლაინ რეჟიმში გადასცემს. სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, რომ შედარებით გაუმჯობესდეს შესაძლო წყალდიდობის პროგნოზი.
სეისმოლოგების განცხადებით, ვერეს ხეობაში სახიფათო ვითარება კვლავ ნარჩუნდება, ამინდის გაუარესების შემთხვევაში კი, მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობს. for.ge-სთან საუბრისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ამ ოდენობის ნალექის განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია.
ბატონო გიგლა, სეისმოლოგები ამბობენ, რომ ვერეს ხეობაში სახიფათო ვითარება კვლავ ნარჩუნდება და შესაბამისად, საუბრობენ საფრთხის არსებობაზე. რამდენად მაღალია რისკები?
- რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და თუნდაც მარტო ამ ხეობაში დაახლოებით 60-ზე მეტი მეწყრული უბანია იდენტიფიცირებული. იმ ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკამოდ დიდი მასა (ნახევარზე მეტი), ჯერ კიდევ ფერდობზეა. ეს არ ნიშნავს, რომ ის არ ჩამოიშლება. მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს როგორც მცირე, ასევე, დიდი ნალექი, ან თუნდაც უმნიშვნელო მიწისქვეშა ბიძგი. ზოგადად, ეს მდინარე, თავისი ბუნებით რთული მდინარეა, 190 კმ-ზე მეტი წყალშემკრები აუზის მოცულობა აქვს და დაახლოებით 40-ზე მეტი შენაკადი აქვს. აქედან 16 საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალს აგროვებს.
რაც შეეხება რისკებს, მთაგორიანი და დიდი რელიეფის მქონე ქვეყანა ვართ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არსებული რისკების მქონე ქვეყნების რუკის მიხედვით, არ ვართ ისეთი მაღალრისკიანი ქვეყანა, როგორიც არის იაპონია, მაგრამ სადღაც შუალედში მაინც ვართ. ჩვენი გარემო პირობები და რელიეფი ამ პროგნოზებს იძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ ჭარბი ნალექი იქნება, რამდენად მოსალოდნელია საფრთხე?
- ჩვენ ვაპირებთ, რომ დავამონტაჟოთ წინასწარი შეტყობინების სისტემა და პრემიერის მხრიდან საგანგებო შტაბის სხდომაზე იყო ამაზე საუბარი.
მდინარე ვერეს გარდა, დამატებით თუ იგეგმება სხვა წერტილებში ადრეული შეტყობინების სისტემის დამონტაჟება?
- ნაწილი დამონტაჟდა, მაგრამ არის კიდევ დასამონტაჟებელი. ასე არ ხდება, რომ ღილაკს თითი დააჭირო და შუქი აანთო. ამას დრო სჭირდება და მითუმეტეს, რომ დრო სჭირდება დაპროექტებას და ასევე, დრო სჭირდება ე.წ. ხერხეულის კედლების დამონტაჟებას, რომლებმაც მყარი ნატანი უნდა შეაჩერონ. ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, მაგრამ პირველი რიგის და გადაუდებელი. ამ ეტაპზე იმის გათვალისწინებით, რომ ხეობაში მოძრაობა არ არის, იმიტომ, რომ გზა დაზიანებულია, ჩვენ ვიღებთ სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს. ძლიერი წვიმის დროს, ადგილზე ვაკვირდებით იწევს თუ არა წყლის დონე და ასეთ შემთხვევაში ვაჩერებთ მუშაობას. იმისათვის, რომ მოგვეცეს ამ მოწყობილობის ინსტალირებისა და კედლების აშენების საშუალება, პროცესს სპეციალისტების ჩართულობით ვაკონტროლებთ.
ბატონო გიგლა, რამდენად მაღალია ამ ოდენობის ნალექის, რომელიც უკვე დაფიქსირდა განმეორების ალბათობა?
- დავეყრდნობი სპეციალისტების მოსაზრებებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა ასეთი დიდი ზომის ნალექი მოვიდეს. ჯამში, რომ შევაფასოთ, შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე კატასტროფული საფრთხე მოსალოდნელი არ არის. მეთოდურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ მომავალშიც ჩვენ ვრეაგირებდეთ არა შედეგებზე, არამედ, პროფილაქტიკური ღონისძიებებით შევამციროთ საფრთხეები.
თბილისში ბევრი სხვა მდინარეცაა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ღვარცოფიანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრობლემა შეიქმნა ვერეს ხეობაში, მოგეხსენებათ, პრობლემა იყო გლდანულაზე და დიღმულაზეც, რომლებიც თავიანთი ბუნებით მთის მდინარეებია. თუ იგეგმება თბილისში არსებული მდინარეების ბუნების შესწავლა?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამის შესწავლა, მაგრამ არა მარტო თბილისში. თბილისის ირგვლივ დაახლოებით 100-მდე ასეთი ობიექტის იდენტიფიცირება შეიძლება. ბუნებრივია, უნდა მოხდეს მათი შესწავლა და ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება. მაგალითად, ვერეს ხეობაში მეწყერულ საშიში ზონები გვაქვს, სხვაგან შეიძლება მეწყერ საშიში ზონა არ იყოს, მაგრამ ღვარცოფული წარმონაქმის ალბათობა იყოს მაღალი. ანუ, თითოეულ გამოწვევას ჯერ უნდა შესწავლა, შემდეგ პასუხის გაცემა და ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტალირება, ან სხვა შესაბამისი ზომების მიღება.
შესაბამისად, კვლევა არის მნიშვნელოვანი. მითუმეტეს, რომ თბილისის არეალის ადმინისტრაციული საზღვრები გაფართოვდა, თუმცა, კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ, ახლა ჩვენ ვფიქრობთ სპეციალისტის ჩართულობით შევისწავლოთ არა მხოლოდ თბილისის მდინარეები, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ყველაფერი დაკავშირებული არის ხარჯებთან, ექსპედიციებთან. სამწუხაროდ, ასეთი საკითხები კაბინეტიდან ვერ წყდება. უნდა ჩავრთოთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მაგრამ ეს ისევ და ისევ, ფინანსებთან არის დაკავშირებული.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა?
- რა თქმა უნდა, ჩვენი ბიუჯეტის გარდა, უნდა გამოვიყენოთ დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დახმარება. წინასწარი გათვლებით ამ კრიზისიდან გამოწვეული ხარჯები 100 მილიონ ლარს გასცდება. მე რომ მკითხოთ, ჯამურად ყველაფერი ერთად შეიძლება გაორმაგდეს. 200 მილიონი, რომ დავხარჯოთ ამ ტიპის რისკების მინიმალიზებას შევძლებთ ძალიან ბევრგან. მინიმუმ ყველგან შევძლებთ წინასწარი შეტყობინების სისტემის ინსტალაციას, გვექნება რადარი, ამავე დროს გვექნება ორნაირი რადარი, რითაც შევძლებთ სინოპტიკოსებს ჰქონდეთ წინასწარი შეტყობინებისა და პროგნოზირების გაკეთების შესაძლებლობა.
მაგრამ, თუ ადამიანმა გააგრძელა გარემოზე ზემოქმედების პროცესში უგუნური საქციელი, ჩვენ ვერც ჰიდრომეტი და ვერც რადარი ვერ გვიშველის. ვერეს ხეობის პრობლემებმა დაგვანახა, რომ შეიძლება ვიყოთ წარმატებული სახელმწიფო, თუ მოქალაქეები და ხელისუფლება არიან ერთმანეთის კარგი პარტნიორები. აი ამიტომაც, მომავალში მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზე არ უნდა გადავიდეს ყველა პრობლემის გადაჭრა. ეს პრობლემები მოითხოვს ჩვენს ფართო ჩართულობას, თანამონაწილეობას და პასუხისგებიან საქციელს. ქვეყანაში სადაც ბრაკონიერობა და ხის უკანონო მოპოვება არ ითვლება გასაკიცხ ქმედებად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ტიპის გამოწვევებს და გარემოს დაცვით პრობლემებს გასცეს პასუხი. ვცდილობთ, ჩვენს საპასუხისმგებლო თემებში ძალიან ბევრი გულანთებული და წესიერი მოქალაქე ჩავრთოთ და გავხადოთ ისინი ჩვენი თანამონაწილეები, ეს ჩვენს პასუხისგებლობასაც ამაღლებს და მათ თვითშეგნებასაც. არ ვიცი, ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ კომპლექსური ღონისძიებების გატარებით შედეგი გვექნება.