რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი არ არის - ასეთია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიულ და განსხვავებულ პოლიტიკას. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, აღნიშნული რეზოლუციის ტექსტს მხარი 494-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 135 კი წინააღმდეგ გამოვიდა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშავოს რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს.
ევროპარლამენტის წევრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირები ჩიხში შეიყვანა. მისივე განცხადებით, ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს - თანამშრომლობის, თუ - იზოლაციის გაღრმავების.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერები 25-26 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით ბლოკის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მოწოდების გათვალისწინება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, რადგან ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობები სხვა რეჟიმში გადადის.
„შემცირდება კონსულტაციები ევროკავშირსა და რუსეთს შორის. შეიძლება არ გაიმართოს სამიტები, ან შეიძლება შეიცვალოს სამიტების დღის წესრიგი. გასაგებია, რომ ამას გრძელვადიანი პოლიტიკური შედეგები ექნება ევროკავშირის სტრატეგიისთვის, ანუ, როგორ მოეპყროს რუსეთს, იქნება მეტი უნდობლობა. ბევრად უფრო დაბალ ხარისხში გადავადა ურთიერთობები, ვიდრე აქამდე იყო“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
რაც შეეხევა რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს, პოლიტოლოგის განცხადებით, ევროპარლამენტის ამ რეზოლუციიდან ჩანს, რომ საუბარი არ არის რაიმე სამხედრო დაპირისპირებაზე.
„მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ, ევროკავშირი გააგრძელებს რბილი ინსტრუმენტების გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ იმისათვის, რომ აიძულოს მას უკრაინასთან დაკავშირებით შეიცვალოს პოზიცია. ასევე, შეცვალოს თავისი პოზიცია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასთან მიმართებაში და პატივი სცეს იმ ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ურთიერთობის წესრიგს ევროპაში.
რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაუხსნის ხელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს იმისთვის, რომ მათ უფრო მკაცრი ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ალბათ, ამ მიმართულებით გაიზრდება კონსოლიდაცია ევროკვაშირსა და მის ახლო პარტნიორ ქვეყნებს შორის და, როგორც მინიმუმ, ერთად შეეწინააღმდეგებიან რუსეთის არამართებულ პოლიტიკას მთლიანად რეგიონში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ რეზოლუციის მიუხედავად, მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგს არ უნდა ველოდოთ. მისივე თქმით, გრძელვადიანად კი, ცალსახაა, რომ ევროპელები იღებენ გადაწყვეტილებას და მათ შორის ეს რეზოლუციაც იმის დასტურია, რომ ევროპა ღიად აფიქსირებს იმ პოზიციას, რომელიც გულისხმობს რუსეთის მიერ ევროპული არქიტექტურის, პოლიტიკური უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას და სხვა საფრთხეების შექმნას.
„ეს რეზოლუციაც ზუსტად იმას ემსახურება რუსეთს აჩვენონ, რომ საერთაშორისო დონეზე, რუსეთთან მიმართებში იცვლება ვითარება. რუსეთი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე - ერთი-ერთზე დარჩენს ისეთ მზარდ გეოპოლიტიკურ ძალასთან, როგორიც არის ჩინეთი, რომელიც მას ნამდვილად წამგებიან მდგომარეობაში ჩააყენებს.
ამიტომ, მისასალმებელია ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს აჩვენებს, რომ მას არ შეუძლია ძალის გამოყენით ესაუბროს მის მეზობელ ქვეყნებს, შეცვალოს საზღვრები და რეალურად ევროპული უსაფთხოება დააყენოს საფრთხის ქვეშ. მაგრამ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ რეალურად ჩართოს ზუსტად ის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური თუ სხვა ბერკეტები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ძალას მისცემს და ამ თვალსაზრისით, კონკრეტულ შედეგებს დაინახავას რუსეთი“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.