პარლამენტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. for.ge-ს ინფორმაციით, უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავოს, ხოლო უმრავლესობას ზვიად კვაჭანტირაძემ უხელმძღვანელოს.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, მმართველი გუნდი ირაკლი კოვზანაძისთვის თანამდებობას ეძებს და მას შემდეგ, რაც მისთვის პოსტი შერჩეული იქნება, პარლამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდება.
for.ge-ს ინფორმაციას თავად ზვიად კვაჭანტირაძე კატეგორიულად არ უარყოფს და ვარაუდობს, რომ „რაღაც ცვლილებები განხორციელდება“. მისი მტკიცებით, სკანდალური არაფერი მოხდება და ყველაფერი საქმის უკეთ წარმართვისთვის გაკეთდება.
„ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩემი მეგობრები დავაწყნარო. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არც დამისახელებია და ეს არც ფრაქციისთვის მითხოვია. საკადრო ცვლილებებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც ცვლილებები განხორციელდება, თუმცა, სკანდალური არაფერი იქნება და ყველაფერი საქმის უკეთ წარმართვისთვის გაკეთდება“, - დასძენს კვაჭანტირაძე, რომლის კანდიდატურაც ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ორჯერ განიხილებოდა, მაგრამ ორივეჯერ, პოსტი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებმა - თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა დაიკავეს.
რაც შეეხება საგანელიძის პოზიციას, for.ge-სთან საუბარში უმრავლესობის ლიდერი ყურადღებას საქართველოს განვითარების ბანკის შექმნაზე ამახვილებს და ამბობს, რომ საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ რომც იყოს, ის შეთავაზებაზე უარს იტყვის.
საგანელიძის შეფასებით, უმრავლესობის ლიდერის პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის თემას რატომღაც ორი წელიწადია ატრიალებენ.
კანონმდებელი ვარაუდობს, რომ ამ თემის აგორების მიზეზი ისაა, რომ ის საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის იდეაზე საუბრობს.
„საპარტნიორო ფონდზე შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ რომც იყოს, შეთავაზებაზე უარს ვიტყვი, რადგან ქვეყნისთვის საპარტნიორო ფონდი ის საფინანსო ბერკეტი არ არის, რომელიც დიდ პროექტებში ჩართვის საშუალებას მოგვცემს. ამისთვის ფონდი საკმარისი არ არის და ფონდისგან ბევრად უფრო დიდი საფინანსო ინსტიტუტი უნდა გაკეთდეს. იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ პარლამენტში საკმაოდ დიდი პოსტი და ვალდებულება დავტოვო და ფონდის ხელმძღვანელად წავიდე. ეს გამორიცხულია, მაგრამ თუკი ქვეყანაში რომელიმე დიდი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნება, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.
საგანელიძის ცნობით, საქართველოს განვითარების ბანკის შესაქმნელად გერმანიის განვითარების ბანკმა 350 ათასი ევრო გამოყო და კვლევას ატარებს, ხოლო შეიქმნება თუ არა, ამის შედეგი ცნობილი ივნისში გახდება.
„საქართველოს ეკონომიკის არა მხოლოდ გაუმჯობესებისთვის, არამედ ძირფესვიანად შესაცვლელად საჭიროა სარიოზული სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტის შექმნა. ეს იქნება - ქვეყნის განვითარების ბანკი, თუ საქართველოს განვითრების კოორპორაცია. მსოფლიოს მასშტაბით 200-მდე ასეთი ბანკი არსებობს. ეს ბანკი იმ ინსტიტუტების ბაზაზე უნდა შეიქმნას, რომელიც საქართველოში არსებობს. მათ შორის საპარტნიორო ფონდის, სადაც ფინანსური აქტივების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ამ იდეას ის მოაბეს, რომ თითქოს, საგანელიძე ბანკში გადადისო და ა.შ.“, - აცხადებს საგანელიძე.
დეპუტატის მტკიცებით, ამ ბანკის შექმნის იდეა არ ჩამქრალა.
„თუკი გერმანიის განვითარების ბანკის დასკვნა დადებითი იქნება, მაშინ, მეორე ეტაპი დაიწყება - ბანკი თუ როგორი უნდა იყოს. თავდაპირველად, ამ იდეის გაჟღერებისას, კომერციულმა ბანკებმა ისე გაიგეს, რომ საქართველოს განვითარების ბანკით მათი ალტერნატივა იქმნება, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ეს ბანკი მათ გააძლიერებს და მათი კონკურენტი არ იქნება. როდის შეიქმნება, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, - აღნიშნავს საგანელიძე.
უმრავლესობის ლიდერი ყურადღებას ჩინეთში გამართულ შეხვედრებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ის ჩინეთში აზიის ინფრასტრუქტურის განვითრების პრეზიდენტს შეხვდა.
„მასთან ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. ჩინეთის ამ ბანკის საწესდებო კაპიტალი 110 მილიარდია და 40 ტრილიონის ინვესტიცია უნდა გააკეთონ იმ პროექტებში, რომელიც ე.წ. აბრეშუმის გზის სარტყელებს მოიცავს. ამ ბანკის ხელმძღვანელს ვუთხარი, იქნებ, ამ პროექტში საქართველო ჩაჯდეს-თქო და სამწუხაროდ, იმ რუკებში საქართველო ჯერ არ არის. იმისთვის ვიბრძვით, რომ იქნებ, ამ პროექტში ჩავდჯეთ, რადგან ეს ქვეყნისთვის ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მოვლენებს გავუსწარი და მას ვკითხე, თუკი საქართველოში პროექტები განხორციელდება, ფულს როგორ ჩადებთ-თქო. მან საუბარი შემაწყვეტინა და მითხრა, რომ ქვეყანაში დიდი პროექტებისთვის დიდ ფულს როგორ შემოიტანთ, თუკი პროექტში თქვენი ქვეყნის მონაწილეობა ერთი პროცენტიც არ იქნებაო? მან თქვა, რომ ფულს იქ ჩავდებთ, სადაც სახელმწიფოც თვითონ დებსო. ეს გასაღებია ქვეყნისთვის, ჩვენ კი, ამ იდეას ვტკებნით და ვტკებნით“, - დასძინა საგანელიძემ, რომელსაც for.ge-მ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე კითხვა ისევ გაუმეორა, კანონმდებელი კი დაინტერესდა, თუკი მას უმრავლესობის ლიდერის პოსტზე კვაჭანტირაძე ჩაანაცვლებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობაზე თავად კვაჭანტირაძეს ვინ შეცვლის.
უმრავლესობის ლიდერის თანამდებობიდან დავით საგანელიძის შესაძლო წასვლაზე საუბარი დიდი ხანია არის, მაგრამ ამ პოსტს დაიკავებს თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ამავდროულად, რამდენიმე დღის წინ, for.ge-ს კითხვის საპასუხოდ, ფრაქცია - „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ზვიად კვაჭანტირაძე ძალიან კვალიფიციური ადამიანია და ამ პარლამენტში კომიტეტის შესაძლო თავმჯდომარეობა მისი ბოლო მწვერვალი არ არის“.