პრემიერი ბოდიშს იხდის, მთავრობა კი დამნაშავეს ეძებს

პრემიერი ბოდიშს იხდის, მთავრობა კი დამნაშავეს ეძებს

თბილისში 43 წლის ოთარ ცუხიშვილი სტიქიას გადაურჩა, რომელიც ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხმა იმსხვერპლა. მთავრობა მომხდარში ირიბად ზოოპარკის ადმინისტრაციას ადანაშაულებს, მთავარმა პროკურატურამ კი, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„ლაგუნა ვერეზე“ დღეს განვითარებული მოვლენების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირი ჩაატარა და იმის გარკვევას შეეცადა, ზოოპარკში დამხრჩვალი და გადარჩენილი ცხოველების რაოდენობასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვინ გაავრცელა - მინისტრებმა, თუ ზოოპარკის ადმინისტრაციამ.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ თათბირს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი მინდია ჯანელიძე, მთავარმა პროკურორი გიორგი ბადაშვილ და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

ჯანელიძე ირწმუნება, რომ ცხოველების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას კრიზისების საბჭო ზოოპარკის, შსს-სა და მერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, გომელაური კი აცხადებს, რომ „ლაგუნა ვერეზე“ მომხდარ ფაქტს, ალბათ, ვერ გაექცეოდნენ.

მთავრობის წევრების განცხადებების მოსმენის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა უწყებებს მოუწოდა, ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეყრდნონ. ღარიბაშვილის შეფასებით, დღეს საშინელი და საზარელი ფაქტი მოხდა, რაც აღმაშფოთებელი და საზარელი ფაქტია.

პრემიერი რამდენიმე დღის წინ, საგანგებო შტაბის სხდომაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს:

„საგანგებო შტაბი ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაეფუძნა იმის თაობაზე, რომ ქალაქში მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ და, რომ ისინი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოდგენენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავს ძალიან შეწუხებულად ვგრძნობ და მინდა, საზოგადოებას ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოვუხადო მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციას ეყრდნობოდა. მან საგანგებო შტაბსა და შსს-ს არაერთხელ განუცხადა, რომ გარეთ ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომელმაც არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის წარდგენა მინდია ჯანელიძეს მოსთხოვა.

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მტკიცებით, ცხოველების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისას საბჭო ზოოპარკის, შსს-სა და მერიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია შტაბში შევიდა, რომელიც გავრცელებული იყო სხვადასხვა უწყებებში.

„ორშაბათს, საბჭოში ინფორმაცია შემოვიდა, რომ მტაცებელი ცხოველები უკვე ზოოპარკს მიღმა აღარ არიან. მაშინ, ეს ინფორმაცია არ გავავრცელეთ და მთელი დღის განმავლობაში, ზოოპარკთან და შსს-თან გადავამოწმეთ. შსს-ს აბსოლუტურად იგივე ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ანგარიშში არ მოხვედრილა. ზოოპარკის დირექტორმა არაერთხელ განაცხადა როგორც ღია ეთერში, ასევე კომენტარებში, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკის ტერიტორიის მიღმა არ იყვნენ. ჩვენთან ინფორმაციის მობილიზება ხდება. ჩვენ ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რაც აქვთ უწყებებს - ეს იყო ზოოპარკი, შსს და მერია“, - განმარტა ჯანელიძემ, რომლისგან განსხვავებით, თავი შს მინისტრს არ უმართლებია.

ვახტანგ გომელაურის მოსაზრებით, განცხადება იმის თაობაზე რომც არ გაკეთებულიყო, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ არიან, დღეს მომხდარ ფაქტს, ალბათ, ვერავინ გაექცეოდა.

გომელაურის განმარტებით, მეორე დღე იყო, როდესაც თქვეს, რომ რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არის დაკარგული - ორი ლომი, სამი ვეფხვი და ა.შ.

„როცა წყალმა დაიწია, ეს ცხოველები მკვდარი ვოლიერებში ნახეს. გუშინ საღამოს, ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელი დამიკავშირდა და მითხრა, ბატონო ვახტანგ, ხომ არ შევამსუბუქოთ ეს პრევენციული ღონისძიებები ცხოველების ძიებასთან დაკავშირებითო. რატომ- მეთქი,? პირადად დირექტორმა განაცხადა, რომ აღარცერთი ცხოველი დაკარგული არ გვყავს, ზოგი მკვდარია, ზოგი ცოცხალია და ვოლიერებშია გადაყვანილიო. ჩვენ რამდენიმე ჯგუფი მაინც დავტოვეთ და ყოველთვის მობილიზებული იყვნენ“, - აღნიშნა გომელაურმა.

ძალოვანი მინისტრის მტკიცებით, სამძებრო ღონისძიებები მაინც გრძელდებოდა და დღევანდელი ტრაგედიის ადგილი არაერთხელ იყო შემოწმებული.

„ლაგუნა ვერეზე“ იყო საწყობი, რომელიც იყო დაკეტილი.

მას აქვს გისოსები, რკინის კარები, იქ წყალი იდგა და მას თუ პატრონი არ გააღებდა, ვეფხვი შიგნით თვითონ ვერ მოხვდებოდა. თუმცა, წყალმა რომ დაიწია, ქვევით სარდაფი აღმოჩნდა, თუ როგორ აღმოჩნდა შიგნით ვეფხვი, ახლა მუშაობენ და ნახავენ. ეს განცხადება რომ არ გაკეთებულიყო, ალბათ, ამ ფაქტს მაინც ვერ გავექცეოდით. საწყობში დასალაგებლად რვა მუშა შევიდა და ერთზე თავდასხმა მოხდა“, - დასძინა გომელაურმა, მის საპასუხოდ კი, ღარიბაშვილმა მთავარ პროკურატურას საქმეზე გამოძიების წარმოება დაავალა.

გიორგი ბადაშვილის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მთავარი პროკურორის ცნობით, ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რაც პროკურატურას საშუალებას მისცემს, ობიექტურად დაადგინოს, რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა.

რაც შეეხება ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს, ის დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მედიის წარმომადგენლებთან საუბარში გურიელიძე აცხადებს, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა.

„ამის მიუხედვად, შსს ტერიტორიებზე პატრულირებდა, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს ინფორმაცია გაავრცელეს, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, - აღნიშნავს გურიელიძე.

მაშინ, როდესაც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი თათბირს ატარებდა, ხოლო გურიელიძე მედიას კომენტარს აძლევდა, ყოფილი რიგის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის წინ, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც არსებული ინფორმაციით, შენობის სარდაფში მტაცებელს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ეს ვეფხვია თუ სხვა მტაცებელი.