„უნდა ითქვას, თავდაცვის რა სტანდარტის საშუალებებს უზრუნველყოფს ის, რასაც ხიდაშელმა ხელი მოაწერა“

„უნდა ითქვას, თავდაცვის რა სტანდარტის საშუალებებს უზრუნველყოფს ის, რასაც ხიდაშელმა ხელი მოაწერა“

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დაკავებულების პატიმრობიდან გათავისუფლება რომ მოითხოვა, ეს გონივრულია, მაგრამ საინტერესოა ის, ეს ახლა რატომ ხდება. კანონმდებელი თვლის, რომ ამ საქმის წარმოების მიზანი იყო დანაშაული როგორმე ირაკლი ალასანიას შეხებოდა.

მთავრობასა და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის დაპირისპირების მიზეზზე - ე.წ. კაბელების საქმეზე, for.ge დეპუტატ შალვა შავგულიძეს ესაუბრა:

მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს. როგორ აფასებთ, საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებას?

- პროკურატურას ასეთი გადაწყვეტილება თავიდანვე უნდა მიეღო. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო. წინასწარი პატიმრობისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ იყო, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბრალდების საფუძველიც არ არსებობდა. ეს პირები გამოძიებასთან თანამშროლობდნენ, გამოძიებას ჩვენებას აძლევდნენ და თანამშრომლობისთვის მზად იყვნენ.

მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა და ამ პროცესისთვის ხელი არც ერთ მათგანს არ შეუშლია. ამ პირების წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, ეს პირები მორალურად გაეტეხათ და იქამდე მიეყვანათ, რომ დანაშაულის ჩადენა საკუთარ თავზეც დაებრალებინათ, რომელიც სინამდვილეში არ ჩაუდენიათ. ალბათ, მიზანი ასევე იყო, რომ ეს დანაშაული როგორმე ირაკლი ალასანიას შეხებოდა. ბრალდებულები ძალიან ღირსეულად მოიქცნენ, მათ ამდენ ხნიან პატიმრობას გაუძლეს და დანაშაული არც საკუთარ თავზე აიღეს და არც სხვას დააბრალეს. ამ პირების წინასწარ პატიმრობის ცხრათვიანი ვადა იწურება და პროკურატურა ფაქტის წინაშე დადგა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.

თქვენ პროკურატურის გადაწყვეტილებას ცხრათვიან წინასაპატიმრო ვადას უკავშირებთ, რომელიც დაკავებულებს მალე ეწურებათ?

- პირველი ინსტანციის მოსამართლემ, დავით ჯუღელმა ეს საქმე მეტად საფუძვლიანად შეისწავლა, რაც მისი გადაწყვეტილებიდან ჩანს. ჯუღელის მიმართ მოლოდინი რეალური იყო, რომ ის პროკურატურის მიერ ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობის გარდა, აღმკვეთ ღონისძიებასაც შეცვლიდა, რაც სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება. პროკურატურის მიერ ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობის თაობაზე ჯუღელის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააუქმა. ამ შემთხვევაში, პროკურატურას ზემდგომი ინსტანცია ვეღარ ეიმედებოდა, რადგან აღმკვეთი ღონისძიებაზე გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

თქვენ ვარაუდობთ, რომ პროკურატურის გეგმები მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებამ შეცვალა?

- რა თქმა უნდა. პროკურატურას ნაბიჯის გადადგმა იძულებით მოუწია, რადგან მოსამართლემ დააფიქსირა, რომ ის პროკურატურის პოზიციას არ იზიარებდა. როგორც ჩანს, პროკურატურამ თავად მოიფიქრა, რომ „ჰუმანური“ გამხდარიყო და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ, მათი გათავისუფლება მოეთხოვა. პროკურატურამ ამ პირების პატიმრობიდან გათავისუფლება რომ მოითხოვა, ეს გონივრულია, მაგრამ რატომ მოითხოვეს და როდის? - გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ეს პირები რვა თვე პატიმრობაში ყოველგვარი სამართლის გარეშე ამყოფეს? ერთი მხრივ, პროკურატურას მოლოდინი ჰქონდა, რომ ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე დაკავებულებს გამოუშვებდა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ასეც რომ არ მომხდარიყო, ამ ადამიანებს წინააპატიმრო ცხრათვიანი პერიოდი მალე ეწურებათ, რაც კონსტიტუციური ნორმაა. ამ ყველაფერს კი პროკურატურამ დაასწრო.

დაასწრო, რომ საკუთარი თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს?

- ხომ იცით, „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობსო“? პროკურატურა ხედავს, რომ დავით ჯუღელი აღმკვეთის საკითხზე პატიმრობას არ დატოვებდა და ეს ხვალ მოხდებოდა. ძალიან ცუდია, რომ პროკურატურა პოლიტიკური მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და პროცესებს ისე დაასწრო, რომ ეს ყველაფერი „თავისუფალი დემოკრატების“ აქტივში არ ჩაწერილიყო, რომლებიც სამართლიანობისთვის იბრძოდნენ. მათ არ სურთ, ისე წარმოჩინდეს, რომ მოსამართლე ბედავს და პროკურატურის ნებას არ ემორჩილება. ეს მოტივაცია ძალიან ცუდია. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები სასამართლოს გირაოს ნაცვლად, პირად თავდებობას ვთავაზობთ და ალბათ, ხვალ, სასამართლო სხდომაზე ჩვენი შუამდგომლობის დაყენება მოხდება.

თქვენ ამბობდით, რომ .. კაბელების საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყო. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომთავისუფალმა დემოკრატებმაგაიმარჯვეთ?

- ამ საქმეს საბოლოო გამარჯვება მაშინ ექნება, როცა სიმართლე დადგინდება, რომელიც არის ერთი, რომ აქ დანაშაულის ფაქტი არ არსებობს, დანაშაული მოგონილია, რომელიც ადამიანებს დააბრალეს. რაც შეეხება ივანიშვილს, ის ამ საქმეში იმ სახის ჩარევას ახორციელებს, რასაც არაფორმალურ მმართველობაში. ეს პირები ორი დღის დაკავებულები იყვნენ, როცა ივანიშვილმა საქმის დეტალები იცოდა. ეს კი იმ ფონზე მოხდა, როცა საქმის დეტალები ადვოკატებმაც კი არ იცოდნენ და მათ მასალები არ გადასცეს. ივანიშვილი სატელევიზიო ეთერში ამ საქმის დეტალებით აღჭურვილი მივიდა და აცხადებდა, რომ პროკურატურა სწორად იქცეოდა. ეს ადამიანი თავის ინეტერსსა და ჩართულობას არ მალავს. ამ შემთხვევაშიც, პროკურატურა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, თუკი ეს ივანიშვილთან შეთანხმებული არ იქნებოდა. სახეზეა ირაკლი ალასანიას დევნა და ეს მიზეზიც მოძებნილი იქნა, თითქოს, პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში დანაშაული აღმოაჩინა. თუკი ბრალდებულებს კეთილსინდისიერება არ ეყოფოდათ და რაიმეს ალასანიას დააბრალებდნენ, მაშინ, ამას გამოიყენებდნენ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ღირსეულები არიან.

მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ციხიდან გამოვლენ, შესაძლოა, თქვენს პოლიტიკურ გუნდში ვიხილოთ?

- ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მსგავსი აზრი გაჩენილა, მაგრამ თუკი მათ ამის სურვილი ექნებათ, საწინააღმდეგო არაფერი გვექნება.

რაც შეეხება საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, როგორც აფასებთ?

- ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის საჭიროდ არ თვლის, საზოგადოებას დოკუმენტის შინაარსის თაობაზე ზოგადი ინფორმაცია მაინც მიაწოდოს. ჩვენ არ ვიცით, თუ რა მოცულობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და ეს დოკუმენტი თავდაცვის რა სტანდარტს უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ხიდაშელი წინასწარ აცხადებს, რომ არ იტყვის, რა სტანდარტისა და რა მოცულობის საჰაერო თავდაცვის საშუალებების შეძენას მოაწერა ხელი. შეიძლება, თავდაცვის საშუალებები ერქვას რაღაც რადარს და ეს სამოქალაქო ავიაციასაც ჰქონდეს. გასაგებია, რომ სამხედრო სფერო გასაიდუმლოებას ექვემდებარება, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდნარე უნდა ითქვას, თავდაცვის რა სტანდარტის საშუალებებს უზრუნველყოფს ის, რასაც ხიდაშელმა ხელი მოაწერა. ვფიქრობ, რომ ეს მან აუცილებლად უნდა გააკეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას ეუბნებოდნენ, იმ დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა, რომელიც რეალურად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ითვალისწინებდა, დადასტურდება. თუკი ხელისუფლება ამ დოკუმენტს რაღაც დოზით არ გაასაჯაროვებს, მაშინ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების პოზიციაა, ჩვენ თავდაცვის ძლიერი შესაძლებლობები არ გვქონდეს.