დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით,
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხდებენ, ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც თითქმის, 3 თვე გასტანა. ასეთ ვითარებაში პროკურატურას არ გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში, იმ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული წინასასამართლო განხილვა, საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
ამავდროულად, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ წინასასამართლო განხილვისას გადალახულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი ყველა მტკიცებულება ცნობილია დასაშვებად, ანუ კანონის დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებებად.
„შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შემცირებულია ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები. ბრალდებულების მიმართ გამოყენებულმა პატიმრობამ გამოიღო პრევენციული შედეგი, რამაც გამოიწვია მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და ბრალდებულებსა და მოწმეებს შორის არაკანონიერი გარიგებების განხორციელების საფრთხეების შემცირება.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარმა პროკურატურამ მიიღო ამ ეტაპისთვის ერთადერთი სამართლებრივად მიზანშეწონილი გადაწყვეტილება და მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ხსენებული ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით“, - აცხადებენ პროკურატურაში.
აღსანიშნავია, რომ საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება, სადაც მოხდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის განხილვა. დაცვის მხარე მოითხოვს ან გირაოთი გათავისუფლებას, არამედ ბრალდებულების ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას.
რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულების ადვოკატის, ლევან სამუშაიას განცხადებით, ბრალდების მხარე ცდილობს გაანეიტრალოს ის მძიმე შეცდომები, რაც მთელი რვა თვის განმავლობაში დაუშვა.
„პროკურატურას მტკიცებულება არ გააჩნია და ამას ვამტკიცებდით 8 თვის განმავლობაში, რომ არარსებული დანაშაულისთვის იყვნენ ადამიანები პატიმრობაში. გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაული არ არსებობს, პროკურატურამ გააცნობიერა რასთან აქვს საქმე და ხვდებიან, რომ ამ საქმეზე რაიმე სახის მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა გამორიცხულია. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამაინების ყოველგვარი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგან მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშიამ.