დედაქალაქის ბაზრებში კამეჩისა და ხარის ხორცი მომრავლდა

დედაქალაქის ბაზრებში კამეჩისა და ხარის ხორცი მომრავლდა

[რეზონანსი]

«ბაზარში ხორცი ვიყიდე, მითხრეს, რომ ხბოს ხორცია, მაგრამ როდესაც სახლში მოვიტანე, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვხარშავდი და კარგად მაინც ვერ მოიხარშა», - ჩივიან თბილისელები და ვარაუდობენ, რომ დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში ძროხის ხორცის ნაცვლად, კამეჩისა და ხარის ხორცი იყიდება. ამასვე ადასტურებენხორცის გამყიდველებიც, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში კამეჩისხორცის სარეალიზაციოდ ძალიან ხშირად შემოდის.

სურსათის უვნებლობის, ვეტერინაციისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურში კამეჩისა და ხარის ხორცის რეალიზაციაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ როგორც ძროხის, ასევე კამეჩის ხორცი საქონლის ჯიშს განეკუთვნება და მისი ჭამა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. რაც შეეხება სარეალიზაციოდ გამოტანილი ხორცის შემოწმებას, სურსათის უვნებლობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

თბილისის აგრარულ ბაზრებში ხშირად ნახავთ, რომ საქონლის ხორცი მუქი ფერისაა, ასეთი ხორცის ყიდვის შემთხვევაში კი აღმოაჩენთ, რომ მის მოხარშვას ძალიან დიდი დრო სჭირდება. სპეციალისტების თქმით თუ ხორცი გვიან იხარშება ის ან დაბერებული საქონლისაა, ან ხარის და კამეჩის. ხარისა და კამეჩის ხორცი მართალია, ორგანიზმისთვის მავნე არ არის, თუმცა სპეციალისტების თქმით, კუჭს ამ ხორცის გადამუშავება ძალიან უჭირს.

«რამდენიმე დღის წინათ ვიყიდე ხორცი, გამყიდველს კარგად ავუხსენი, რომ პატარა ბავშვისთვის მინდოდა და ახალი ხორცი მოეცა. სახლში მივიტანე და თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვხარშე, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ მოვხარშე ისე, რომ 2 წლის ბავშვს მისი ჭამა შეძლებოდა. მეორე დღისით გავედი და გამყიდველს ვთხოვე აეხსნა თუ რისი ხორცი მომყიდა. საბოლოოდ გამოტყდა, რომ ხორცი კამეჩის იყო», - უთხრა «ბიზნეს-რეზონანსს» თბილისელმა ნათელა ხარხელაურმა.

იყიდება თუ არა კამეჩისა და ხარის ხორცი ბაზრში ანსუპერმარკეტებში, ამაზე კონკრეტული პასუხი სურსათის უვნებლობის სამსახურში არ აქვთ.

«არ არსებობს რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიცკამეჩის და ხარის ხორცის სარეალიზაციოდ გამოტანას კრძალავს.კამეჩიც, ხარიც, ძროხაც, ხბოც საქონლის ჯიშს განეკუთვნება დამისი მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში არ არის.

რაც შეეხება შემოწმებას, ყველა აგრარული ბაზარი თუ სუპერმარკეტი ვალდებულია, რომ ჰქონდეს ლაბორატორია და სარეალიზაციოდ გამოტანამდე ეს ხორცი შეამოწმონ და ამასთან, გასცენ სპეციალური ნებართვაც. ხორცის შემოწმება კი ყოველდღიურ რეჟიმში ხდება», - განუცხადეს «ბიზნეს-რეზონანსს» სურსათის უვნებლობის სამსახურში.

კამეჩისა და ხარის ხორცის საკვებად გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე. თუმცა, სიმცირის გამო, გამორიცხავს, რომ თბილისის ბაზრებში ამ ხორცის რეალიზაცია ხდებოდეს.

«კამეჩისა და ხარის ხორცის რეალიზაცია ნებადართულია, მაგრამ არ არის იმდენი რაოდენობით, რომ ბაზარში ბევრი იყიდებოდეს. მაგრამ, თუ ეს ასეა მომხმარებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ რის ხორცს ყიდულობს - არის ეს კამეჩის, ძროხის, ხბოს თუ ხარის ხორცი. როდესაც ეს ეცოდინება, თავად მომხმარებელი გადაწყვეტს, რომელი შეიძინოს. პრობლემა ისაა, რომ ხალხმა არ იცის, რის ხორცს ყიდულობს.

რაც შეეხება ხორცის ხარისხს, ადრე ჩვენს სამსახურში ძალიან ბევრი ზარი ფიქსირდებოდა, ხალხი უჩიოდა ხორცის ხარისხს და გვთხოვდა, რომ შეგვემოწმებინა. დღეს, პრაქტიკულად, ასეთი ზარები არ ფიქსირდება, ყოველ შემთხვევაში, ხორცის ხარისხთან დაკავშირებით», - განუცხადა «ბიზნეს-რეზონანსს» მადონა კოიძემ.

რაც შეეხება თავად ხორცს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. ხორცი შეიცავს უამრავ ნუტრიენტს, საკვების შემცვლელ ნივთიერებებს, შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, უმნიშვნელო რაოდენობით ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს. ცხოველური ცხიმის მიღება კი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში 50% ცხოველური და 50% მცენარეული ცილა უნდა მიიღოს. როდესაც ადამიანი ამ ნივთიერებებს ითვისებს, ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ცილებისა და ცხიმების ადაპტაციური შესაძლებლობები.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, თვითონ ცხოველური ცილა შეიცავს რამდენიმე ასეულ ამინომჟავას, საიდანაც 8 მათგანი ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია, 10 კი ბავშვისთვის, რათა მისი სწორი განვითარება მოხდეს. თუ ამ ცილას ადამიანი არ მოიხმარს და თანაც ხანგრძლივად, წარმოიქმნება ცილაენერგეტიკული დეფიციტი, რაც ადამიანის ნაადრევად დაბერებას, ანუ ნაოჭების გაჩენას, კანის ფერის დაკარგვას და სხვა პროცესებს იწვევს. ეს პროდუქტი აქტიურ როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

«მცენარეული ცილებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ ისინი იქ ლიმიტირებულია. ამიტომ აუცილებელია, რომ ადამიანმა ხორცი ან ხორცპროდუქტი მიიღოს. ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა დღეში მინიმუმ 50-100 გრამი ხორცის მიღება. საერთო ჯამში კი საჭიროა, ერთ კვირაში, დაახლოებით, ერთი კილოგრამი ხორცპროდუქტის მიღება. აქ მნიშვნელობა არ აქვს საქონლის ხორცი იქნება ის თუ ქათმის. მთავარია, რომ ადამიანის, განსაკუთრებითკი ბავშვის ორგანიზმმა ეს პროდუქტი მიიღოს. თუ არ მოხდა ამ ნივთიერების კვების რაციონში გამოყენება, მაშინ ცხადია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგება», - ამბობენ სპეციალისტები.