ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს. პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ისინი ხედავენ არა კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, „არამედ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს“, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გამოთქმულ პოზიციასთან და ა.შ.
ასეთი განცხადების შემდეგ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ატეხილი კიდევ ერთი ხმაურის მოწმე გავხდეთ. თუმცა ბოლო პერიოდში ეროვნულ ბანკს სკანდალები არ აკლია. გასულ კვირაში პროკურატურამ ტელეეთერით გვამცნო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაკითხვაზე დაიბარებენ; მოგვიანებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა, რომ თავის დროზე სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ქადაგიძისთვის ეპატიებინა „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებული ბრალი, რასაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის საპასუხო პრესკონფერენცია და ნაციონალთა ბრალდებები მოჰყვა. მოკლედ, ეროვნული ბანკის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. რა რისკები არსებობს, როდესაც ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტები სკანდალში ეხვევა, ამ თემაზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
გია ხუხაშვილი: ვფიქრობ, თვითონ ხელისუფლების ტაქტიკაა ძალიან უცნაური, რამაც გარკვეულწილად შექმნა ასეთი ტიპის პრობლემები. თუ ადამიანს აქვს დანაშული ჩადენილი, ის უნდა დაისაჯოს მაშინვე, როგორც კი ეს დანაშაული დადასტურდა. როდესაც შემდეგ ჩნდება სხვა პრობლემა და ამ პრობლემასთან დაკავშირებით იწყება ძველი ცოდვების გახსენება, ის მთელ ამ პროცესს დამაჯერებლობას აკლებს. გარკვეულწილად თვითონ პროცესის დისკრედიტირება ხდება, რითაც იმ ადამიანმა მშვენივრად შეიძლება ისარგებლოს - რისი მოწმენიც გავხდით.
ყველაფერი დაიწყო ვალუტის კურსთან დაკავშირებით, გამოითქვა ეჭვები, რომ ქადაგიძე რაღაც პოლიტიკურ თამაშებს ეწეოდა, იმისათვის რომ ეს დადასტურებულიყო, დაიწყო გახსენება სამი წლის წინანდელი საქმეების. როდესაც ამ ორი თემის ერთმანეთან გადაჯაჭვა ხდება, მაშინ ჩნდება კითხვები. მითუმეტეს, როდესაც უცხოელებს ეხება საქმე, მათ სულაც არ მოეთხოვებათ ყველაფრის ღრმად ცოდნა და მოვლენათა ასეთი უცნაური განვითარება მათ უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაღაც ვერ არის წესრიგში.
შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი, ერთ შემთხვევაშიც მართალი იყოს და მეორეშიც, მაგრამ ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება ტოვებს არადამაჯერებლობის განცდას ჩვენს მეგობრებში. ანუ ტექნიოლოგიურად არასწორად კეთდება ეს ყველაფერი.
დღეს საუბარი იმაზე, რომ ვიღაც დასაჭერი იყო და ჩვენ არ დავიჭირეთ, ჩემი აზრით არასწორი გზავნილია. შეიძლება ეს ასეც იყო სინამდვილეში, მაგრამ ასეთი ტიპის საჯარო განცხადების გაკეთებამ ვიღაცას შესაძლოა, დამატებითი არგუმენტი მისცეს იმისათვის, რომ ილაპარაკოს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში ჩარევაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მთლიანობაში, და ცალკეული სტრუქტურების წარმომადგენლები, მთელ ამ პროცესში ტექნოლოგიურ შეცდომებს უშვებენ განცხადებების, მოქმედებების დონეზე და პასუხებსაც იღებენ შესაბამისს.
ქადაგიძის საპასუხო ქმედება ნიშნავდა იმას, რომ მან კარგად ისარგებლა ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ დაშვებული შეცდომებით - ძალიან ამაყი სახით გამოდის და პრესკონფერენციებს ატარებს.
ამ ყველაფერს მესამე თემაც მიაბეს - ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ეროვნული ბანკიდან - ფაქტობრივად, თვითონვე შექმნეს ისეთი განცდა, რომ თითქოს მასირებული შეტევა მიმდინარეობს ეროვნულ ბანკზე. ეს ასე არ არის, მაგრამ ასე ჩანს, როდესაც სამი სხვადასხვა მიმართულებით უტევენ ეროვნულ ბანკს. არ ვიცი, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს ყველაფერი, როდესაც სიტუაცია საკმაოდ მარტივად დასალაგებელი იყო 2012-2013 წლებში, - სიმართლე გითხრათ, ამ მოქმედებებში ლოგიკას უკვე ვეღარ ვხედავ.
როდესაც პირველი ვარაუდები გამოითქვა და საუბარი დაიწყო ეროვნულ ბანკისა და რამდენიმე კომერციული ბანკის ერთობლივ საეჭვო ქმედებებზე, შესაძლებელი იყო თუ არა კონკრეტულად ეს თემა გამოძიებულიყო ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე და პასუხები მიგვეღო?
- როდესაც არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ გამოძიებას აქვს თავისი წესები, ის არ გულისხმობს საჯარო, პრევენციული განცხადებების კეთებას. ჯერ უნდა გამოიძიო, ხოლო ამის შემდეგ ილაპარაკო და არა - ჯერ ილაპარაკო, დააანონსო და მერე ან გამოიძიო, ან ვერა.
ამიტომაცაა, რომ არაპროფესიულად გაკეთებული საქმეები ძალიან ცუდად, ბუმერანგივით უბრუნდება ხელისუფლებას. იგივე კაბელების საქმის მაგალითს მოვიყვან, როდესაც ფაქტობრივად, დაეშალათ საქმე, როდესაც მოსამართლემ არ მიიღო მტკიცებულებები - ამის შემდეგ ისიც კი არ ვიცი, ეს საქმე როგორ შეიძლება, გაგრძელდეს.
ეს ყველაფერი მეტყველებს ხელისუფლების უსისტემო, გაუაზრებელ შეტევებზე, რომლის შედეგიც არ დგება. იგივე ახალაიას საქმე ავითოთ, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში გაამართლა სასამართლომ და ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის სისტემურ დანაშაულში ეჭვმიტანილი, ლამის პოლიტპატიმარი გახადეს - აღიძვრება საქმე - გამართლდება და ა.შ. იგივე ხდება უგულავას თემასთან დაკავშირებითაც, როდესაც ცხრათვიანი ვადა დაირღვა და ახლა უკვე ლამის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე გველაპარაკება ციხიდან.
ეს ყველაფერი ტოვებს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას. ეს ნიშნავს, რომ ან კვალიფიკაცია არ ყოფნით იმისათვის, რომ პროცესი წარმართონ, ან ვიღაცეები შიგნიდან შეგნებულ საბოტაჟს ეწევიან და ფაქტობრივად, ოპონენტებზე მუშაობენ - ან კიდევ რაღაც უცნაურობა ხდება.
სხვა შემთხვევებში ასეთი ეჭვები შესაძლოა ჩნდებოდეს, მაგრამ ახლა (განსაკუთრებით ნაციონალების) მღელვარების საბაბი გახდა ბიძინა ივანიშვილის მიერ სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან დაკავშირებული შემთხვევის გახსენება - როგორ ვიფიქროთ, რომ ივანიშვილმა საკუთარ თავს საბოტაჟი მოუწყო?
- დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დიალოგი შედგა. ბიძინა ივანიშვილი გულწრფელი ადამიანია და თქვა, რაც იცოდა. მაგრამ შედეგებს რომ შევხედოთ, რა მოჰყვა ამ ყველაფერს? - ჩემი აზრით, კარგი არაფერი.
სავალუტო ფონდის საპასუხო განცხადებაც გავრცელდა. ნაციონალებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც აიტაცეს ამბავი და სავალუტო ფონდთან ურთიერთობის შესაძლო გაფუჭებაზე ალაპარაკდნენ... ასეთი საფრთხეები რეალურია?
-არ მგონია, ამის გამო ურთიერთობები გაფუჭდეს, მაგრამ პოლიტიკაში პირად ურთიერთობებს აქვს მნიშვნელობა და სავალუტო ფონდი ჩვენ უფრო გვჭირდება ახლა, ვიდრე მას - ჩვენ. ეს არის რეალობა.
როდესაც კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის მიერ შესაძლო სავალუტო მაქინაციების შესახებ საუბრობენ, რამდენად რეალური საფუძველი არსებობს ასეთი ეჭვებისთვის?
- რეალურად ობიექტური პრობლემებიც ბევრია - გავიხსენოთ, როგორ ფორმირდება ვალუტის კურსი - ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. ობიექტურად, სავალუტო ბირჟაზე ფულის მიწოდება რომ შემცირდა, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. ანუ ექსპორტის, სავალუტო გადმორიცხვების და ა.შ. შემცირებამ შექმნა დისბალანსი, რომლის ლოგიკური გაგრძელება იყო ლარის ვარდნა.
საკითხი ასე დგება, პროცესი იყო ობიექტური, მაგრამ ვინმემ კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერა შეგნებულად? ბანკების მხრიდან ამას გამოვრიცხავ და რატომ - მოკლევადიან პერიოდში რაღაც მსხვილი მოგება არ შეიძლება იყოს გარანტირებული. გრძელვადიან პერიოდში ასეთი ქმედებებით ბანკებიც ზარალდებიან, რადგან ეკონომიკური აქტივობა იკლებს, პრობლემური კრედიტების რაოდენობა იმატებს. საბოლოოდ, მოკლევადიან პერიოდში რა დიდი მოგებაც არ უნდა ნახოს რომელიმე ბანკმა, გრძელვადიან პერიოდში ის აუცილებლად ზარალში მიდის ლარის კურსის ვარდნის გამო.
ლარის კურსის ვარდნა ბანკების ინტერესებში არ არის. რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს, უბრალოდ, ლოგიკას ვერ ვხედავ. თუ ბანკებთან მიმართებში პოლიტიკურ საბოტაჟზე საუბარს დავიწყებთ, ამას სჯობს, დავიხუროთ ქუდი და საერთოდ წავიდეთ ამ ქვეყნიდან.
გარკვეული წრეები გამოდიან ეროვნული ბანკის გაუქმების იდეითაც... ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული სკანდალი საბოლოოდ როგორ შეიძლება შემოგვიბრუნდეს?
- საბოლოოდ ეს აისახება ფინანსურ არასტაბილურობაში. საფინანსო სისტემა ამ ქვეყანაში არის ერთადერთი სფერო, რომელიც მეტ-ნაკლებად, გამართულად მუშაობს. მასზე შეტევას შეიძლება მოჰყვეს ძალზე რთული პროცესები. რაც ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას სავალალო მდგომარეობაში გადაიყვანს. პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, რომ დაანგრიოს ეს სისტემა.
როგორც პროკურატურა აცხადებს და თუ კითხვები აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და დაიწყება გამოძიება, უკვე შექმნილი აჟიოტაჟის გამო ეს ყველაფერი პოლიტიკურ ელფერს ხომ არ მიიღებს?
- ამას წინასწარი განცხადებები რად უნდა, კითხვები ახლა ხომ არ გაჩენილა? ისინი დიდი ხანია, არსებობს. პირველი საჩივარი პროკურატურაში შევიდა არჩევნებიდან ორი-სამი დღის შემდეგ. სამი წელი არ სჭირდება ასეთი საქმეების გამოძიებას. როდესაც ამ ყველაფრის დაანონსება ხდება, ეს არის ცუდი.
საქმე უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაძლო დანაშაულის შესახებ ტელევიზორში ვილაპარაკოთ, ესეც არ არის სწორი. ეს სახიფათოა ფინანსური სტაბილურობისთვის. ისე უნდა მიდიოდეს ეროვნული ბანკის მმართველი დაკითხვაზე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ამის შესახებ, რათა ქვეყანში პანიკური განწყობები არ დაიწყოს.
ის, რაც შეიძლება სიტუაციის გართულებით მივიღოთ, არავის, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებში არ არის. პროცესები როგორც არ უნდა განვითარდეს, ფინანსურ არასტაბილურობაზე ხალხის წინაშე მთავარი პასუხისმგებელი მაინც ხელისუფლება იქნება.
ამ სიტუაციის გამოსწორების რა შანსს ხედავთ?
- ყველა უნდა გაჩუმდეს და პროცესი სამუშაო ვითარებში გადავიდეს, ვინც დასასჯელია დაისაჯოს. ვისაც საქმე აქვს - იმუშაოს. ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს სამუშაო ვითარებაში და არა საჯარო პოლემიკებით.