"ბიზნესმენ პარლამენტარებს უნდათ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება"

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშაობა და შეფასება მიდის მათ რეალურ შესაძლებლობებზე როგორც რეგიონებში, ასევე - საარჩევნო უბნებში კონკრეტული პიროვნებების მიხედვით, ვის რა შეუძლია მოუტანოს პარტიას გამარჯვებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ, ყველაზე მეტად წნეხის ქვეშ იყო პალიკო კუბლაშვილი.

რა მოტივით დატოვა ოთხმა ნაციონლმა პარტია, რა როლი აქვთ ამ პროცესში ბიზნესმენ დეპუტატებს და სად არის დავით ბაქრაძის ადგილი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

პროდასავლური ცენტრის შექმნის მოტივით 4 ნაციონალის მიერ პარტიიდან წასვლის რეალური მიზეზი რა შეიძლება იყოს, მართლაც ცენტრის შექმნის სურვილი, თუ განხეთქილება პარტიაში?

- ძალიან რთული წარმოსადგენია, რამდენად შეძლებენ ძალიან მოკლე დროში შექმნან ახალი პოლიტიკური ცენტრი, ან ჯგუფი და მოემზადონ არჩევნებისთვის, რადგან ეს საჭიროებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ და საორგანიზაციო რესურსს. მათზე არანაკლებმა ორგანიზატორემა - პატარკაციშვილმა, კიწმარიშვილმა, ოქრუაშვილმა სცადეს პარტიის შექმნა, მაგრამ ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ურთულესი პროცესია.

რაც შეეხება ოთხეულის წასვლას, მიზეზი არის ის - 40%. კვლევის თანახმად, საზოგადოების 40% ახალი პოლიტიკური ძალის და ახალი პოლიტიკური ლიდერების მოლოდინშია. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაზეც დღეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ ბჭობენ, როგორი ფორმით დაიკავონ ეს თავისუფალი სივრცე. ამ 40%-ანი ელექტორატის მიზიდვის პროცესში ჩართულია „თავისუფალი დემოკრატები“. რაღაცა ნაწილი, დაახლოებით 20% მათ უკვე გადაიყვანეს თავის მომხრეებში.

ანუ, შიდა პარტიული უთანხმოება არაა მთავარი მოტივი, რატომაც მიიღეს პარტიის დატოვების გადაწყვეტილება?

- ის, რომ სახეზეა შიდაპარტიული უთანხმოება, ამას ვერავინ ვერ გაექცევა - იქნება ეს პარტიის რებრენდინგის საკითხი, თუ პიროვნული შესაძლებლობები. შეიძლება ადამიანმა თავის თავზე აიღოს რაღაც პაუსხისმგებლობა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეასრულოს. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით, არის პრობლემები. ამ ვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პალიკო კუბლაშვილის თემა. ის, რომ კუბლაშვილი მეტად გამოსულია ამ პოლიტიკურ წრეებში და მისგან მოდის ეს მოვლენები, უკვე პირველივე მოძრაობებიდან გამოჩნდა.

ამ შემთხვევაში რა ინტერესი ამოძრავებდა კუბლაშვილის - ფინანსური, თუ პოლიტიკური?

- ვფიქრობ, რომ ორივე ფაქტთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, კუბლაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ცალკე თამაში უნდა. გვახსოვს კუბლაშვილი როგორი აქტიური დამცველი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემის და რეჟიმის. მისი ძმა იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, „კარგად“ იყვნენ აწყობილები. იგივე მელაძის თემაც მეტწილად უკავშირდება გარკვეულ პრობლემებს, რომელიც არსებობს მასთან და მის ძმასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობდა მელაძეც და მისი ძმაც. ვიცით, რომ მელაძეს არასოდეს გამოუჩენია თავი განსაკუთრებული პოლიტიკური პოზიციებით. ის იყო გუნდის წევრი, რომელიც მიჰყვებოდა არსებულ დინებას.

რაც შეეხება ჯაფარიძეს, როგორც აღმასრულებელ მდივანს, წესით, მას ჰქონდა ძალა-უფლება, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შეძლო გავლენის მოპოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, ცალკე ფენომენია გოგა ხაჩიძე. ამიტომაც, ამ ამბის ასეთი სტრატეგიულ თემად წარმოჩენა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის დასაწყისი, გადაჭარბებული შეფასებაა, გამომდინარე იმ ადამიანებიდან და ფორმიდან, როგორც მოხდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ აქ არის პიროვნული პოლიტიკური ადგილის ძებნა, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ მიაღწევენ. მიაჩნიათ, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც უნდა დაფიქსირდნენ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი და შეძლონ შექმნან თავისი ფრაქცია პარლამენტში. აუცილებელია დაფიქსირდნენ ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად. როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნების გასატარებლად, მათ უხილავი ხელიც პირდება გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერას.

ვინ არის უხილავი ძალა? ითქვა, რომ პარტიიდან გასული 4 ადამიანი აღმოჩნდება იმ პარტიის საარჩევნო სიაში, რომელსაც სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ფარულად დააფინანსებს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ დირიჟორებული პროცესი და ამას ამყარებენ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით - „ნაცინალური მოძრაობასამ ნაწილად გაიყოფა...

- ძალიან ადრეა კონკრეტული დასკვნის გამოტანა. ფაქტია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მათ პოლიტიკური თუ ფინანსური მუხტი მისცეს. ეს არის ივანიშვილი, თუ სხვა ბიზენსმენი მაჟორიტარები, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ფაქტია, რომ ბიზნესმენ პარლამენტარებს უნდათ, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.

საუბარია კახა ოქრიაშვილზე და კობა ნაყოფიაზე...

- ამას დრო აჩვენებს. თუმცა, არავის არ გამოვრიცხავ. პალიკო კუბლაშვილს შეუძლია „პოსლეზე“ მოელაპარაკოს ვიღაცეებს, ის უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ჯაფარიძე-ხაჩიძე-მელაძე. ეს პროცესები ძალიან მალე გამოჩნდება. როგორც გითხარით, არსებობს თავისუფალი 40%, ამიტომაც შეეცდებიან შექმნან ე.წ. ერთი კაცის პარტია, მოიძიონ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებსაც პოლიტიკურ დებატებში შეუძლიათ თავისი პოზიცების დაცვა და შექმან ის 5%-ანი პარტიები, რომელიც მათ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს მოემსახურება. ეს არის ის ცნობილი პროცესი, რაც უკვე მოხდა აღმოსავლეთ ევროპის თუ ბალტიის ქვეყნებში, სადაც მცირე პარტიებსაც აქვთ თავისი ფუნქცია. როგორც ჩანს, სურთ ეს ნიშა დაიკავონ.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდანაციონალური მოძრაობისრებრენდინგი, გამიჯვნა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულში არიან ბრალდებული, ქართულ პოლტიკურ სივრცეშინაციონალური მოძრაობისთვისრჩება ადგილი?

- ჯერ კიდევდ აპრილში ვთქვი, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიხვდება, რომ ყოფილი ლიდრებისგან, კონკრეტულად სააკაშვილისგან უნდა მოახდინოს დისტანცირება, თუ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ საჭიროა ახალი ლიდრების მოძიება, რომლებსაც არაფერი საერთო არ ექნებათ ძველებთან, გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ვიდრე წარმოუდგენიათ. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ ეჩქარებათ ეს პროცესი და ამას ემატება სააკაშვილის ფაქტორი, საბოლოო სიტყვა მაინც მას ეთქმის. სააკაშვილს არ უნდა თავისი როლი დაკარგოს ქართულ პოლიტიკაში, მუდმივად საუბრობს გარკვეულ დაბრუნებაზე და მის როლზე ქართულ პოლიტიკაში. ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი, რომელიც მათ დარჩათ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა მუშაობა და შეფასება მიდის მათ რეალურ შესაძლებლობებზე, როგორც რეგიონებში, ასევე - საარჩევნო უბნებში კონკრეტული პიროვნებების მიხედვით, ვის რა შეუძლია მოუტანოს პარტიას გამარჯვებისთვის. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სიურპრიზი იყო ეს დემარში. როგორც ჩანს, აქ იყო ულტიმატუმის რეჟიმი და უფრო კუბლაშვილის მხრიდან. იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ, ყველაზე მეტად წნეხის ქვეშ იყო კუბლაშვილი, არის რაღაცა მიზეზები, რომელიც ჩვენ არ ვიცით. შემთხვევითი არც ის არის, რომ ივანიშვილი მას ნიჭიერ ადამიანად მოიხსენიებდა. ცხადია, რომ ეს ადამიანები შეეცდებიან პარლამენტში გამონახონ ის ნიშა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ორივე მხარეს ევაჭრონ იმ პოლიტიკურ თემებზე ან ძალთა განლაგებაზე, რომელიც მოქმედ თუ მომავალ პარლამენტში იქნება.

ამ პროცესში სად არის დავით ბაქრაძის ადგილი?

- ჯერჯერობით, მისი ადგილი ცალსახად არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. მას მიაჩნია, რომ ჯერ არ ამოწურა ლიდერის რესურსი, რომელიც შიგნით დაამკვიდრეს. მომავალ არჩევნებში წარსდგება, როგორც რეფორმირებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ყველა პოლიტიკოსი ვაჭრობს, ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, რომ მაქსიმალურად მოიპოვოს ხელშესახები პირობები იმისთვის, რომ გაცილებით მყარი იყოს მის პოლიტიკურ პოზიციებში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ პროცესებზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მათი უმრავლესობა რომლებიც დღეს პარლამენტშია, 2016 წელს არჩევნების შემდეგ ვერ მოხვდება პარლამენტში.