„სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების შეწყვეტა სხვა პროცედურით შეიძლებოდა განხორციელებულიყო“

„სასამართლოს თავმჯდომარეების უფლებამოსილების შეწყვეტა სხვა პროცედურით შეიძლებოდა განხორციელებულიყო“

თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ რაიონული მოსამართლეებისათვის უფლებამოსილების დასრულების შესახებ გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით მიიღო. იუსტიციის მინისტრი ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებს გაურიგდა, სპეკულაციას უწოდებს. თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამტკიცებს, რომ პარასკევს ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე მოსამართლის, კერძოდ ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის და ვალერი ცერცვაძის საიდუმლო შეხვედრა შედგა.

ირაკლი ალასანია ამტკიცებს, რომ მოსამართლეები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ, ივანიშვილისთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. ალასანიას განცხადებით,  იიგი ცდილობს ამ შეხვედრის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვოს.

ალასანიას ბრალდებას, ბრალდებით პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნი, ლევან მურუსიძე, რომლის განცხდებით, ალასანიას განცხადება სასამართლოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითია. მურუსიძემ ამტკიცებს, რომ ყოფილ პრემიერთან არანაირი შეხვედრა არ შემდგარა. მისივე განცხადებით, საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილებები ნინო გვენეტაძისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრის შემდეგ შეჩერდა.

„მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებდა, რომ ეს კანონი იყო არაკონსტიტუციური, ამას ადასტურებდა ვენეციის კომისიაც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, შემდეგ ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა უშუალოდ კონსულტაცია ქალბატონ იუსტიციის მინისტრთან, გააცნო სასამართლოს პოზიცია და აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილებები სხვა სახით შევა პარლამენტში“, - აცხადებს ლევან მურუსიძე.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, საერთო სასამართლოების კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც 25 რაიონული მოსამართლის ავტომატურ გათავისუფლებას ითვალისწინებდა, მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან კავშირში არ არის.

„არ ვიცი, რა ტიპის სპეკულაციებზეა საუბარი და ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ კაბელების საქმესთან. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და არავისი სხვისი, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნას დავეთანხმო. ეს არის კომისიის შენიშვნა და რაკი ქალბატონ ნინო გვენეტაძესაც ეს მოთხოვნა ჰქონდა, გადავწყვიტეთ, დავასრულებინოთ თავმჯდომარეებს თავიანთი უფლებამოსილების ვადა და შემდეგ მოხდეს ახალი თავმჯდომარეების არჩევა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის კომენტარმა ყოფილ თანაგუნდელებს კიდევ უფრო გაუმყარა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ გარიგება შედგა. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილი განცხადებით, ღიმილის მომგვრელია, რომ იუსტიციის მინისტრს პარასკევს, ღამის 12 საათზე გაახსენდა ვენეციის კომისიის შენიშვნები და ღამე გადაწყვიტა ამ შენიშვნების გათვალისწინება.

„ეს არის ხელისუფლების ძალიან უსუსური და წარუმატებელი მცდელობა იმისა, რომ ამ ბინძურ გარიგებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ღიმილის მომგვრელია, რომ იუსტიციის მინისტრს პარასკევს, ღამის 12 საათზე გაახსენდა ვენეციის კომისიის შენიშვნები და ღამე გადაწყვიტა ამ შენიშვნების გათვალისწინება.

ფაქტი სახეზეა და არსებობს ძველი გამოთქმა, რომ „ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს“, ამიტომაც ხელისუფლების მთელი ვერტიკალის ეს მცდელობა, რომ გადაეფარონ ამ ბინძური გარიგების მთავარ შემოქმედს - ბიძინა ივანიშვილს, იქნება წარუმატებელი და განწირულია კრახისთვის, ისევე როგორც მთელი კაბელების საქმე“, - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, გია მეფარიშვილის განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონშემოქმედებით საქმიანობას განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დავალებული აქვს სასამართლოს რეფორმის საკითხები. რაც შეეხება რაიონული მოსამართლეებისათვის უფლებამოსოლების დასრულების საკითხს, მეფარიშვილი ამბობს:

„მე გახლავართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ზუსტად იმ სასამართლოს შემადგენლობას, რომელსაც ვხელძღვანელობდი განხილული აქვს საქმე -„ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ეს სარჩელი ეხებოდა მოსამართლეების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას საკანონმდებლო დონზე.

ორგანულმა კანონმა საერთო სასამართლოების შესახებ მიზანშეწონილად ჩათვალა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოსამართლეებს ჩაებარებინათ გამოცდები და შემდეგ გამწესებულიყვნენ თანამდებობაზე. მაშინ, ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ არ შეიძლებოდა მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეწყვეტოდათ უფლებამოსილება თუ არ იქნებოდა კანონით განსაზღვრული შემთხვევები“, - აცხადებს გია მეფარიშვილი.

რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეების ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მეფარიშვილის განცხადებით, მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ერთმანეთს არ ემთხვევა. მოსამართლე საპროცესო ფიგურაა, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებაში ღებულობს მინაწილეობას. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს არის მენეჯერული ფუნქცია, შესაბამისად, უფლებამოსილების შეწყვეტაც სულ სხვა პროცედურით შეიძლებოდა განხორციელებულიყო.

„კონსტიტუციურად სავსებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, თუ საკანონმდებლო დონეზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მათ უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ თუ საკანონმდებლო წესით იქნება გადაწყვეტილება მიღებული სასამართლოს თავმჯდომარეების გადარჩევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს იქნება გაცილებით დემოკრატიული, რაც არ ეწინააღმდეგება არავითარ კონსტიტუციურ დებულებას“, - აცხადებს გია მეფარიშვილი