საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვითი იარაღის შეძენის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები გრძელდება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, როცა ქვეყანა ასეთი ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს, იქ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულება, მისი წინამორბედის, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დაემსგავსა ხელშეკრულებას, მანამდე იყო სურვილების კრებული. როგორც მინისტრმა „მაესტროს 9-იანში“ განაცხადა ხელშეკრულებას ხელი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მოეწერება.
„არ არის ეს დოკუმენტი სკანდალური. არის მცდელობა იმის, რომ ის გახადონ ჩემთვის სრულიად გაუგებარ ამბად, მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივადაა ამ დოკუმენტთან მიმართებაში. მისი დახვეწის დასრულების პროცესი მიმდინარეობს ძალიან მაღალი ტემპით და ვფიქრობ, რომ ივნისის ბოლოს მოხდება ხელმოწერა.
სწორედ მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო ამ ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ მხარეზე მუშაობა და ეს პროცესი ჩვენ გავაგრძელეთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია, როცა ქვეყანა ასეთი ტიპის ფინანსურ ვალდებულებას იღებს, იქ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამ მხრივ ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, როგორც ხიდაშელი ამბობს, ვერ ხედავს იმ სატელეფონო საუბრის დეტალების გარკვევას აუცილებლობას, რომელზეც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისაუბრა, რადგან ხელშეკრულება, როგორც ფაქტი, სახეზეა.
„დღეს უფრო მეტად არ ვიცი რას გულისხმობდა ბატონი ალასანია, როცა სატელეფონო ზარზე საუბრობდა, იმიტომ, რომ არსებობს ფაქტი, რომელიც თვალნათელია, ჩემ წინაშე დევს და იქ არანაირი კითხვები არ არის. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა გაცილებით უფრო სერიოზული იყო მინდია ჯანელიძის დროს, ვიდრე მანამდე. ხელშეკრულება ხელშეკრულებას დაემსგავსა სწორედ მინდია ჯანელიძის დროს, მანამდე ეს იყო კეთილი სურვილების კრებული.
ეს ხელშეკრულება არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ არის რაღაც ორგვერდიანი დეკლარაცია, რომელშიც წერია, რა კარგია და როგორ გვინდა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს სრულყოფილი. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ხელშეკრულება და მასში უამრავი ნიუანსია დაწყებული იმით, რომელი სასამართლო იხილავს საქმეს დავის არსებობის შემთხვევაში და დამთავრებული ფინანსური ვალდებულებებით, ვადებით და ა.შ. ამიტომ, ასე მარტივად არ შეიძლება საუბარი“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის საჰაერო თავდაცვითი იარაღის შეძენის საკითხი ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ამტკიცებდა, რომ მას კრიზისების მართვის საბჭოს ხელძღვანელი მინდია ჯანელიძე საფრანგეთში დაუკავშირდა და პრემიერის სახელით სთხოვა, რომ საჰარეო თავდაცვითი სისტემის შესყიდვაზე განზრახულობათა ოქმის ხელმოწერისგან თავი შეეკავებინა.
თავად მინიდია ჯანელიძე აცხადებდა, რომ ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობდა, ბუნებაში არ არსებობდა და ჭორაობის საგანი გახდა. ჯანელიძე ამბობდა, რომ სინამდვილეში საუბარი შეეხებოდა განზრახულობათა წერილს, რომელზეც ხელმოწერა უკვე განხორციელებული იყო.
ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ექსპერტების მხრიდან. ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი თემები სპეკულირების მიზეზი არ უნდა ხდებოდეს. მისივე თქმით, ერთია ხელმოწერა, მაგრამ მეორე და უმნიშვნელოვანესია მისი განხორციელება.
„თუ ქალბატონმა თინამ აღმოაჩინა, რომ ალასანიას მინისტრობის დროს ამ დოკუმენტში მართლაც იყო რაღაცა პრობლემები, მაშინ უნდა გვითხრას, რა აღმოაჩინა და რა შეიცვალა. საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოლოდინები. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება დღეს.
ხელმოწერით ეს პროცესი არ მთავრდება. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა და ბუნებრივია, სჭირდება ათვისება. ასე მარტივი პროცესი არ არის. ვისურვებდი, რომ ღირდეს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. ჩვენ გვახსოვს გადაყრილი ფულები 2007-2008 წლებში, საქმე-საქმეზე რომ მივიდა ჩვენ ვერ ვივარგეთ რუსეთის წინააღმდეგ და გასაკუთრებით კი, ანტისაჰაერო სისტემებმა ვერ ივარგა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს არის მუშაობის პროცესი, შესაბამისად, შესაძლოა დაიხვეწა ხელშეკრულება და ჩაიდო ახალი ვალდებულებები.
„პირველი ეტაპი დაიწყო ალასანიამ, შემდეგ იყო ჯანელიძე და ამ მიმართულებით წინასვლა არ ყოფილა. ხიდაშელის გამინისტრების შემდეგ ისევ გააქტიურდა ეს საკითხი და როგორც ჩანს, უფრო დაიხვეწა საკითხი, რაც ბუნებრივი პროცესია. ვერ გეტყვით, რატომ არ უნდა ყოფილიყო მაშინ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული, მითუმეტეს, ალასანია თავის ყველა გამოსვლაში საუბრობს, რომ ამ დოკუმენტს მისი მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.
ვფიქრობ, მინისტრის ეს ფრაზა არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ ალასანია არ ფიქრობდა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ახლა ხიდაშელი ზრუნავს. ასე არაა, უბრალოდ, როგორც ჩანს, მუშაობის პროცესში დაიხვეწა ეს პროცესი. ამ ხელშეკრულებას გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა მოქმედი პირი, უფრო პოლიტიკური სპეკულაციის საგანია, ვიდრე რეალურად ხელშეკრულება, რომელიც მგონია, რომ რიგითი ხელშეკრულებაა, რომელსაც საქართველო დებს“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.