„ინდეფენდენთი“ შეშფოთებულია - ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს

„ინდეფენდენთი“ შეშფოთებულია - ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ ავსტრალიურ სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, ისლამისტები ფლობენ საკმარის რადიოაქტიურ მასალას ატომური ბომბის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ჯიჰადისტებმა მასობრივი განადგურების იარაღის განვითარების ამბიციების შესახებ უკვე განაცხადეს. უფრო ადრე ამას წინ უძღოდა ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაცია. კერძოდ, მათ გააფრთხილეს მსოფლიო, რომ ისლამისტებს ბირთვული იარაღის მიღება პაკისტანიდან შეეძლოთ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ერაყისა და სირიის რეგიონების დიდ ნაწილს უკვე აკონტროლებს და მათ მიზანს ახლო აღმოსავლეთში ხალიფატის შექმნა წარმოადგენს, მათი მხრიდან მომავალი საფრთხე კვლავაც აქტუალური რჩება კავკასიისთვის.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აშშ-ში გამომავალი ავტორიტეტული გამოცემა, სახელწოდებით „ლიგნეტი“ ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობით სერიოზულად შეშფოთებულია. აღსანიშნავია, რომ ამ სოლიდურ გამოცემაში ძირითადად ტერორიზმის ყოფილი ექსპერტები, სამხედრო ანალიტიკოსები, სპეცსამსახურებში მოღვაწე ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით ისლამისტებს მართლაც აქვთ წვდომა.

უფრო მეტიც, ისლამურმა სახელმწიფომ ბევრი მეცნიერ-ქიმიკოსი ჩაიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან, ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით ისლამისტებთან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და შეიძლება, ეს იარაღი მათ სულ რამდენიმე თვეში ჰქონდეთ. არის შესაძლებლობა, რომ გაკეთდეს ე.წ. ბინძური ბომბიც, ანუ ბინძური იარაღი. ეს არის ძირითადად სამედიცინო მოხმარებისთვის გამოყენებული, რადიაციული ნივთიერებებისგან დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც აზიანებს მთელ გარემოს. სავარაუდოდ, ისლამისტები ნიგერიიდან აპირებენ ამ ნივთიერებების ჩამოტანას და, პარალელურად, მესამე ვარიანტზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ პაკისტანიდან მიიყვანონ ბირთვული ქობინები.

„მოგეხსენებათ, პაკისტანში ცუდი სიტუაციაა, პაკისტანს აქვს ატომური შეიარაღება. საფრთხე არსებობს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ ხელში ჩაიგდოს ქიმიური და ბირთვული იარაღი. ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ ეს იარაღი? დაახლოებით ერთი კვირის წინ ისრაელში ჩატარდა სამხედრო სწავლება სწორედ ამ სამედიცინო მოხმარებისთვის გამოყენებადი ნივთიერებებისგან შემდგარი ბინძური ბომბის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ისლამისტების მთავარი სამიზნეა ისრაელი, აშშ, ევროპის ქვეყნები, რომლებიც საჰაერო დარტმების კოალიციაში შედიან. ისლამისტები აპირებენ, შეტევა მიიტანონ დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, რათა მათ შეწყვიტონ საჰაერო დატყმები“, -აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა და განმარტა, რომ კავკასიის რეგიონიც მათი სამიზნეა, ბევრი საველე მეთაური საქართველოს მოქალაქეა, მაგალითად, ჩატაევი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ამირია. ასე რომ, ჩვენც ვართ ამ საფრთხის ქვეშ და ისლამისტებმა შეიძლება, საქართველოდან განახორციელონ შეტევა რუსეთზე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ საფრთხის აღსაკვეთად მსოფლიოს ცივილიზებულმა ნაწილმა ერთმანეთში უნდა გაცვალოს სადაზვერვო ინფორმაცია და უფრო მყარი კოალიცია შექმნას არა მარტო ისლამური სახელმწიფოს, არამედ, საერთოდ, ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ. დაახლოებით, ეს ისეთივე კოალიცია უნდა იყოს, როგორც 2002 წელს თალიბების წინააღმდეგ მებრძოლთა კოალიცია, როცა თითქმის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ამ ერთობას და გერმანიაც კი იღებდა მონაწილეობას ავღანეთის ოპერაციაში.

თუმცა პრობლემა სხვა რამეშიცაა. სოსო ზაალიშვილის თქმით, ისლამური ფული იმდენად დიდია, რომ ისლამისტებმა აღმოაჩინეს დასავლურ პოლიტიკაში სუსტი წერტილი და ლობისტების დახმარებით ახერხებენ თავიანთი ინტერესების გატარებას აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში. სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება ძლიერი კოალიციის შექმნა, რომელიც დაამარცხებდა ისლამურ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა გააკეთა განცხადება, თითქოს თვეების განმავლობაში ათი ათასამდე ისლამისტი მებრძოლი გაანადგურეს საჰაერო დარტყმებით, ეს ინფორმაციაც არასწორი და გადამეტებულია.

For.ge-სთან საუბარში ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ისლამური სახელმწიფოს მიერ ატომური ბომბის შექმნის შესაძლებლობას რეალისტურად მიიჩნევს. მისი თქმით, ისლამური ხალიფატი ფინანსურად, პოლიტიკურად ბევრად უფრო ძლიერი სტრუქტურაა, ვიდრე „ალ ქაიდა“, თანაც, „ალ ქაიდასაც“ ჰქონდა ამის მცდელობა, შეექმნა რადიოლოგიური ბომბი, ანუ ჭუჭყიანი ბომბი, რომელსაც შეუძლია არა მარტო შექმნას რადიაციული ფონი, არამედ მოიტანოს მძიმე შედეგები.

მის კონცენტრაციას შეიძლება ხიროსიმას მსგავსი მძიმე შედეგი მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს საფრთხე ხიროსიმაზე უფრო ნაკლები იქნება, მაგრამ დანაკლისს ვერ აანაზღაურებს. ამავე დროს, ისლამურ ხალიფატს გააჩნია ამ ბირთვული, ბიოლოგიური იარაღის გადამტანი სამხედრო-ტექნიკური საშუალებებიც. მათ გაუჩნდათ ტაქტიკური ტიპის სარაკეტო საშუალებებიც, რომელთა გადატანის სიშორეც არის ათას კილომეტრამდე და, რაც ყველაზე მთავარია, ისლამურ ხალიფატს ჰყავს შაჰიდები, რომელთაც შეუძლიათ, განახორციელონ ასეთი ბომბის აფეთქება, რადგან შაჰიდების გამოცნობა და დაფიქსირება ურთულესი საქმეა. ანუ მათი გადამტანი საშუალებები ცოცხალი ადამიანი-გადამტანები არიან.

„ისლამურ ხალიფატს გააჩნია დიდი რაოდენობით თანხა და მას შეუძლია, დაამყაროს ურთიერთობა სხვა კრიმინალური სტრუქტურის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც ამ ტიპის შეიარაღების კომპონენტებს მათ გადასცემენ. რუსეთის მაგალითს მოვიყვან, შემთხვევითი არ არის, რომ ისლამურმა ხალიფატმა სწორედ კავკასიის მიმართულება შეარჩია, მათი მხრიდან შეტევა გამიზნულია რუსეთისკენ, რუსეთში არსებული მაღალი კორუფციული ფონი იძლევა საშუალებას, რომ რადიოლოგიური ტიპის ბომბი მიღწეულ იქნას კორუმპირებულ ჩინოვნიკთა მეშვეობით. მათ თანხა რომ მისცენ, ყველაფერს გააკეთებენ. ამავდროულად, საუდის არაბეთიც აპირებს, შექმნას ბირთვული იარაღი და გახდეს ბირთვული კლუბის წევრი. ეს გასაკვირი არ იქნება, საუდის არაბეთშიც არიან კლერიკალური დაჯგუფებები და კლანები, რომლებიც უშუალოდ აფინანსებენ ისლამურ ხალიფატს, ისევე, როგორც თავის დროზე ეხმარებოდნენ „ალ ქაიდას“. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ისლამურმა ხალიფატმა პირველად დარტყმა განახორციელა ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან. ამ კუთხით საქართველო შეიძლება გახდეს ტრანზიტული საშუალება, საიდანაც რადიოლოგიური ტიპის საშუალებებს გადაიტანენ ხალიფატის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. რამდენადაც ვიცი, ისლამურმა ხალიფატმა შექმნა სპეციალური ბირთვული კვლევების ინსტიტუტიც, სადაც უკვე დაიწყო ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.