ლაშა თორდიას უწყების მიერ მომზადებული 428 გვერდიანი დასკვნა უკვე პარლამენტშია. დეპუტატები სქელკანიან დოკუმენტზე მსჯელობას დღეს დაიწყებენ, რომელიც 2011-2013 წლებს მოიცავს.
აუდიტის სამსახურის მიერ 2014 წელს, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩატარებულია 114 აუდიტი, რომლითაც მოცულია 5 132 მილიარდი ლარი და გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მოცულობამ 210 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა, აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით სახელმწიფო ბიუჯეტში - 555 ათასი ლარი დაბრუნდა.
თორდიას უწყება ანგარიშში ყურადღებას უწყებების მიერ საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე, პრემიების გაცემასა და მივლინებებზე ამახვილებს.
მაკონტროლებელი ორგანო დასკვნას ქვეყნის საგარეო ვალით იწყებს და აღნიშნულია, რომ 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფოს მთლიანი ვალის პორტფელი 10,397.4 მილიონ ლარს შეადგენს (მოსალოდნელი მშპ-ს 35.7%).
დასკვნის თანახმად, აუდიტის პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შემუშავებული არ ჰქონდა.
„საკრედიტო რესურსის მოზიდვის ეტაპზე, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების მიერ შემოთავაზებული საკრედიტო პირობების ანალიზის დოკუმენტირება არ ხორციელდება. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო ვალის დამახასიათებელი რისკების შეფასებასა და ვალის მდგრადობის ანალიზის ჩატარებას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა, რაც იმის რისკს წარმოშობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათი პრევენცია ვერ მოხდება. თუმცა, დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს თან დაერთო მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“, - ნათქვამია დასკვნაში ნოდარ ხადურის უწყების მიმართ, სადაც ასევე საუბარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ჩატარებული აუდიტის შედეგებზე.
სოზარ სუბარის უწყებაზე ნათქვამია, რომ 2011-2013 წლებში, ხარვეზები გამოვლინდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში.
დოკუმენტის მიხედვით, ხუთ ოჯახს, რომლებიც ერთი სარეგისტრაციო ნომრის ქვეშ იმყოფებოდნენ, საკუთრებაში ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართი გადაეცა. ასევე ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთ ოჯახზე გაიცა როგორც ერთჯერადი კომპენსაცია, ასევე საცხოვრებელი ბინის დაკანონება განხორციელდა.
„13 ოჯახზე ზედმეტად გაცემულმა კომპენსაციის თანხამ - 130,000 აშშ დოლარი შეადგინა. საცხოვრებელი ფართები დაკანონებული ოთხ ისეთ ოჯახს ჰქონდა, რომლებსაც დევნილის სტატუსი შეუწყდათ“, - ნათქვამია დასკვნაში, სადაც საუბარია უწყების მხრიდან საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე.
კერძოდ, დასკვნის გათვალისწინებით, არ დასტურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან გახარჯული შესყიდული საწვავის მიზნობრიობა.
„ვერ დასტურდება 130.4 ათასი ლარის ღირებულების საწვავის ხარჯის მიზნობრიობა. ხარჯებში ჩამოწერილი 59.8 ათასი ლარის ბენზინის საწვავის მიღება სამინისტროს თანამშრომელთა ხელმოწერებით არ დასტურდება. ასევე, ზედმეტად ხარჯად არის აღიარებული 500 ლიტრი საწვავი. 2011-2012 წლებში, საწვავი აღიარებულია ხარჯად და ჩამოწერილია იმ ავტომანქანებზე, რომელიც არ იყო სამინისტროს საკუთრებაში/სხვა სახით სარგებლობაში. შესაბამისად, არ იყო აღრიცხული ფინანსურ ანგარიშგებაშიც. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯულია 61.9 ათასი ლარის საწვავი“, - ნათქვამია დოკუმენტში.
თორდიას უწყების მიერ მომზადებული მასალებით, სუბარის უწყების მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვა ფიქსირდება.
„სამინისტროს მიერ სამშენებლო-სარეაბილატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, 2013 წელს, გაფორმებული ორი ხელშეკრულების ფარგლებში, უხარისხო სამუშაოები შესრულდა. აღნიშნულ სარეკონსტრუქციო-სამონტაჟო მომსახურებაზე არაეფექტიანად გაწეულმა ხარჯმა 1,920.0 ათასი ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია დასკვნაში.
აუდიტის სამსახური საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით ლტოლვილთა სამინისტროს მსგავსად, პრეტენზიებს სხვა უწყებების მიმართაც გამოთქვამს. თორდიას უწყების ცნობით, სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით შესყიდულია 9.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. თუმცა, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად აღნიშნული საწვავის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მდგომარეობა არ დასტურდება და აღნიშნული ხარჯი ერთობლივი შემოსავალიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.
აღნიშნული უწყების გარდა, საწვავის გამოყენებული რაოდენობის გამო ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრიც“ გაკრიტიკდა. დასკვნის მიხედვით, „მემცენარეობის დარგში თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისა“ და „მეცხოველეობის დარგში ხელოვნური განაყოფიერების დანერგვის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამების ფარგლებში, შესყიდულია 25 000 ლარის საწვავი, თუმცა, აღნიშნული საწვავის პროგრამის მიზნებისათვის გამოყენება დოკუმენტურად არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ თორდიას უწყებას „აგროსერვის ცენტრის“ მიმართ სხვა პრეტენზიაც აქვს. დოკუმენტის მიხედვით, აგროტექნოლოგიური ნორმების დაუცველობის შედეგად, ადგილი აქვს სხვადასხვა ჯიშის ნერგების დიდი რაოდენობით გახმობის ფაქტებს. წარმოდგენილი მასალების შესაბამისად, გამხმარია 41 832 ძირი - 38 600 ლარის ღირებულების ნერგი.
ზემოთ აღნიშნული უწყებების მსგავსად, აუდიტის სამსახურის კრიტიკას იმსახურებს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოც. დასკვნის გათვალისწინებით, 2012-2013 წლებში, სააგენტოს არ შეუნახავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ GPS სისტემის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, შეუძლებელია საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა.
თორდიას უწყება ამ სააგენტოსთან მიმართებაში სხვა საბიუჯეტო ხარვეზებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ ჩანს, ვის გაეწია სასტუმრო და საბანკეტო მომსახურება ბათუმში შპს „ინტურისტ პალასში“. შესაბამისად, გაწეული ხარჯის მიზნობრიობის დადგენა შეუძლებელია.
ამას გარდა, აუდიტის სამსახური აღნიშნული სააგენტოს მიერ ბერლინში ჩატარებულ გამოფენასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბერლინში გამოფენის მოწყობის მიზნით, წარმოდგენილია ორი ინვოისი საერთო თანხით - 175,000 ევრო, რომელთანაც არც ხელშეკრულებაა გაფორმებული და არც მიღება-ჩაბარების აქტი არ არის შედგენილი. „შესაბამისად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოთქვას მოსაზრება აღნიშნული 364,931 ლარის ოდენობის ხარჯის რეალობაზე“, - ნათქვამია დასკვნაში, სადაც საუბარია 2012-2013 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაწეულ ხარჯებზე.
დოკუმენტის მიხედვით, დეპარტამენტის მიერ ანაზღაურებულია თანამშრომლის მივლინების დროს გაწეული როუმინგის მომსახურების ხარჯები 4, 3 ათასი ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მისი ყოველთვიური ლიმიტი 120 ლარს შეადგენდა.
თუკი თორდიას უწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტს თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება, 2012 წელს, ფოთში 294 ცალი მწვანე სანათის დამონტაჟებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნათურების 80 პროცენტი (ღირებულება -119.7 ათასი ლარი) დაზიანებული იქნა სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას და მერიას შემუშავებული შესაბამისი მექანიზმი არ ჰქონდა, რომელიც აღნიშნული ზიანის თავიდან აცილებას უზრუნველყოფდა.
ნათურების გარდა, ფოთის მერიამ აუდიტის სამსახურის საყვედური სატრანსპორტო საშუალებებისგან არმიღებული თანხების და ლიფტების მოვლა-პატრონობისთვის გამოყოფილი თანხების გამოც დაიმსახურა.
„2012-2013 წლებში, ფოთის მერიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები მომწოდებელთან მრავალსართულიანი სახლების ლიფტების მოვლა-პატრონობის მომსახურების გაწევის მიზნით, რომლის საერთო ღირებულება 96.5 ათასი ლარია. სახელშეკრულებო ღირებულება ითვალისიწინებდა ლიფტების გამართულად ფუნქციონირების ხარჯებს მთელი წლის განმავლობაში. თუმცა, მომწოდებელმა მერიასთან შეთანხმების გარეშე, მოსახლეობას ლიფტით სარგებლობის მომსახურების საფასური დაუწესა და მიღებულმა შემოსავალმა 95.0 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ერთი და იმავე მომსახურების დაფინანსება ხორციელდება როგორც ქალაქის მერიის, ისე თავად მოსახლეობის მიერ“, - ნათქვამია დასკვნაში.
თუკი აუდიტორები ფოთის მერიას ნათურებთან და ლიფტის გადასახადთან დაკავშირებით ედავებიან, გორის ხელმძღვანელობას გამოყენებული საწვავის გამო აკრიტიკებენ. დოკუმენტით, 2012-2013 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირებზე გაცემულია 109.5 ათასი ლიტრი საწვავი. აღნიშნული რაოდენობიდან 30.9 ათასი ლიტრი მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემულია ზღვრული ლიმიტების დაწესების გარეშე და აღნიშნული გარემოება საწვავის არაეკონომიური ხარჯვის მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს.
ფოთისგან და გორისგან განსხვავებით, აუდიტის სამსახური ოზურგეთში სოციალური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს აფიქსირებს და აცხადებს, რომ 2013 წელს, სოციალური პროგრამებიდან 41.3 ათასი ლარი აუთვისებელი იყო, მაშინ, როდესაც ბენეფიციარად აღრიცხვაზე პროგრამის დაფინანსების უკმარისობის გამო, უფასო სასადილოს მომსახურებაზე ხუთ პრეტენდენტს უარი ეთქვა (ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიურად - 1.68 ლარი).
რაც შეეხება სხვა უწყებებს, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის 2012 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე, ესპანეთში მივლინების პერიოდში, მინისტრის მოადგილე მამუკა ვაწაძისთვის ანაზღაურებულია კავშირგაბმულობის ხარჯი 4.8 ათასი ლარის ოდენობით. კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით კი, აღნიშნული თანამდებობის პირის მიერ გაწეული მსგავსი სახის ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა და ლიმიტებს ზევით ანაზღაურებულია - 9.9 ათასი ლარი.
თორდია საკუთარი ხელისუფლების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილის უწყებაზე წერს, რომ კავშირგაბმულობის ხარჯის სახით ჩამოწერილია მივლინენებები და აპარატის თანამშრომლების მიერ როუმინგით სარგებლობის ღირებულება.
„აღნიშნული ღირებულებები ანაზღაურებულია, როგორც ამ თანამშრომლებისათვის მობილურ ტელეფონებზე მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ლიმიტების, აგრეთვე ლიმიტებს ზევითაც. სულ ასეთი სახით ანაზღაურებული თანხა 13.2 ათას ლარს შეადგენს. მათ შორის ლიმიტის ფარგლებში - 3.3 ათასი ლარი (აქედან 2.5 ათასი ლარი ანაზღაურებულია შეუზღუდავი ლიმიტის მქონე ნომრებზე), ლიმიტებს ზევით - 9.9 ათასი ლარი. შესაბამისად, 9.9 ათასი ლარი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა“, - ნათქვამია დასკვნაში, სადაც საუბარია ავტომანქანა „ტოიოტა LC -200“-ზე გაწეულ ხარჯებზე, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, ეს ავტომობილი აპარატს რომელ წელს ეკუთვნოდა.
დასკვნის მიხედვით, აპარატის ბალანსზე ავტომობილი 57 დღის განმავლობაში ირიცხებოდა და აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანაზე გაწეულია - 16,5 ათასი ლარის ხარჯი. მათ შორის, შეკეთება - 10,5 ათასი ლარი. აღნიშნულ ავტომანქანაზე ხუთი დღის განმავლობაში ათვისებულია მთელი თვის საწვავისა და რეცხვის ლიმიტი.
აღსანიშნავია, რომ დასკვაში ყურადღება გამახვილებულია 2012-2013 წლებში, საჯარო სამახურში გაცემულ პრემიებზე და ნათქვამია, რომ საკრებულოს დეპუტატებზე პრემიის სახით 13.3 ათასი ლარი მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ გაიცა.
ლაშა თორდიას უწყების დაკვნაში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2010-2012 წლების აუდიტით, შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ წყალსატევებში წყალარინების ქსელიდან ჩამდინარე სითხის გამწმენდი ნაგებობები არ მოეპოვება და აღნიშნული სითხის გაწმენდითი სამუშაოები არ ხორციელდება. უწყების შეფასებით, საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნები ირღვევა.
„რიგ შემთხვევებში, წყლის დაცვის მიზნით, არასრულყოფილია ან საერთოდ არ არის შექმნილი სანიტარიული დაცვის ზონები სათავე ნაგებობებსა და სათავე ნაგებობებიდან ჩამომდინარე წყლისთვის შექმნილ რეზერვუარებთან“, - ნათქვამია დასკვნაში, რომელსაც დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე თავად ლაშა თორდია წარუდგენს.