ცხრა თვიანი პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა. თინა ხიდაშელის განცხადებით, პირობები მაქსიმალურად მომგებიანია ქვეყნისთვის, რომელიც მოემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას.
„დღეს დავასრულეთ პირველი ეტაპი ფრანგებთან მოლაპარაკების და გაფორმდა ხელშეკრულება, რომელზეც ამდენი საუბარი იყო საქართველოში. მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საფრანგეთში გუშინ ხელმოწერილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“, რომლებიც ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების განხილვას ნდობის ჯგუფის ფორმატში ითხოვენ. ისინი მიმართავენ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებისთანავე შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი და იქ მოისმინონ კონკრეტულად რას მოეწერა ხელი. ირაკლი ალასანიას თანაგუნდებელი თვლიან, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა იცოდნენ კონკრეტულად რა ხელშეკრულება გაფორმდა, რა ვადებზეა საუბარი და ზოგადად, როგორ გაძლიერდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელმა საფრანგეთში რაღაცას მოაწერა ხელი, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა 100%-ით იდენტური იმ ხელშეკრულებისა, რომელზედაც მუშობდა ირაკლი ალასანია. თუ ასეა, მაშინ ძალიან კარგია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. მაგრამ, თუკი ეს არ არის ის ხელშეკრულება და არის მხოლოდ მისი რაღაცა ვარიანტი, ან ხელი მოწერილი აქვს მხოლოდ მის ზოგიერთ ელემენტზე, მაშინ უნდა გავიგოთ დეტალები, რას მოეწერა ხელი და იმის მიხედვით გაკეთდება შეფასება“, - აცხდებს მაია ფანჯიკიძე.
საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს გამოეხმაურა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორც მინდია ჯანელიძე აცხადებს, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს, თავდაცვით შეიარაღებაზე ხელშეკრულება არ არსებობდა. შესაბამისად, კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ვერ იქნებოდა.
„ამ მიმართულებით სრული მოცულობით მიმდინარეობდა მუშაობა და შედეგი არის სახეზე. რაც შეეხება იმას, თუ რა არის ხელმოწერილი, ხელშეკრულების შინაარსი არის სახელმწიფო საიდუმლო და ამაზე არც თქვენ გირჩევთ საუბარს და არც მე ვაპირებ საუბარს. ჩემი თავდაცვის სამინისტროში მისვლის დროს ხელშეკრულება არ არსებობდა და იყო მხოლოდ განზრახულობათა წერილი, რაც ორი სხვადასხვა დოკუმენტია. ხელშეკრულების პროექტი მომზადდა ჩემი მინისტრობის დროს და მისი ხელმოწერა მოხდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს და ეს არის რეალობა.
განზრახულობათა დოკუმენტი თავისი შინაარსით არის მხარეების კეთილი ნება, რომ მათ საუბარი დაიწყონ გარკვეულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. იქ არანაირ კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ორ მხარეს შორის დაწყებულიყო დიალოგი, რაც შეიძლება დამთავრებულიყო შეთანხმებით, როგორც ახლა მოხდა, ან ვერ დამთავრებულიყო შეთანხმებით. კარგია, რომ შეთანხმებით დასრულდა“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ხელშეკრულების შინაარსი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ხელშეკრულება მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღების განმტკიცებას ეხება. დავით უსუფაშვილი აქვე ამბობს, რომ საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულება დედამიწის ზურგზე საფრთხეს არავის უქმნის.
„ყველა მინისტრმა ძალიან კარგად შეასრულა მისი საქმე და დამაგვირგვინებელი შეთანხმების გაფორმება გახდა შესაძლებელი, თუმცა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება შეთანხმების დადებით არ ხდება და საჭიროა მისი შესრულება, რომელიც გრძელვადიანი პროცესია. მგონი, ეს სწორი მიმართულებით სწორად გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანას თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება სჭირდება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენი თავდაცვითი შეიარაღება სერიოზულად იქნა დაზიანებული და მას ეტაპობრივი აღდგენა სჭირდება.
მოგეხსენებათ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ არ ხდება და აქ კონსულტაციები იყო ნატოს წევრ სახელმწიფოებთან და სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან. ასე რომ, ეს ფაქტი მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როცა შეიარაღება მწყობრში იქნება და თავს კიდევ უფრო მეტად დაცულად ვიგრძნობთ. ეს მხოლოდ თავდაცვითი შეიარაღებაა, რომელიც დედამიწის ზურგზე დამატებით საფრთხეს არავის უქმნის და მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას აამაღლებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საერთაშორისო საკითხებში ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, როდესაც მსგავს ხელშეკრულებას ეწერა ხელი, მას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ ქვეყანამ მიიღოს არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ აითვისოს ანტისარაკეტო სისტემა.
„ჩვენ არ ვიცით რას მოეწერა ხელი. შეიძლება მოხდა ორმხრივი ნების დაფიქისრება, რომ იმუშაონ ამ ანტისარაკეტო სისტემის შექმნაზე. რა თანხაში და რამდენი ხანში გაიწელება, ეს უკვე სხვა საკითხია და ასე მარტივად ვერ გავიგებთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება პიარად, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი პროდასავლურია და ხელი მოაწერა საფრანგეთთან არსებულ ხელშეკრულებას.
როგორც ხელმოწერამდე ვიყავით, ზუსტად ისე ვართ ხელმოწერის შემდეგაც. ჯერჯერობით არაფერი იცვლება და ვერც შეიცვლება. როგორც ვიცი ალასანიას ამ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოაწერინეს იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. თუ ალასანიას დროს იყო ძვირი, ხიდაშელს არ გაუიაფებდნენ, ეს სისტემა დარჩება ძვირ სიამოვნებად. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ ეს სისტემა ავითვისოთ“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
კითხვაზე, რა ვადებში შეძლებს საქართველო თავდაცვითი შეიარაღების ათვისებას, შარაშენიძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია თავდაცვის სამინისტროზე, როგორ ჩადებს რესურსებს სწორედ განათლებაში და წვრთნაში.
„ჩემი აზრით, ნაკლები ფული უნდა გადაიყაროს მძიმე ტექნიკის შეძენაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავდაცვითი სისტემის განვითარება, განათლება და წვრთნა ჩვენი ოფიცრების. ამიტომ, აუცილებელია თანხები განაწილდეს სწორად. განათლებული ოფიციერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. მივესალმები, რომ ამ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ გაკეთდა პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად, რომ საქართველომ გადაუხვია პოლიტიკურ კურსს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე და აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვითი სისტემა გავაძლიეროთ, ოღონდ აფიშირების გარეშე.