პოლიცია შსს-ს, უშიშროების ნაწილი - უსაფრთხოების სამსახურს

პოლიცია შსს-ს, უშიშროების ნაწილი - უსაფრთხოების სამსახურს

1-ელი აგვისტოდან, ქვეყანას შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით ისეთი „ძლევამოსილი“ უწყება აღარ ეყოლება, როგორც დღეს ჰყავს. ძალოვანი უწყება ორ ნაწილად გაიყოფა, შსს-ს უფლებემოსილების არეალი საპოლიციო სისტემით შემოიფარგლება, ხოლო უშიშროების ნაწილი სამართავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადაეცემა.

შესაბამისი ცვლილებები 55 კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს.

მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფუნქციონირებას 1-ელი აგვისტოდან დაიწყებს, რომლის ხელმძღვანელსაც ექვსი წლის ვადით, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტი აირჩევს. შესაბამისად, უწყება ანგარიშვალდებული დეპუტატებისა და მთავრობის წინაშე იქნება.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შსს-ს რეფორმის ფარგლებში, უწყების დეპოლიტიზირება მოხდება, არასამთავრობო სექტორი კი, ფასადურ ცვლილებებზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს შსს-ს იურიდიული სამმართველოს უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ განუცხადა, ცვლილებებით, საპოლიციო და უშიშროების ფუნქცია მკაფიოდ გამიჯნული იქნება და ფუნქციათა აღრევა არ მოხდება.

მისი განმარტებით, შსს-ში საპოლიციო დანაყოფები დარჩება, კერძოდ - კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, უწყებაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია და საგანგებო სიტიუაციების სააგენტო, ხოლო უსაფრთხოების სამსახურში გადავა - კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი.

„რეფორმის მთავარი პრინციპი უწყების დეპოლიტიზირებაა. როცა შსს-ს რეფორმის კომისია შეიქმნა, მაშინ განისაზღვრა, რომ ფუნქციები გამიჯნული ყოფილიყო და სისტემა შემდგომი რეფორმისთვის მომზადებულიყო, რადგან ამ სისტემის განვითარების პროცესს ჭარბი ძალაულება ხელს უშლის და აფერხებს“, - განაცხადა ოქროპირიძემ, რომელიც ირწმუნება, რომ არ ფლობს ინფორმაციას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვინ იქნება.

ოქროპირიძისგან განსხვავებით, აღნიშნული სამსახურის შესაძლო ხელმძღვანელებზე for.ge-სთან გივი თარგამაძე საუბრობს და ამბობს, რომ ამ უწყებას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის რომელიმე წევრი უხელმძღვანელებს.

თარგამაძის შეფასებით, შსს-ს რეფორმა საჭიროა, მაგრამ როცა ყველაფერს არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, შსს-ს გაყოფას აზრი არ აქვს. მისი მოსაზრებით, თუკი ხელისუფლებას პოლიტიკურ პოლიციაზე უარის თქმა სურს, მაშინ „სუსი“ უნდა გაუქმდეს, რომელიც „კა-გე-ბე“-ს გადმონაშთია.

„შსს-სგან უშიშიროების ნაწილი გამოყოფილი შევარდნაძის დროსაც იყო, მაგრამ მაშინ რა ვითარება იყო, კარგად გვახსოვს. როცა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას ჩამოსცილდება, მაშინ შსს-ს რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ცვლილებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ეს ინიციატივა შედეგს ვერ მოიტანს. დარწმუნებული ვარ, ამ სამსახურის ხელმძღვანელი ივანიშვილის კადრი იქნება. ანუ, პირადი მცველთაგან ერთ-ერთი“, - აცხადებს თარგამაძე, რომლისგან განსხვავებით, ცვლილებებს პოზიტიურად უყურებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია.

for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო დაპირებას ასრულებს, რაც მიზანად პროკურატურისა და შსს-ს სისტემების რეფორმას ისახავს.

დეპუტატის განცხადებით, მთავარია, რომ შსს-ს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფა და ძალაუფლების კონცენტრაცია რომელიმე ერთ უწყებაში არ მოხდება.

„უსაფრთხოების სამსახურში უფლებამოსილებების გამიჯვნის ნაწილში, მეტ დეტალიზაციას ვისურვებდი და კომიტეტის მუშაობის დროს, ამაზე ყურადღებას გავამახვილებთ, რათა დუბლირება გამოირიცხოს“, - დასძენს კორძაია.

უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციები სკეპტიკურად უყურებენ და ტექნიკური სახის ცვლილებებზე საუბრობენ.

როგორც for.ge-ს სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის თავმჯდომარემ, ლაშა გიორგაძემ განუცხადა, ის რეფორმის განხორციელების პოლიტიკურ ნებას ვერ ხედავს. მისი თქმით, შსს-ს რეფორმა ამ ცვლილებების მიღებისთანავე დასრულდება.

„პოლიტიკურ ნებას ვერ ვხედავ, რომ ეს რეფორმა გაგრძელდეს. თუკი სისტემა დახურული იქნება, ის პოლიტიზირებული იქნება თუნდაც მთვარეზე რომ წავიღოთ“, - დასძენს გიორგაძე, რომლის მსგავსად, ცვლილებებს აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა და სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

for.ge-სთან საუბარში ვერძეული აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურების გამოყოფა მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც მხარს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერდნენ, შსს-ს დღეს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, რაც უნდა გაიმიჯნოს. ვერძეულის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად ტექნიკური ცვლილებები მომზადდა, ვიდრე სამართალდამცავი უწყების ძირეული გარდაქმნაა.

„უწყების დეპოლიტიზირება და საპოლიციო საკითხები ისევ პრობლემად რჩება. კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ დაინიშნება, მაგრამ გარე კონტროლის ეფექტური მექანიზმები არ არის. რეფორმა საწყისი ეტაპიდან არასწორად დაიგეგმა და სივრცე არ იყო, რომ ფუნდამეტურ პრობლემებზე გვემსჯელა. რეფორმა ზედაპირული და ტექნიკურია“, - დასძენს ვერძეული.

პარლამენტი ცვლილებებს საკომიტეტო მოსმენების ფორმატში პირველი მოსმენით განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკითხზე 5 ივნისს იმსჯელებს და დეპუტატთა შენიშნებიც გამოითქმება.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსებას, უწყება ფუნქციონირებისთვის 36 მილიონ 743 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვს და ოქროპირიძე ირწმუნება, რომ რეფორმის ფარგლებში, მოსალოდენლი არ არის კადრების გაშვება, ან შემცირება.