ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გემს ადარებს და ირწმუნება, რომ პარტიის რღვევა მოსალოდნელი არ არის. მისი მოსაზრებით, პარტიაში მიხეილ სააკაშვილი პრობლემა ვერ იქნება და პარტიასთან მისი სახელი მანამდე იქნება გაიგივებული, სანამ მიშა აქტიურ პოლიტიკაშია. კანონმდებელი ფიქრობს, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში სხვა ჯგუფთან ერთად, ან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მაინც მოვა.
ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, for.ge დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მას უკრაინაში პოსტის დაკავება საქართველოს მოქალაქეობის დათმობის ფასად უღირს?
ხელისუფლების გადასაწყვეტია, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ თუ არა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის წარმატებაზე საქართველოს ბედია დამოკიდებული, მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ის, უკრაინა წარმატებული იქნება თუ არა. თუკი უკრაინა წარმატებული იქნება, ქართული სახელმწიფო თავიდან კონფლიქტს აიცილებას, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი რიგი დადგება.
ანუ, თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის?
- ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ავტომატურად მხარდაჭერას ქართულ სახელმწიფოსა და მის ხვალინდელ დღეს უცხადებს.
იმ შემთხვევაში, თუკი, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა, ის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამას როგორ აფასებთ?
- ჩვენ იძულებული გავხდებით, პარტიის შინაგანაწესი დავიცვათ. პარტია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს, მაგრამ ვნახოთ, მთავრობა რა ნაბიჯს გადადგამს.
ცნობილია, რომ პარტიიდან ხაჩიძე-კუბლაშვილ-ჯაფარიძე-მელაძის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ყოფილი პრეზიდენტი იყო. სააკაშვილი პრობლემას წარმოადგენდა?
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილი პრობლემა ვერ იქნება და პარტიასთან მისი სახელი მანამდე იქნება გაიგივებული, სანამ მიშა აქტიურ პოლიტიკაშია. ჩვენ რომ ჭკუა გვყოფნიდეს, სააკაშვილის რესურსი დადებითად უნდა გამოგვეყენებინა. იმ ადამიანების აბსოლუტურად მესმის, ვინც ჩვენს მიერ მიყენებული ტკივილის გამო ჩვენზე შურს იძიებს, მაგრამ ხელისუფლება ენერგიას ჩვენთან ბრძოლაში კი არ უნდა ხარჯავდეს, არამედ საქმეს უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი დასავლელი პარტნიორების თვალში დავამარცხოთ, ისინი კი ფეხზე წამოდგომას ლამობენ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ენერგია დაცემა-ადგომაში იხარჯებოდეს, საქმეს უნდა ვხედავდეთ. რაც არ უნდა იძახონ, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მობრუნდება, მათ უნდა იცოდნენ, რომ პიროვნებები მობრუნდებიან, რადგან პოლიტიკოსების ცვლას თაობები სჭირდება და ამჟამად, ვერავინ გამოიჩეკება. ახალი თაობა უნდა გაიზარდოს და გამოცდილება შეიძინოს. პოლიტიკაში ვინც შეიძლება იყოს, ყველა ჩანს და ვისაც არ უნდა, იმას ძალით ვერავინ მოიყვანს. ხელისუფლებაში სხვა ჯგუფთან ერთად, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მაინც მოვალთ. ხელისუფლებაში გუგული მაღრაძე თუ დაბრუნდა, ვინმესთან ერთად მეც დავბრუნდები. ეს გარდაუვალია, რადგან პოლიტიკას ჩვენ ვქმნით.
თქვენი პარტიის ლიდერი საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილია და ის ძირითადად, skype-ით გელაპარაკებათ. ის თავმჯდომარის პოსტს სხვას, რატომ არ უთმობს?
- მიშა პარტიის თავმჯდომარეა, თუმცა, პარტიას პოლიტსაბჭო და მდივნები ჰყავს. ანუ, პარტიის საქმიანობას სტრუქტურები განსაზღვრავს. ძლიერები იმით კი არ ვართ, რომ თავმჯდომარე სააკაშვილია, არამედ იმით, რომ საქმიანობას სტრუქტურები განსაზღვრავს. ხელისუფლება სააკაშვილის წონას და გამოცდილებას რომ არ იყენებს, სტრატეგიების დაგეგმვისას ამაზე უარი ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ?
სააკაშვილის რესურსს თქვენ იყენებთ?
- რა თქმა უნდა, ვიყენებთ.
ამ დროის მონაცემებით, პარტიისთვის ყოფილ პრეზიდენტს რა სარგებელობა მოაქვს?
- მიშას შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ იმაზე მეტი არაფერი უთქვამს, რაც ბობოხიძეს, მაგრამ მოსახლეობამ მხარი მანამდე არ დაგვიჭირა, სანამ ხალხმა სააკაშვილის სახით ლიდერი არ დაინახა. ასეთი ადამიანები ხელოვნურად არ იჩეკებიან. პარტიას გამარჯვების რწმენა სააკაშვილთან ერთად აქვს და თუკი პარტიის ლიდერი მე ვიქნები, შეიძლება, თანაპარტიელებმა გამარჯვების რწმენა დაკარგონ. პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს ჩვენი საქმეა.
თქვენი პარტიის რიგები ოთხმა დეპუტატმა დატოვა და გუნდიდან კადრების გადინებას გამორიცხავთ?
- არანაირი რღვევა არ იქნება. როცა ადამიანი ნავიდან ხტება, ნავი ტორტმანს იწყებს და შეიძლება ამოყირავდეს კიდეც, მაგრამ როცა ადამიანი გემიდან ხტება, გემი ამას ვერ გრძნობს. ამიტომ, ვთვლი, რომ პარტია გემს უფრო ჰგავს. ამ ბიჭების წასვლა ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ მათი განცხადება დაბნეული ადამიანების პოზიცია უფრო იყო, რომელთაც მკაფიოდ და ნათლად არ აქვთ წარმოდგენილნი, მომავალში როგორ უნდა იმოქმედონ. გული ძალიან მწყდება, რომ მეგობრები ჩამოგვშორდნენ, თუმცა, იმედია, ისინი საერთო საქმეს არ ჩამოშორდებიან. მათი საქმიანობა რამდენად წარმატებული იქნება, ამაში ეჭვი შემაქვს.
ახალი სახეების მოზიდვის თვალსაზრისით, გარკვეული განცდა მეც მაქვს, მაგრამ ახალი სახეები ხელოვნურად არ იზიდება და არ იჩეკება. დღეს, საქართველოში იმის ფუფუნება არ არის, რომ სადმე კვალიფიციური, ახალი სახე იყოს და მას სამსახური არ ჰქონდეს.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თქვენი პარტია სამ ჯგუფად იყოფა...
- „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოფა. ნაციონალები მხოლოდ ბობოხიძეზე, ბოკერიასა და ჯაფარიძეზე არ არიან დამოკიდებულნი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტიის წევრებიდან ყოფილ თანაგუნდელებს არავინ გაჰყვება. მმართველ გუნდს სახეზე ეტყობოდა, რომ ჩვენს რიგებში მიმდინარე პროცესები უხაროდა, მაგრამ ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დაასამარებს.
თქვენი ყოფილი თანაგუნდელები პარტიის განახლებაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბრობდნენ?
- ძალიან ძველი სახე ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარტია მუდმივად განახლების პროცესში უნდა იყოს. იმისათვის, რომ პარტიის განახლება მოხდეს, დემოკრატიული პროცესები უნდა დაინერგოს. ხელოვნურად ვერცერთი წევრი ვერაფერს გააკეთებს. მკაცრად ცენტრალიზებული პარტია ვიყავით და თანდათან გახსნილი პარტიის რეჟიმში უნდა გადავსულიყავით. რებრედინგია ის, რომ ჩვენს თავში ძალა მოვიძიოთ და ლიდერებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობით ვაჯობოთ. მოწინააღმდეგები გვსაყვედურობენ, რომ თურმე, ვერ ვახლდებით, მაგრამ მათ თუკი ახალ სახეს წარვუდგენთ, ის ორ კვირაში ძველი ხდება. ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, პარტიას ძველი სახეები ეყოლება თუ ახალი. ზურა ჯაფარიძესაც იგივე ცხრა წელზე ესაუბრებოდნენ, რაზეც კაკო ბობოხიძეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ახლდაბადებულიც რომ დავნიშნოთ, ისიც ცხრაწილიან რეჟიმთან ასოცირდება.
ანუ, პრობლემა არა „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ ლიდერებშია?
- თუკი დანაშაულს ჩავდიოდით და თუკი პრობლემას ვუშვებდით, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უშვებდა, არამედ კაკო ბობოხიძე და ა.შ. ეს ადამიანები სადაც არ უნდა წავიდნენ, მათ ეს პასუხისმგებლობა გაჰყვებათ. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ერთ ხმაში ვსაუბრობდით, თუმცა, გუნდში ისეთივე ჭიდილი იყო, როგორც ახლა მმართველ გუნდშია.