მეჭიაურმა ქადაგიძის საქმიანობაზე დასკვნა მოამზადა

მეჭიაურმა ქადაგიძის საქმიანობაზე დასკვნა მოამზადა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის საქმიანობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს და გიორგი ქადაგიძის უწყებას ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

თამაზ მეჭიაურის კომიტეტმა გიორგი ქადაგიძეს 25 მაისს მოუსმინა, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ შვიდპუნქტიანი დასკვნა მიმდინარე კვირას მოამზადა, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის შემდეგ წარადგენს.

როგორც კომიტეტების სხდომაზე, ასევე პლენარულ სხდომაზეც, უმრავლესობის წევრები გიორგი ქადაგიძეს სავარაუდოდ ისევ გააკრიტიკებენ, თუმცა, მანამდე კანონმდებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის გაცნობა მოუწევთ, რომელიც for.ge-მ გამოქვეყნებამდე მოიპოვა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქადაგიძის მიერ წარმოდგენილმა წლიურმა ანგარიშმა პასუხგაუცემელი დატოვა საკითხი, თუ რა გავლენას ახდენს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მოსახლეობის ცხოვრების დონესა და შემოსავლებზე ისეთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყანაში, როგორც საქართველოა.

„ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში არაერთხელ აღნიშნავს, რომ 2014 წლის გაზაფხულიდან თავი გეოპოლიტიკურმა რისკებმა იჩინეს, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან საგარეო ფაქტორებისა და შოკების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკაზე კიდევ მათი გავლენა უფრო დამძიმდა. ასეთ ვითრებაში, ბანკი კანონით მოვალეა პრეზიდეტსა და მთავრობას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მის კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხზე საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს, თუმცა, განხილვისას საკმარისად ვერ დასაბუთდა ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება“, - აღნიშნულია დასკვნაში.

დეპუტატები დასკვნაში ლარის გაუფასურების ტენდენციებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ 2014 წლის ბოლო კვარტალში, როდესაც ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების ტენდენცია შეინიშნებოდა და ამავე პერიოდში პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი იხილებოდა, ეროვნული ბანკის მხრიდან საკითხის განხილვებისას არსებული მდგომარეობის გაგრძელების შესაძლებლობის რისკი არ დაფიქსირებულა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის მუშაობას უარყოფითად გატარებული მონეტარული პოლიტიკის კუთხითაც აფასებს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მონეტრული პოლიტიკის სტრატეგიის შესაბამისად, მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ინფლაციური მოლოდინების მართვა წარმოადგენს, თუმცა, ამ მიმართულებით სებ-ის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად ითვლება.

„სებ-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი მის ხელთ არსებულ მონეტარულ ინსტრუმენტებს ლარის დევალვაციის მასშტაბების შემცირებისა და რყევების მინიმალიზაციის მიმართულებით არ იყენებდა, უმოქმედობასა და ჩაურევლობას კი იმ მოტივით ხსნის, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ლარის მასის შეზღუდვა ერთი მხრივ ხელს შეუშლიდა ინფლაციის დადგენილი თარგეთის შესრულებას, მეორე მხრივ კი ეკონომიკის ზრდას, თუმცა, არც ანგარიშში და არც საკომიტეტო მოსმენის დროს, კონკრეტული გათვლები არ იქნა წარმოდგენილი - თუ რომელი ინსტრუმენტების და რა ზომით გამოყენება, როგორ გავლენას იქონიებდა ლარის სტაბილურობაზე, ინფლაციის გეგმიური მაჩვენებლის მიღწევასა და ეკონომიკის ზრდაზე“, - აღნიშნულია დასკვნაში.

კანონმდებლები დოკუმენტში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ არც წერილობით ანგარიშში და არც საკომიტეტო მოსმენაზე არ იქნა წარმოდგენილი გათვლები და მოდელირება იმის, თუ რა გავლენას ახდენს ლარის დევალვაცია საბანკო სისტემის სტაბილურობასა და მდგრადობაზე.

„სებ-ის მხრიდან ანგარიშში არ არის გაანალიზერბული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის და ლარის დევალვაციის გადაცემის ეფექტი და ადეკვატურობა მოსახლეობაზე და კერძოდ, მსესხებლებზე. შესაბამისად, რა გავლენას მოახდენს აღნიშნული მოხმარების დონესა და ეკონომიკურ ზრდაზე, უცნობია“, - ნათქვამია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომლის გაცნობამდე უმრავლესობის წევრები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასა და პროკურატურაში გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვაზე აპელირებენ.

for.ge-სთან საუბარში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ გიორგი ქადაგიძის ანგარიში დამაჯერებელი არ იყო, შესაბამისად, კომიტეტი ვერ დარწმუნდა იმაში, რომ ბანკმა ყველაფერი გააკეთა მაშინ, როცა ლარის გაუფასურება ხდებოდა.

ბესელია ქადაგიძის დაკითხვას არ გამორიცხავს.

„არის თუ არა საფუძველი იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკითხოს, ეს ინფორმაცია შეიძლება სამართალდამცავებს ჰქონდეთ, გამორიცხვით კი ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან შესაძლოა, ბანკის საქმიანობაში ისეთი რაღაც იყოს, რაც ეჭვის საფუძველს ქმნიდეს, რომელიც რაიმე ტიპის კანონდარღვევაზე მიანიშნებს. ბანკის საქმიანობის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - აცხადებს ბესელია, რომლის პოზიციას იზიარებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, პროკურატურამ უკეთ იცის, რა კითხვები არსებობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან.

„თუკი კითხვები არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა“, - დასძენს სესიაშვილი, პოლიტიკოსების განცხადებებს კი თავად გიორგი ქადაგიძე ყვითელ პრესას ადარებს და ამბობს, რომ მას მისი დაკითხვის თაობაზე ინფორმაცია უკვე სამი წელია ესმის.

გიორგი ქადაგიძეს პოლიტიკოსების კითხვებზე პასუხის გაცემა უფლებამოსილების ამოწურვამდე, კიდევ ერთხელ მოუწევს. კანონმდებლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, ივნისში უმასპინძლებენ.