საქართველოს წარმატება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

საქართველოს წარმატება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

თურქეთი, გაიანა, გვატემალა, პანამა, სენტ-კიტსი და ნევისი, ტოგო, ტონგა, ტრინიდადი და ტობაგო, სომალი, მალავი - ეს არის ქვეყნები, რომლებმაც პირველად გაიზიარეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია 75 ხმით მიიღო. რაც გასულ წელთან შედარებით ექვსი ხმით მეტია.

საგარეო უწყების განმარტებით, ეს პოზიტიური დინამიკა იმის დასტურია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზებას, თუმცა მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა.

რეზოლუცია ატარებს წმინდად ჰუმანიტარულ ხასიათს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება, გმობს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუცია ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემას და დაცვის აუცილებლობას.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ქართულმა დიპლომატიამ წარმატებით შეასრულა დევნილების შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის ამოცანა. მისივე თქმით, საქართველო ამ რეზოლუციას ყოველ წელს წარადგენს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე და ქართული დიპლომატიის ამოცანაა, ყოველწლიურად უზრუნველყოს მხარდამჭერი ქვეყნების შენარჩუნება, განმტკიცება და მათი რიცხოვნობის ზრდა.

„წელს ეს ამოცანა წარმატებით შესრულდა. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 75-მდე და ამ რეზოლუციას პირველად შემოურთდნენ თურქეთი, გაიანა, პანამა, გვატემალა, ტრინიდადი და ტობაგო. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ტრადიციულად სცადეს ამ საკითხის პოლიტიზირება, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მხარდამჭერებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, განცხადება, რომელიც გაკეთდა გუამის, ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით, სპეციალერი განცხადებები გააკეთეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სიერა ლეონემ“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

„გაერო-ს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, - აცხდებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, რეზოლუციის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ დოკუმენტი გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურად გააკეთოს მოხსენება.

„ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივად იყოს საქმის კურსში რა ხდება ამ მიმართულებით და ეს საკითხი არ მოიხსნას დღის წესრიგიდან. ასევე რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ის სთხოვს ჟენევის ფორმატში მონაწილე სუბიექტებს, მათაც განსაკუთრებული ყურადღება მიმართონ დევნილთა საკითხებს, მათ მდგომარეობას და უპასუხოდ დაბრუნებას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს საკითხზე გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. მახსოვს ისტერიკა წლების განმავლობაში და განსაკუთრებით შარშანდელი. ოპოზიციისგან ველოდები განცხადებებს ჩვენი საგარეო უწყების კარგად მუშაობის შესახებ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბელამ. როგორც კაპანაძე აცხადებს, მომხრეთა რაოდენობის გაზრდის კუთხით, სერიოზული დანამატია თურქეთი, ტრინიდადი, გაიანა, პანამა და გვატემალა, ასევე მალავისა და სომალის დაბრუნება მომხრეებში.

„სამწუხარო და გაუგებარია მალდივებისა და ბურუნდის საწინააღმდეგო ხმა და ავსტრიის დაუსწრებლობა. სასიხარულოა, რომ შრი-ლანკამ გადაწყვიტა, თავი შეიკავოს წინა წლების უარყოფითი ხმის შემდეგ. საბოლოო ჯამში, დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მისიებს ნიუ იორკსა და ჟენევაში, ასევე აფრიკის, აზიისა და ავსტრალია-ოკეანეთის ქვეყნებში. კარგია, რომ რუსეთმა გაეროში ეს ბრძოლა ისევ დათმო და რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

ექსპერტი, საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ 75 ხმით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მიღება, არის კარგი მუშაობის და აქტიური კოორდინაციის შედეგი.

„როგორც ჩემთვის ცნობილია ბატონ დავით დონდუას ჰქონდა ეს სფერო ჩაბარებული. ის იმყოფებოდა ნიუ-ორკში, შეხვდა ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს, იყო მთელი რიგი ვიზიტები სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს საქართველოს.

ცხადია, ასეთი რეზოლუციები შეიძლება მყისიერად ვერ ცვლის სიტუაციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არის ერთიანი. მხარდამჭერების ზრდის ტენდენციაც იმის საფუძველს ქმნის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ამას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობა, რომ რეალურად საქართველომ არ დათმოს საერთაშორისო პოზიციები, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული მოსახლეობის გამოდევნას და მათ უპირობა დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.