სააკაშვილის ბედი წულუკიანის ხელშია

სააკაშვილის ბედი წულუკიანის ხელშია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის სწრაფად გადაწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, განსხვავებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისგან, რომლის განმარტებით იუსტიციის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს დოკუმენტი, რის საფუძველზეც სააკაშვილს უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა.

„ორმაგი მოქალაქეობა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეზიდენტი გამორჩეული დამსახურებისთვის პერსონალურად ანიჭებს ვიღაცას მოქალაქეობას. სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა. ამ შემთხვევაში არსებობს პროცედურა, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დოკუმენტალურად დასაბუთებული არგუმენტი უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს იმისა, რომ ექსპრეზიდენტი ნამდვილად გახდა უკრაინის მოქალაქე. მხოლოდ ამის შემდეგ პრეზიდენტი ვალდებულია იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებულ არგუმენტს მოაწეროს ხელი და შეუწყვიტოს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება - ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. 

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოქალაქეობის დაკარგვასთან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქალაქეობის საკითხებს არეგულირებს, გახლავთ ავტომატური საფუძველი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის, ეს საფუძველი ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.

მოქმედი კანონმდებლობით, ავტომატურობა გულისხმობს იმას, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეცია არ გახლავთ ამ შემთხვევაში, პირს ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დასაბუთებული წარდგინებით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და ამის შემდეგ ხდება მოქალაქეობის ჩამორთმევა“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ჯერ კიდევ აქვს, სანამ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო არ შეადგენს დასკვნას და არ მიმართავს პრეზიდენტ მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნით. იუსტიციის სამინისტრო კი შესაბამისი დასაბუთებული დოკუმენტაციის წარდგენას არ ჩქარობს.

„მე არ ჩავვარდებოდი ცაიტნოტში, იმიტომ, რომ ყველა ბერკეტი სააკაშვილმა მოგვცა ხელში. ბურთი ჩვენს მოედანზეა და ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ წყნარად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა გვინდა, მაშინ მივიღოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ოდესის ახალი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ.მ საკანში ჯდომას, სხვა მის მეგობრებთან ერთად. მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.

„მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება. დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ.მ საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, თუმცა მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დადგა გარემოებები - ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ აჩერებენ, ჭკუაზე ვერ მოვიდნენ, ისევ აპირებენ თავის მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ არა, ეს ამას არ ცვლის. ამიტომ, როგორც ამ საქმეებს გააუქმებინებს ქართველი ხალხი, ასევე მოქალაქეობის საკითხს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ მაჭავარიანი განცხადებით, მთავრობას შეუძლია, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს, კერძოდ კი, მას საქართველოს მოქალაქეობა ყოველგვარი მიმართვის გარეშე მიანიჭოს. 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს პროცედურები. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მთავრობას არ მოეწონა, ერთია, რუსეთის პრემიერ-მინისტრი და მეორე საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრმა უნდა მოიკვლიოს საბუთები და პრეზიდენტს მიმართოს შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქნება. საკითხს გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის წინააღმდეგ არსებობს სისხლის სამართლებრივი პროცედურები და ამ წუთებში ირკვევა, როგორ წავა ჰააგაში სხვადასხვა პროცედურა და ასევე, არის ექსტრადირების საკითხი. იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში დარჩება მანამ, სანამ სააკაშვილი არ აგებს პასუხს ჩადენილი ქმედებების გამო ქართული კანონის წინაშე.

იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს საკონსტიტუციო გარანტიები არ აქვს ევროპულ ქვეყნებში, ევროპის სივრციდან სააკაშვილის ექსტრადაცია გამორიცხულია.

„რაც შეეხება უკრაინას, სააკაშვილის ექსტრადაცია ფაქტობრივად გამორიცხულია, იქედან გამომდინარე, რომ უკრაინის კონსტიტუცია კრძალვას უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. მიუხედავად ამ საკონსტიტუციო გარანტიისა, რომელიც ახლა შეიქმნა ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ, უკრაინის ხელისუფლება მანამდეც უარს აცხადებდა სააკაშვილის გადმოცემაზე. ჩემი ინფორმაციით, ამის საფუძველი იყო ის ორმხრივი ხელშეკრულებები და ევროკონვენცია ექსტრადიციის შესახებ, რომლის მონაწილეც არიც უკრაინა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ჯანდიერი.