თბილისის საკრებულოს ფუნქციები ეზღუდება

თბილისის საკრებულოს ფუნქციები ეზღუდება

დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს ძირითადად თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება. „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თბილისის საკრებულო აღარ დაამტკიცებს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. 

უქმდება კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, რომელთა მიხედვითაც, თბილისის მთავრობა საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ. ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილებაა, რომ დედაქალაქის მთავრობას თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოხსნა-დანიშვნაზე თბილისის საკრებულოს თანხმობა არ დასჭირდება.

თბილისის ვიცე მერის, დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებით, კანონპროექტის მომზადების დროს მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული დღეს არსებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი. ვინაიდან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი განკარგვის წესი და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი იყოს სინქრონიზირებული როგორც განმარტების ნაწილში, ასევე ტერმინოლოგიის ნაწილშიც. მისივე თქმით, ყველა ახალი განკარგვით ქონების გასხვისებისას საკრებულოს თანხმობაა საჭირო და შესაბამისად, საკრებულო არის მაქსიმალურად ჩართული როგორც პირდაპირ განკარგვაში, ასევე გაცვლაში. 

„წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მუნიციპალიტეტის მუშაობა და მასში ჩართულობა. საკანონმდებლო ცვლილებები გამოწვეულია იმ საჭიროებიდან, რომელიც დღეს დედაქალაქს გააჩნია. როგორც ცნობილია, დედაქალაქში დღეს გენერირდება მთელი ჩვენი ქვეყნის შიდა პროდუქტების თითქმის ნახევარი და შესაბამისად იმ სამეურნეო საქმიანობისათვის, რომელიც ამ ქალაქშია განსახორციელებელი, საჭიროა მრავალი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ეფექტურები.

ჩვენ რეალურად უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას ის სერვისები, რომელიც არის მოთხოვნილი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, ძლიერდება როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ძლიერდება ჩართულობა, რომელიც არის მოთხოვნილი დღეს საზოგადოებიდან. ყველა იმ დამატებით განკარგვის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია ქონების ნაწილში, საკრებულოს ჩართულობა არის მაქსიმალური და ყველა წარმოდგენილ ახალ ფორმაში იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობაც“, - განმარტავს დიმიტრი ქუმსიშვილი.

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი გია ჟორჟოლიან აცხადებს, რომ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების უმთავრესი ამოცანაა, ინვესტორების მოზიდვა, ახალი ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, რაც თავის მხრივ ქონების განკარგვის წესებსა და თბილისის მერიის მიერ მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებას უკავშირდება. 

„ამისთვის რამდენიმე არსებითი, პრინციპული ცვლილებება შემოგვაქვს, რომელიც ამ ეფექტურობას ხელს შეუწყობს. პირველი, ეს არის ქონების განკარგვისას პროცედურების გამარტვივება და ახალი ფუნქციების დამატება. ცხადია, ეს საკრებულოს შესაძლებლობას არ ზღუდავს, გაუწიოს ზედამხედველობა მერიის ნებისმიერ საქმიანობას, მათ შორის ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამასთან, ეს მხოლოდ აუქციონის ფორმით ქონების განკარგავს ეხება, ყველა სხვა ფორმაში და, ზოგიერთი მათგანი ახალი ფორმაა, საკრებულო ჩართული იქნება.

ეს ეხება პირდაპირი განკარგვის წესს, რა პრივილეგიაც აქამდე მხოლოდ მთავრობას ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის უფლებამოსილება თბილისის მერიას უნდა გააჩნდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ხედვა კოორდინირებული და ჰარმონიზებული უნდა იყოს, პროექტით პარლამენტს ვთავაზობთ მექანიზმს, რომლის მიხედვით აღნიშნულ პროცესს წამოიწყებს მერია, განიხილავს საკრებულო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვება მთავარობა. ამისათვის, საკრებულოს და მთავრობის თანმხობა იქნება საჭირო. ეს არის მერიის ახალი ფუნქცია, რაც მას აქამდე არ ჰქონდა“, - აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი თამა ცინცაბაძე „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებაში საკრებულოს როლის შესუსტებად მიიჩნევს.

„სულ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც ეს კანონი, როგორც ძალიან პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი, მივიღეთ. თუ კი ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენიმე თვეში კანონში ცვლილების შეტანა არ უნდა მომხდარიყო. როგორც ცვლილებების ავტორები ასახელებენ და ამას ეთანხმებიან მერიის წარმომადგენლები ეს კეთდება იმისთვის, რომ არ შეფერხდეს მერიის მუშაობა და თუ თბილისის მერია ვერანაირ სხვა ხარვეზს ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ საკრებულო აფერხებდა მის მუშაობას, კარგად ყოფილა თბილისის საქმე. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეს ნიშავს, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების ზედამხედველობა, მათი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებაში უნდა შესუსტდეს“, - აცხადებს თამარ ცინცაბაძე. 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ინიცირებულ ცვლილებებს მხარს არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უჭერენ. როგორც ირაკლი აბაესაძე აცხადებს, ინიცირებული კანონპროექტით მთლიანად ხდება საკრებულოს კომპეტენციების შეზღუდვა.

„საკრებულოს არ ექნება უფლებამოსილება, შეითანხმოს მაგალითად, არქიტექტურის სამსახურის უფროსის კანდიდატურა, ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კანდიდატურა, ამასთანავე მნიშვნელოვნად იზრდება თბილისის მთავრობის მიერ ასაღები სესხის სავარაუდო მოცულობის შესაძლებლობა. სახეზეა საკრებულოს ფუნქციის დისკრედიტაცია, ხდება საკრებულოს კომპეტენციების შეზღუდვა“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.