ავსტრიის პრეზიდენტის შემდეგ საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყნის, ესტონეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. ტოომას ჰენდრიკ ილვესი თბილისს ოფიციალური ვიზიტით 2 ივნისს ესტუმრა და ქართველ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებიც უკვე გამართა.
ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ორ ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაა, თუმცა, ესტონეთის პირველი პირი საქართველოში მისი სტუმრობის სხვა ფაქტებსაც იხსენებს, საქართველოს კონტექსტში ევროპის უსაფრთხოების საკითხებზეც ამახვილებს ყურადღებას და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ჰპირდება.
„შესანიშნავია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. 2011 წელსაც ვეწვიე საქართველოს ბათუმში, რომ არაფერი ვთქვათ 1997 წელსა და 1988 წელზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოვლენა გახლდათ 2008 წელს სტუმრობა, რადგან რუსეთის ცაზე გადმოფრენა მაშინ არ იყო უხიფათო და აზერბაიჯანიდან, შემოვლითი გზებით მომიწია საქართველოში ჩამოღწევა. შემდეგ მანქანით ჩამოვედით საქართველოში სწორედ გახურებული ომის პერიოდში“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ესტონელმა სტუმარმა და განმარტა, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია და ამ ცვლილების საწყის წერტილად სწორედ, 2008 წელი და საქართველოში რუსეთის შემოჭრა შეიძლება დასახელდეს.
„ჩვენც შეგვეხო მთელი ეს პროცესი – ლატვიელებს, ლიტველებს, ესტონელებს. ფაქტობრივად, ყოველივე ამის შედეგად ახალი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა საქართველოში“, - განაცხადა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.
ესტონეთის პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს სწრაფვას მიესალმება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქართველოს საამისოდ ჯერ საშინაო დავალებები აქვს შესასრულებელი. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საკითხი კი მხოლოს ტექნიკური ხასიათის დეტალების მოგვარების შემდეგ, რამდენიმე თვეში გადაწყდება.
„წლის ბოლოსთვის იქნება გადაწყვეტილება მიღებული ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ არის დრო საჭირო იმისათვის, რომ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია მოხდეს. უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ვერ გააბედნიერებს ყველას, ვისაც აქვს მოგზაურობის სურვილი, ამ გადაწყვეტილების პირობებს და ასპექტებს განხორციელება სჭირდება. ფაქტობრივად, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს პასპორტი ყველა პროტოკოლს შეესაბამება. ვნახოთ, რა მოხდება ხუთ თვეში, ალბათ, ეს ყველაფერი განხორციელედება“,- განმარტა ესტონეთის პრეზიდენტმა.
ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსული მხარის ცინიკურ განცხადებებსაც გამოეხმაურა. „თქვენ სერიოზულად უყურებთ ყველაფერს, რაც რუსეთიდან მოდის?“- ამგვარი კონტრშეკითხვით მიმართა მან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ რიგის სამიტის შედეგებზე დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც, რუსებმა რიგის შეხვედრა შეაფასეს როგორც „ახალი შეხვედრა ძველი სიმღერის ფონზე“. ილვესის განმარტებით, სამიტი წარმატებული იყო, ხოლო, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საქართველოს მხრიდან მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებას უკავშირდება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით კი საქართველოს პირველი შედეგები უკვე აქვს, რადგან 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მარტამდე საქართველოდან ექსპორტი ევროპულ ქვეყნებში 12 პროცენტით გაიზარდა.
„ჩვენ ვართ ევროდემოკრატიის მომხრენი, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჭიროა მისი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან. რასაკვირველია, კარგია ევროკავშირის წევრობა, გეყოლებათ უამრავი მეგობარი, რომელიც დაგიცავთ და ა.შ. მაგრამ საქართველომ ჯერ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს ამისათვის“, - აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას რუსეთის ფაქტორი ვერ შეაფერხებს.
„1996-1997 წლებში, როცა მე ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი პოზიცია იყო, ესტონეთი გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის თუნდაც კანდიდატი... ფაქტობრივად, ჩვენ დავისახეთ მიზანი და ამას მივაღწიეთ, ისევე, როგორც პოლონეთმა. რასაკვრველია, მოსკოვი ამის წინააღმდეგი იყო და გარკვეული ქვეყნები პოლიტიკური მიზნებით მოქმედებდნენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ორიენტირებული ვიყავით მეგობრებზე, კარგი ურთიერთობები დავამყარეთ ევროკავშირის მრავალ ქვეყანასთან. საქართველომაც რასაკვირველია, უნდა გაიზიაროს ის კარგი განწყობები, რომელიც უმრავლეს ქვეყანას მის მიმართ გააჩნია. ეს საკმაოდ გრძელი პროცესია. ჩვენ 1995 წელს მოვაწერეთ ხელი ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას, ევროკავშირს კი შევუერთდით 2004 წელს. ასე რომ, არც თუ ისე სწრაფად მომხდარა ეს ყველაფერი ასოციაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ. მაგალითად, პოლონეთს დაახლოებით 15 წელი დასჭირდა ევროკავშირში გაწევრიანებამდე ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან. ხოლო, თურქეთს ასოცირების შეთანხმებაზე 1964 წელს აქვს ხელი მოწერილი. ასე რომ, ამ საკითხის სწრაფად გადაჭრა არ ხდება“, - აღნიშნა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა. პრესკონფერენციის დასასრულს კი განმარტა, რომ ვიდრე ესტონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებოდა ბევრი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ შედეგი მაინც დადგა.
„მე მინდა გითხრათ, რას ფიქრობდა ბევრი ქვეყანა ჩვენთან დაკავშირებით 2005 წელს, თუ უფრო ადრე - „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო“ და სხვა იგავებს იხსენებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენმა გზამ გაამართლა“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კი პრესკონფერენციაზე ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ესტონეთის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული კურსის ურყევობა დაუდასტურა.
„მე დავარწმუნე ჩემი კოლეგა პრეზიდენტი, რომ საქართველო ამ გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს იმ ძალისხმევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს და რომელმაც საქართველოს პოლიტიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ვექტორად, თუ არა უმთავრეს ვექტორად, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი დასახა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში საქართველოს ძალიან ბევრი სერიოზული მოკავშირე ჰყავს, რაც ქვეყნის მიერ არჩეული კურსის წარმატების საფუძველი გახდება.
„ევროკავშირთან ინტეგრაციის მზაობას ადასტურებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და გამოკითხვები. ჩვენ მუდმივად ვიმუშავებთ ყველა ეჭვის გასაქარწყლებლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ კავშირთან ინტეგრაციას ეხება... სკეპტიკოსთა რიცხვი, რა თქმა უნდა, დაფიქსირდება, მაგრამ მათი ხმა იქნება ძალიან სუსტი და ძალიან მცირე“,- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ესტონეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა. ოფიციალურ სადილს საქართველოს და ესტონეთის დელეგაციები დაესწრნენ. სადლზე, ისევე როგორც, დახვედრის ოფიცილაურ ცერემონიალზე, საქართველოს და ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს 3 ივნისსაც გაარძელებს.