„პასუხისგებლობას სთხოვენ იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც სხვები აკონტროლებენ“

„პასუხისგებლობას სთხოვენ იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც სხვები აკონტროლებენ“

იმის დასადგენად, რომელიმე საჯარო მოხელის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რის შედეგადაც დადგა მძიმე შედეგი, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში ვეფხვი თავს დაესხა ოთარ ცუხიშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადობას იმის გამო, რომ უნებლიედ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ მერწმუნეთ, ინფორმაცია ჩვენს მიერ მიღებული იყო ზოოპარკისგან, ასევე, ის გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ უწყებასთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მიწოდება საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ჯანელიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯის დღევანდელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თქმით, ტრაგედიის გამომწვევი პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს.

„დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი ამ ტრაგედიის გამოწვევაზე, ყველა აგებს პასუხს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე თავდაპირველად აცხადებდა, რომ ლომის ბოკვერი, სახელად შუბა, ტყვიით იყო მოკლული, თუმცა მოგვიანებით, „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო დაიხრჩო, თუ მოკლეს შუმბა. გარდა ამისა, თბილისის ზოოპარკის ადამინისტრაცია პირველივე დღეებიდანვე ავრცელებდა განცხადებას, რომ არ ქონდათ ინფორმაცია, რამდენმა ცხოველმა დატოვა ზოოპარკის ტერიტორია, მათ მხოლოდ ქონდათ ინფორმაცია გადარჩენილი და მოკლული ცხოველების შესახებ.

ამასვე ადასტურებს, ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხაურის უფროსის, მზია შარაშიძის განცხადება, რომელიც მან 16 ივნისს გააკეთა. განცხადების მიხედვით ზოოპარკის დირექცია ეძებს ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ აფთარს.

შესაბამისად, გაუგებარია მინდია ჯანელიძის განმარტება და კონკრეტულად ზოოპარკის დირექციის რომელ განცხადებას დაეყრდნო მისი უწყება, როცა განაცხადა, რომ ქალაქში არც ერთი მტაცებელი აღარ იყო. მით უფრო გაუგებარია ზოოპარკის დირექტორის აღიარება და მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

მას შემდეგ, რაც „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში ვეფხვი თავს დაესხა ოთარ ცუხიშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს ზოოპარკის დირექტორი.

დაკითხვიდან გამოსული ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია ჩემი შეტყობინების შემდეგ, რადგან ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ამ დროის მონაცემებით, ზოოპარკის დირექტორისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. თუმცა, მას განმეორებით დღესვე დაკითხვენ. გურიელიძის დაკითხვის პარალელურად, მთავრობის კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

და მაინც, ვინ არის პაუხისმგებელი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვაზე, ზოოპარკის დირექტორი, რომელიც ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა, თუ კრიზისების მართვის საბჭოს ხელძღვანელი, რომელიც უშუალოდ კურირებს მიმდინარე პროცესებს?

იურისტის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ვითარება არ იმართება სიტუაციის ადეკვატურად.

„კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მან ინფორმაცია გადაამოწმა, მაგრამ რაში გამოიხატება გადამოწმება - შსს-ს დავურეკე და იგივე ინფორმაცია ჰქონდათ ზოოპარკის ადმინისტრაციიდანო, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ვითარება არ იმართება სიტუაციის ადეკვატურად. როდესაც მტკიცებით ფორმაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ არიანო, ეს არის გამოუცდელობის და ნაკლები კომპეტენტურობის ბრალი. არც ერთ ქვეყანაში ასეთი ინფორმაციას ასეთ მტკიცებით ფორმაში არ ავრცელებენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებელი ვერ იქნება ზოოპარკის ხელმძღვანელობა, რადგან ის არ იყო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.

„ჩვეულებრივ პირობებში, ამდაგვარ შემთხვევაზე პასუხისმგებელი იქნებოდა ზოოპარკის დირექტორი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ფიზიკურად განადგურებულია ზოოპარკი, იქ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ სხვები. კერძოდ, იმ ტერირორიაზე მობილიზებული იყო თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამსახურები და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სწორედ ისინი იყვნენ. ახლა გამოდის, რომ პასუხისგებლობას სთხოვენ იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელი დაწესებულებაც მოშლილია და რომელსაც სხვები აკონტროლებენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.