კახურ ხორბალს თაგვები იმკიან

კახურ ხორბალს თაგვები იმკიან

[ნიკა ასლანიძე]
საქართველოს ხორბლის მოსავალს ახლა უკვე თაგვები ანადგურებენ და საკმაოდ სწრაფადაც. რაც სტიქიას გადაურჩა, ახლა მღრღნელების არჩივი ხდება. რადგანაც ალოობა უკვე დაწყებულია, მათთან ბრძოლა ვერ ხერხდება. წლის მოსავლიდან შეიძლება გლეხებს უფრო ნაკლები შეხვდეთ, ვიდრე თაგვებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს რაიონში ხორბლის ყანებს უკუდო თაგვი შეესია, რომელიც შემოსულ მოსავალს ანადგურებს. ადგილობრივი ფერმერის ელიზბარ იმერლიშვილის განცხადებით, მღრღნელი ერთ დღეში ანადგურებს მოსავლის იმ ნაწილს, რასაც ჩვეულებრივი თაგვი მთელი წლის განმავლობაში.
ამ ინფორმაციას ადასტურებენ ის კომბაინერებიც, რომლებიც ალაზნის პირას მდებარე ყანებს მკიან.

ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვისა და სურსათის უვნებლობის სამსახურის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უფროსის მერაბ ალადაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა სახეობის თაგვი გავრცელდა.

- “მართალია, თაგვი მოსავალს სწრაფად ანადგურებს, მაგრამ ამ ეტაპზე პრევენციული ღონისძიებების გატარება შეუძლებელია, რადგან ალოობა უკვე დაწყებულია. თაგვის საწინააღმდეგო ღონისძიებები შემოდგომაზე გატარდება”, - განუცხადა ალადაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ფერმერები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დროულ დახმარებას ითხოვენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წლეულს დედოფლისწყაროს ყანებს ჯერ სტიქიამ შეუტია, შემდეგ კი დაავადება “ჟანგა” გაუჩნდა. როგორც ფერმერებმა განაცხადეს, შირაქის ველსა და ტარიბანაში არსებული ხორბლის ნათესები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე იკლებს და ის საკუთარი მოთხოვნილების მცირე ნაწილს აღარ აკმაყოფილებს.

მცირემოსავლიანი იყო 2009 წელიც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, შარშან ფერმერებს ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 1,6 ტონა ხორბალი უნდა აეღოთ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა და იმ გლეხთა რიცხვი, რომლებმაც ჰექტარ მიწაზე 1 ტონაზე მეტი მოსავალი მიიღეს, თითზე ჩამოსათვლელია.

მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, შარშანაც მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა. “დაახლოებით 100 ათასი ტონა ხორბალი მივიღეთ, არადა 200-250 ათასი ტონის მოყვანა იყო ნავარაუდევი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა არაფერ შუაშია, რადგან მოსავალი ყველგან სხვადასხვა დროს მოდის და ერთი კუთხიდან მეორეში ტექნიკის გადასროლა თავისუფლად შეიძლება.

სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული ვართ. მდგომარეობა ერთი და ორ წელიწადში ნამდვილად ვერ გამოსწორდება. ხორბლის მოსავალი ეტაპობრივად, თანდათან უნდა გაიზარდოს”, - აცხადებს სილაგავა.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებას პროგნოზირებენ ესქპერტები. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრის თამაზ კუნჭულიას აზრით, საქართველოს ახლო მომავალში საკუთარი წარმოების ხორბალი აღარ ექნება. მისი თქმით, ქვეყნის ხორბლით მომარაგებაში ადგილობრივი პროდუქციის წილი მხოლოდ 8%-ია და იგი წლიდან წლამდე მცირდება.

ქვეყანაში ხორბლის ნათესები კატასტროფულად მცირდება: 5 წლის წინ ხორბალი 200 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ითესებოდა, დღეს მხოლოდ 50 ათასზე ითესება. მიზეზი კი ისაა, რომ გლეხს მიწის დასამუშავებლად არც ტექნიკა აქვს და არც ფინანსები. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ თუ სახელმწიფო გლეხებს არ დაეხმარება, ხორბალს აღარავინ დათესავს.