საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხდებს, რომ შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
„კოალიციაში სერიოზული ცვლილების წინაპირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ. ჩვეულებრივ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობ, რაც დიდ კოალიციურ ცვლილებებზე არ მიანიშნებს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ახალმა მთავრობა პარლამენტისგან ნდობა მიიღო, მთავრობის ხელმძღვანელს 6 მინისტრის გათავისუფლების კომფორტი გაუჩნდა. ექსპერტების განცხადებით, მთავრობის ხელმძღვანელი ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 6 მინისტრი დატოვებს. ექსპერტები თვლიან, რომ შემოდგომაზე საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება.
მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს მიერ არავითარი განსაკუთრებული ცვლილების დაანონსება არ მომხდარა. ვიცესპიკერი ამბობს, რომ უსუფაშვილმა ძალიან ზოგად ჭრილში ისაუბრა, რაც შეიძლება ყოველთვის ხდებოდეს ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტში თუ მთავრობაში. კობახიძე ფიქრობს, რომ ამ ინტერვიუს სწორად წაკითხვა უნდა, რადგან არავითარი განსაკუთრებული ცვლილების დაანონსება არ მომხდარა.
ექსპერტებისგან განსხვავებით, პარლამენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე თვლის, რომ ცვლილება უნდა შეეხოს მინისტრთა კაბინეტის მთლიან შემადგენობას.
„რა არასერიოზულობაა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე ლაპარაკი ისევ?! ასეთი მართვის პირობებში, როდესაც ხელისუფლება უუფლებო მოვალეობის მდგომარეობაშია ჩაყენებული, ყოველთვის პრობლემური იქნება და ადამიანის ცვლილებებით არაფერი არ შეიცვლება. თვითონ არ იციან რას აკეთებენ. თითოეულ მინისტრს აქვს არასტაბილურობის განცდა.
რაც მთავარია, ეს მათი არასტაბილურობის განცდა გადაედება სახელმწიფოს და სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამეტში არსებული კოალიციის წევრებიდან, ვინ დაიკავებს მთავრობაში ახალ პორტფელს, რადგან მათთვის პრინციპები არ შეიცვლება, ისეთი უპასუხისმგებლობო მთავრობა იქნება, როგორც აქამდე იყო“, - აცხდებს for.ge-სთან საუბრისას ნინო გოგუაძე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობაში სერიოზულ ცვლილებებს შემოდგომაზე უნდა ველოდოთ.
„მე არ ვარ კოალიციის წევრი და ჩემთვის უცნობია რა საუბარი მიდის კოალიციის შიგნით. უნდა გითხრათ, რომ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრზე დიდი ხნის წინ ჩამომიყალიბდა ჩემი აზრი. შუადღეს თქვა, რომ საქართველოს საგარეო კურსი არასწორად მიემართებაო, საღამოს კი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. პოლიტიკურად არამდგრადი მინისტრია, არ შეიძლება ადამიანები ღირებულებებით არ ცხოვრობდეს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ბლოკს, დღეს საქართველოს მოსახლეობა უკიდურს გაჭირვებაში ცხოვრობს, საზოგადოება პერსპექტივებს ვერ ხედავს. ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ეკონომიკური მიმართულებით. ჩემი დაკვირვებით, საქართველოს მთავრობაში სერიოზულ ცვლილებებს შემოდგომაზე უნდა ველოდოთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მურმან დუმბაძე.
კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც გაზაფხულზე მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ მთავრობის ნდობა მიიღო, მოქმედი კონსტიტუციით პრემიერს 6 მინისტრის მოხსნის შესაძლებლობა აქვს ისე, რომ ამას არ სჭირდება პარლამენტის ნდობა.
„რა თქმა უნდა, უსუფაშვილის განცხადება არ არის ანალიზის შედეგი, უბრალოდ მან იცის, რა ხდება ხელისუფლების კულუარებში. რადგან თავს უფლება მისცა ასეთი განცხადება გაეკეთებინა, უნდა ვივარაუდოთ, რომ კოალიციაში სერიოზული საუბრები მიდის მინისტრთა კაბინეტის განახლებაზე. როგორც ჩანს, მინისტრთა კაბინეტი გადახალისებას მართლაც საჭიროებს. ფაქტია, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლების შემდეგაც საზოგადოებაში კვლავ რჩება ეკონომიკური გუნდის განახლების მოლოდინი, რადგან ამ მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა, პრობლემა პრობლემად რჩება.
ვფიქრობ, რომ ბუნებრივი იქნება ეკონომიკური გუნდის განახლების საკითხი. არ ვიცი რამდენად სწრაფად მოხდება და ან როგორ აქვს ხელისუფლებას გათვლილი, მაგრამ გამოდინარე იქედან, რომ ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლებამ რაღაცა მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. შექმნილი ვითარებიდან ჩანს, რომ მინისტრთა კაბინეტი შემოდგომაზე შეიცვლება და სავარაუდოდ შეიცვლება ეკონომიკური გუნდი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
რომელი დეპუტატი გადაინაცვლებს მთავრობის შემადგენლობაში, საუბარი უჭირს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის განცხადებით, პარლამენტში ვერ ხედავს ისეთ ფიგურებს, ვისაც უკეთესად შეუძლია საქმის გაძღოლა, ვიდრე მთავრობის დღევანდელ წევრებს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან უცნაური განაცხადია. პარლამენტში ვერ ვხედავ ისეთ კადრებს, რომლებსაც შეუძლიათ გადალახონ ქვეყანაში არსებული მმართველობითი კრიზისი. თუ ლაპარაკია ტორტის ნაჭრების გადანაწილებაზე, რომელიც რესპუბლიკელებმა მიიღეს, ანუ სხვა პარტიებიც ითხოვენ ტორტის რაღაცა ნაჭერს, ძალიან სასაცილო და არასერიოზულია.
ქვეყანაში, სადაც უზარმაზარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა, გადასახედია მთლიანად მმართველობითი სისტემა. ასეთი ტიპის გადანაწილებები და ვიღაცეების პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილება, წინსვალას და პროგრესს არ ნიშნავს, ეს უფრო რეგრესის მაჩვენებელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება ეცდება ნებისმიერი პრობლემა ჩამოიშოროს. მისივე თქმით, თუკი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს პრობლემური მინისტრები, შეეცდება, რომ პრობლემური პერსონებისგან განთავისუფლდეს, რაც ბუნებრივი პროცესია.
„სავარაუდოა, რომ იქნება ეს ცვლილებები. წინასაარჩევო წელი ახლოვდება, შესაბამისად „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ პრობლემური პერსონებისგან განთავისუფლდეს. მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან ადეკვატური იქნება მსჯელობა პრობლემურ პერსონებზე. არ გამოვრიცხავ, რომ დღევანდელი გადასახედიდან ვინც ჩანს მისაღებ ფიგურად, იმ მომენტისთვის სწორედ ის გახდეს პრობლემური და მისი თემა გახდეს მოსაგვარებელი. ამიტომ, ჯერ ადრეა ასეთი პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.