დეპუტატების „ოჯახური მდგომარეობით“ შეწუხებულმა უსუფაშვილმა რეგლამენტის გამკაცრების ბრძანება გასცა

დეპუტატების „ოჯახური მდგომარეობით“ შეწუხებულმა უსუფაშვილმა რეგლამენტის გამკაცრების ბრძანება გასცა

პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომებს „ოჯახური მდგომარეობის“ მოტივით ვეღარ გააცდენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩ დეპუტატებს ფინანსური სანქციები ემუქრებათ.

რეგლამენტში არსებული ჩანაწერების გამკაცრების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დაგვიანებით მიიღო. for.ge-მ სპიკერს საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ კვორუმის პრობლემასა და დეპუტატების მანიპულაციებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მიაწოდა, მაგრამ მაშინ, უსუფაშვილმა „რჩევა“ მოგვცა - კანონმდებლების „კვალდაკვალ“ გვევლო და გაგვერკვია, ვინ სად იყო.

„ევროპულ ქვეყნებში მედიისა და არასამთავროების პროექტი - პარლამენტის „კვალდაკვალ“ მინახავს. დანარჩენს თავად მიხვდით! თუ დეპუტატი სხდომას არ ესწრება, ტელევიზიები ხართ, ჯგუფები გყავთ და იმის გარკვევა შეგიძლიათ, დეპუტატი სად არის ოჯახში თუ სხვაგან. ბევრი არასამთავრობო ორაგანიზაცია დადის და ირკვევს - თუ სად არის დეპუტატი. ის საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. თუ რეგლამენტის ჩანაწერს გავამკაცრებთ, იქნება სწორი და კარგი, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოხსნის. დეპუტატებს ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს და მეტი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება შეგვიძლია“, - 2013 წელს ასე მიმართა for.ge-ს უსუფაშვილმა, რომელიც 2015 წლის ივნისში ყურადღებას უკვე რეგლამენტის გამკაცრებაზე ამახვილებს.

კვორუმის პრობლემით შეწუხებულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, სხდომების გამცდენი ათი „რეკორდსმენი“ დეპუტატის სია წარადგინა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარეს, გიორგი კახიანს რეგლამენტიდან სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზთა ნუსხიდან - „ოჯახური მდგომარეობის“ ამოღება მოსთხოვა.

უსუფაშვილის შეფასებით, პარლამენტის წევრის ოჯახი რომელიმე სხვა საჯარო მოხელის ოჯახისგან არაფრით განსხვავდება და თუკი სხვა შემთხევვაში, „ოჯახური პირობები“ სამსახურის გაცდენის საპატიო მიზეზად არ თვლება, ამ ნორმის გამოყენების პრივილეგია არც დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ.

„თუ სტატისტიკას გადავხედავთ, აქ საქმე სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტყვები უადგილოა. თუ მათ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო რაიმე პრობლემა აქვთ - ასეთი გაჭივრება ან სიხარული, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ციფრები შთამბეჭდავია“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომელსაც for.ge თითქმის ყველა ბრიფინგზე აწოდებდა ინფორმაციას, რომ დეპუტატები კომიტეტის სხდომებს არ ესწრებოდნენ, ან კომიტეტებში კვორუმის პრობლემა „კანონმდებელთა თხოვებით“ ივსებოდა. მაშინ, უსუფაშვილს ჩვენი სჯეროდა, მაგრამ სანქციების გამკაცრებას ერიდებოდა, დღეს კი, სპიკერი იმ დეპუტატების „ოჯახური მდგომარეობის“ ბედით ინტერესდება, რომლებიც წელიწადნახევრის მანძილზე, პარლამენტში არ გამოჩენილან და მინიმუმ 60 სხდომა აქვთ გაცდენილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ურჩი დეპუტატების სია გიორგი ვაშაძეთი გახსნა, რომელსაც „ოჯახური მდგომარეობის“ გამო 66 გაცდენა აქვს, ემზერ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 სხდომას არ დაესწრნენ, როლანდ ახალაიას სხდომაზე მისვლის სურვილი 80 შემთხვევაში არ ჰქონდა, დავით ბეჟუაშვილს კი 82-ჯერ.

აღნიშნულ კანონმდებლებს საკუთარი „შედეგით“ 91 სხდომის გაცდენით გოდერძი ბუკიამ გადაუსწრო, ხოლო მისი „შედეგი“ გოგი ლიპარტელიანმა გააუმჯობესა, მას კი, რამაზ ნიკოლაიშვილმა და აზერ სულეიმანოვმა ერთი სხდომის გაცდენით გადაუსწრეს და საკუთარ ანგარიშზე 94 სხდომის გაცდენა დაიწერეს. მართალია, საკუთარ აშენებულ შენობაში მისვლაზე რამაზ ნიკოლაიშვილმა უარი 94-ჯერ თქვა, მაგრამ რეკორდსმენი კობა ნაყოფია აღმოჩნდა, რომელმაც 101 სხდომაზე მისვლა ვერ მოახერხა.

ვინაიდან, ზემოთ ჩამოთვლილი დეპუტატებიდან ოთხი ბიზნესმენია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ პარლამენტში მისვლა ფულადი სანქციების შიშმა აიძულოთ. თუმცა, „ბრწყინვალე ათეული“ აპირებს თუ არა პარლამენტში სიარულს, ამის გარკვევას for.ge შეეცადა, მაგრამ აღნიშნული ათი დეპუტატიდან დღეს, პარლამენტში მხოლოდ გიორგი ვაშაძე იმყოფებოდა.

for.ge-ს ვაშაძე საკუთარ პოლიტიკურ აქტივობაში არწმუნებს და მას მის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობაში ეჭვი შეაქვს.

მისი მტკიცებით, მას IDF-ის კვლევაში ხუთი გაცდენა ჰქონდა.

„მძიმე ნაცრის და ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონპროექტის განხილვასას მირჩევნია, მოქალაქეებს შევხვდე. პარლამენტის აპარატსა და დავით უსუფაშვილს ჩემს მიმართ პრეტენზია აქვთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მომყავს. 5000 ათასი ბავშვი დათვალეს, რომელიც აქ მოვიყვანე. სხვა დეპუტატი მითხრან, ვისაც ამდენი ხალხი მოჰყავს. პარლამენტის შენობას საკუთარი მიზნებისთვის კი არა, ქვეყნის მომავალზე საუბრისთვის ვიყენებ“, - აცხადებს ვაშაძე, რომელიც რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს.

კანონმდებელის მოსაზრებით, თუკი დეპუტატის მიერ სხდომის გაცდენის რეალური მიზეზები იქნება მითითებული, ეს შედეგს გამოიღებს.

„ადრე, რეალურ მიზეზეზს ვუთითებდით და ამის მოტივად მოქალაქებთან შეხვედრას ვასახელებდით, მაგრამ გვითხრეს, რომ „ოჯახური მგდომარეობა“ უნდა მიგვეთითებია, რაც სრული აბსურდია. როცა დეპუტატი ამომრჩეველთან არის, მან ეს უნდა დაწეროს და არა მოჩვენებითი მიზეზი, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს. მათ მოითხოვეს, რომ „ბუკვალურად“ დაგვეწერა „ოჯახური მდგომარეობა“. მე კი, ზედმეტად აქტიური ვარ და ეს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გულგასახეთქია“, - დასძენს ვაშაძე, რომლის მსგავსად, უსუფაშვილის მიერ მოყვანილ მონაცემებში ეჭვი შეაქვს ფრაქცია - „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების“ თავმჯდომარეს, კახა ოქრიაშვილს.

ოქრიაშვილი for.ge-სთან მისი თანაფრაქციელების - გოგი ლიპარტელიანი, გოდერძი ბუკიასა და ენზელ მკოიანის გაცდენების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ სწორი მონაცემებია წარმოდგენილი.

„მკოიანი სულ თავის რაიონშია და მუშაობს. სხვათა შორის, ის პარლამენტში დადის ხოლმე. რეგლამენტი როგორც მოგვთხოვს, ისე ვივლით“, - აღნიშნავს ოქრიაშვილი, რომლისგან განსხვავებით, წარმოდგენილ მონაცემებზე არაფერს ამბობს ხათუნა გოგორიშვილი, თუმცა, for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი კვორუმის პრობლემის მიზეზებზე აქცენტირებს.

გოგორიშვილის განცხადებით, რეგლამენტის გამკაცრება კვორუმის პრობლემას ვერ დაარეგულირებს.

მისი თქმით, ყველგან და ყოველთვის კვორუმი და სხდომის გახსნა უმრავლესობის პრეროგატივაა.

„ერთი წლის მანძილზე, უმცირესობის წევრების მონაწილეობის გარეშე, უმრავლესობას კვორუმი ოთხჯერ ჰქონდა. რა სხდომები იყო, ეს? - როცა ორჯერ პრეზიდენტის ვეტო იყო დასაძლევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაამტკიცეს და მთავრობას ნდობა გამოუცხადეს. როცა საკითხი მათ პირად კეთილდღობას, თანამდებობასა და სკამებს შეეხება, მაშინ დეპუტატები მათრახით მოჰყავთ“, - აცხადებს გოგორიშვილი.

დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობის წევრები სხდომაზე არ დადიან და მათ ფინანსური სანქციებიც ვერაფერს უშვება, რადგან ამ ადამიანებს ბიზნესი აქვთ და მათთვის ხელფასიდან ათი პროცენტის დაქვეთა სასაცილო იქნება.

„პარლამენტის უმრავლესობა შემთხვევით გაერთიანებული გუნდია და მათი სხდომაზე მოყვანაზეც კი, გარიგებებია საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, გამოაჩინოს, თითქოს სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს, მაგრამ ეს ინციატივა პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენი დევნა ისეთ ხარისხშია აყვანილი, რომ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა სასაცილო იქნება. ვანში ტრანსფარანტების გაკვრის გამო გამგეობის თანამშრომლები ჯოხებით გამოვარდნენ და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რეგლამენტში ისეთი რა უნდა ჩაწერონ, რომ გული გაგვისკდეს, მაშინ, როდესაც ქუჩაში ჯოხებით დაგვსდევენ?“, - აცხადებს გოგორიშვილი, რომლის „მემკვიდრეც“, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ამბობს, რომ უმცირესობის რიგებში ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც „ოჯახური მდგომარეობის“ ჩანაწერით მანიპულირებს და სხდომებს აცდენს.

როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, გაცდენების ეს რაოდენობა კითხვას აჩენს, ეს ჩანაწერი რამდენად ობიექტურად არის გამოყენებული.

კანონმდებელს იმის პროგნოზი უჭირს, დეპუტატების ჯიბეზე სანქციები როგორ იმოქმედებს.

„პრობლემა უმრავლესობის შიგნით არ არის. კვორუმის პრობლემა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს. უმრავლესობაში 86 დეპუტატია, წინა სხდომაზე 11 წევრი არ იყო, რისი მიზეზიც საერთაშორისო შეხვედრები და მივლინებები იყო. ამით ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ სარგებლობს და პარლამენტის საქმიანობის ბლოკირებას ახდენს. როგორც ჩანს, მათ წინა მოწვევის პარლამენტი ახსოვთ, როცა 120 დეპუტატი უმრავლესობის წევრი იყო და მაშინ, კვორუმის პრობლემა არ დამდგარა“, - განაცხადა კახიანმა.

მართალია, წინა მოწვევის პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა და კვორუმის პრობლემაც ნაკლებად იყო, მაგრამ მაშინ, სხდომებზე დეპუტატების დასწრებას კურირებას მაშინდელი პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უწევდა და თუკი ამ მხრივ რომელიმე კანონმდებელი ურჩი აღმოჩნდებოდა, მას ხელფასის აღება დანაკლისით უწევდა. ამ მოწვევის უწყებაში კი, დავით უსუფაშვილმა რამდენიმე დეპუტატი სავარაუდოდ, მხოლოდ სამჯერ დააჯარიმა, დანარჩენ შემთხვევაში კი, სხდომაზე მისვლის გარეშე, პარლამენტის წევრებს 2800-400 ლარიანი ხელფასი ჩაერიცხათ.