მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ნაცვლად მთის მინისტრს ითხოვენ

მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ნაცვლად მთის მინისტრს ითხოვენ

მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატები ხელისუფლებას მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამინისტროს შექმნას საარჩევნო კოდექსის მხარდაჭერის სანაცვლოდ სთხოვენ. for.ge-ს ინფორმაციით, კანონმდებელთა ნაწილმა აღნიშნული ინიციატივა კოალიციის დახურულ სხდომაზე დააყენა, რომელიც 5 ივნისს გაიმართა.

წყაროს ცნობით, დეპუტატთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ნაცვლად, ე.წ. მთის მინისტრის დანიშვნას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„გამგებელს ვინმე უნდა ელაპარაკებოდეს. თუკი ამა თუ იმ მინისტრს მაჟორიტარმა დეპუტატებმა არ დავურეკეთ და გამგებლებთან შეხვედრა არ ვთხოვეთ, გამგებლები მათთან შეხვედრებს ვერ ახერხებენ და რეგიონებში პრობლემები იქმნება. ერთი ადამიანი უნდა არსებობდეს, ვინც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

კოალიციის სხდომაზე, მაჟორიტარების მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა რომ დაისვა, ამას ევრონტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილიც ადასტურებს, რომელიც უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მთის სამინისტროს შექმნის საკითხი სახუმარო თემად იქცა.

დეპუტატის ცნობით, კოალიციის სხდომაზე, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, რეგიონების მაჟორიტარებმა სამართლიანი გულისტკივილი გამოხატეს, მათ ინტერესებს თუ ვინ გამოხატავს.

„მოსაზრება სწორედ აქ წარმოიქმნა, რომ ხომ არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო მინისტრი?! ეს საკითხი სახუმარო თემად იქცა და დაცინვა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ საზოგადოებისთვის მეტი ახსნა-განმარტებაა საჭირო. მთის მინისტრს მოჰყვება თუ არა პიტალო კლდეების დეპარტამენტი, ასეთი საკითხი არ არის. მთავრობის დაცინვა იოლია, მაგრამ ბუსუსებიანი პრეზერვატივის არ იყოს, კარგია, ვინმე რამეში თუ გაერკვევა და ხუმრობას მერე დაიწყებს, თორე, ხუმრობა ისეთი ვიცით, რომ მთელ საქართველოს გავაცინებთ“, - აცხადებს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, სახუმარო თემად არ აღიქვამს მთის მინისტრის პოსტის შემოღებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

for.ge-სთან საუბარში მეჭიაური აცხადებს, რომ ქვეყანას ასეთი სამინისტროს შექმნა ნამდვილად სჭირდება.

მისი ცნობით, მსგავსი სამინისტრო არსებობს საფრანგეთში, სადაც მინისტრი ვიცე-პრემიერის რანგშია და ასევე ასეთი უწყება არსებობს შვეიცარიაში.

„საქართველოს ლამის ნახევარი ტერიტორია მაღალმთიანია და ჩრდილოეთის საზღვარი მთიან ზოლზე გადის, რომლის მნიშვნელობა განუზომლად დიდია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტში მთის წარმომადგელობა მცირდება, რაც რეგისონების განვითარებაზე უარყოფითად აისახება. მაჟორიტარი დეპუტატები იმდენი წარმომადგენელი არ იქნება, რამდენიც არის და თუკი ისეთი უწყება შეიქმნება, რომელიც ამ პრობლემატიკაზე იმუშავებს, ეს საქმეს წაადგება“, - აცხადებს მეჭიაური, რომლის პათოსს იზიარებს ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე.

როგორც for.ge-ს თოფაძემ განუცხადა, სამინისტრო უნდა შეიქმნას, რადგან მთის რეგიონის განვითარება უდიდესი პრობლემაა.

მისი მოსაზრებით, კანონები არაერთხელ იქნა მიღებული, მაგრამ არაფერი გაკეთებულა.

„დემოგრაფიული პრობლემებია და მთის რეგიონები სასაზღვრო ზოლებს წარმოადგენს. მთა იცლება და საშველი არ ჩანს. რაჭასა და ბევრ რეგიონში იმის პოტენციალია, რომ რეგიონი განვითარდეს“, - ამბობს თოფაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მინისტრობის კანდიდატი პატრიოტი უნდა იყოს, რადგან მთაში ბევრი პრობლემაა.

თანაგუნდელების მსგავსად, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პრობლემებზე for.ge-სთან ყურადღებას ამახვილებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია, თუმცა, დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამინისტროს შექმნას დასაბუთება სჭირდება, რადგან მთის საკითხებზე საუბარი სამინისტროს შექმნით არ უნდა დაიწყოს და მსჯელობა იმაზე უნდა გაიმართოს, საქართველოში მთიანი რეგიონი რა საჭიროებების წინაშე დგას.

„პოლიტიკურ კულუარებში რას ლაპარაკობენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს არის იდეა, რომელსაც დასაბუთება სჭირდება. ეს არ შეიძლება, მხოლოდ მაჟორიტარების საკითხთან იყოს დაკავშირებული. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ მაჟორიტარული ოლქების პროპორციები თანაბრად უნდა განისაზღვროს, რითაც მაჟორიტარებისთვის ვალდებულებების შესრულება რთული იქნება. სამინისტრო უნდა იყოს თუ არა, ამაზე ზუსტი პოზიცია შეუძლებელია ახლა იყოს, რადგან ამ ეტაპზე დაუთვლელია ის, თუ რა სჭირდება მთას და შესაძლებელია თუ არა პრობლემის მოგვარება მინისტრის გარეშე“, - აცხდებს კორძაია.

უმრავლესობისგან განსხვავებით, სამინისტროს შექმნის იდეას უმცირესობა სკეპტიკურად უყურებს. for.ge-სთან საუბარში ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ დეპუტატებთან სრულიად აბსურდულ გარიგებებში შედის, რაც არა მხოლოდ არაადეკვატურია, არამედ სასაცილოც ხდება.

„მთის მინისტრის პოსტის შემოღების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ზღვისა და მდინარეების მინისტრი. ამასთანავე, შეიძლება, მტკვარ-არაგვის მინისტრზე ვიფიქროთ, მაგრამ ყველაზე მეტად ჭაობის მინისტრი მხიბლავს და ამას მხარს მეც დავუჭერდი, რადგან ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ჭაობი შეესატყვისება. ალბათ, ასეთი აბსურდული მოსაზრებების მოსმენის გამო „ოცნების“ მთავრობის ხილვა ღირდა, მაგრამ ეს პროცესი რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. გავერთეთ და მორჩა!“, - ამბობს რატიანი.

რაც შეეხება სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციას, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ამბობს, რომ მთის მინისტრის პოსტის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

ენერგეტიკის მინისტრის მსგავსად, უახლოეს მომავალში, სამინისტროს შექმნას გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მინისტრი ფიქრობს, რომ იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც ბიუჯეტის შესახებ შედგა, წელს ან გაისად, ახალი სამინისტროს შექმნა გამორიცხულია.

იმ შემთხვევაში, თუკი, მთავრობა დეპუტატების მოთხოვნას დათანხმდება, მაშინ შესაბამისი ცვლილება პარლამენტში ინიცირებულ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტში აისახება, რომელიც მთაში მცხოვრები პირებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.