მთავარი პროკურატურის მიერ ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, ოდესის გუბერნატორად დანიშნა. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის“ თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს მაშინ, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.
ექსპრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას, გაუგონარ საქციელს უწოდებს, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომლის განცხადებით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა.
„ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
იქედან გამომდინარე, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, პროკურატურას სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი მოქმედებები ეზღუდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით სააკაშვილი კიევს მოარიდეს.
„24 საათის წინ დავბრუნდი კიევიდან. ჩემი თვალით ვნახე, რომ იქ წასულმა სააკაშვილის გუნდმა შედეგები ვერ დადო. რეფორმები მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და უკრაინელი ხალხი, მედია სვამს კითხვას, როდის დადგება რეფორმების იმპლემენტაციის დრო. სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ ე.წ. ექსპერტების მიმართ. სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნა, ვნახე რა ადგილზე კონტექსტი, არის ერთადერთის მანიშნებელი - ის მოარიდეს კიევს, მოარიდეს რეფორმებს, რადგან ამის უნარი არ შესწევს. მაქვს ეჭვი, რომ ოდესაში ის უკეთესს ვერაფერს გააკეთებს. ეს გაფრთხილება, თუ რჩევა მე მედიის საშუალებით უკრაინელ ხალხს ადგილზე მივეცი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით უკრაინიდან მისი ექსტრადირების სამართლებრივი შანსი ამოწურულია.
„სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ჩვენ ან ჩვენით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური, დამოწმებული პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის ასლი, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება. ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად, უკვე საქართველოს მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.
ან არის მეორე ვარიანტი, რომ თავად მოგვმართოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით და წარმოადგინოს დოკუმენტები.
ამას აქვს მეორე მხარეც – უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ვერ იქნება ჩართული. სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით, უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა, საქართველოს ინტერესებს ემსახურება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას, ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული.
„უცნაურია მსგავსი შეფასებები. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ.მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება და ქმედება ემსახურება საქართველოს ინტერესებს. დღეს უკრაინის წარმატება ნიშნავს ჩვენ საერთო წარმატებას - ტოტალიტარული რუსეთის წინაააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს. ყველანი უნდა ვამაყობდეთ, ეს ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
თავად, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რა მოტივითაც მიიღო გადაწყვეტილება ამ თანამდებობას დათანხმებოდა. სააკაშვილის განცხადებით, საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი და გზები.
„ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი. ვაპირებ ადმინისტრაციის შენობაში განვათავსო ურნა პირადად ჩემს სახელზე მოქალაქეთა მიმართვებისთვის და განვახორციელო საოლქო ადმინისტრაციის ვებგვერდის მოდერნიზება. ასევე, ვაპირებ მთლიანად განვაახლო რეგიონის ხელმძღვანელობა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილს, როგორც უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა აღარ შეეძლება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე.
„მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირება ამ საკითხზე. საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. თავად სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არავისთვის მიუმართავს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.