პრეზიდენტი ავლაბარს არ ტოვებს, პრემიერი კი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ აპირებს

პრეზიდენტი ავლაბარს არ ტოვებს, პრემიერი კი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას არ აპირებს

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი დასრულებელია. სწორედ, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის ვითარებით მთვარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა. რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შენობა ყველა თვალსაზრისით მორგებულია პრეზიდენტის რეზიდენციაზე.

„მარტო საოფისე ფართები საერთო ფართის 20% შეადგენს. ასე რომ, ძალიან რთული წარმოსაგდენია, როგორ შეიძლება მისი დატვირთვა და გამოყენება. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროსთვის შენობის გადაცემას, პროცესი დამთავრებულია“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე ნოდარ ჯავახიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს. 

„იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. შენობა, სადაც მთავრობა პრეზიდენტს ეპატიჟება, პრეზიდენტისთვის აშენდა, რისთვისაც სახელმწიფომ 26 მილიონი დაიხარჯა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ.

„მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელნაწერთა ცენტრს, ხელოვნების მუზეუმს აქვთ შენობების პრობლემა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს. თუმცა, ცნობილია, რომ მოწვევის მიუხედავად პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს.

„ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ, ეს თემა კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ყველა ის წინა პოზიცია, რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით, არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაში“, - განაცხადა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა

ათონელზე მდებარე რეზიდენცია ძვირადღირებულია და შენობის შესაბამის ფასად რეალიზაცია ძალიან რთული იქნება. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ შენობასთან დაკავშირებით ბევრ ინვესტორთან იყო საუბარი, თუმცა მასში იმ ფასის გადამხდელი, რაც შენობის აშენება დაჯდა, არავინ არ არის.

„ეს შენობა არის ძალიან ძვირადღირებული, გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირზე, ამიტომ მისი შესაბამის ფასად რეალიზაცია იქნება ძალიან რთული. ის იყო საპრივატიზაციო ნუსხაში. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ინვესტორთან, მაგრამ მაღალი ფასის გადამხდელი არავინ არ არის. ეს არის სპეციალურად მოწყობილი შენობა, სადაც ბევრი ისეთი ხარჯია გაწეული, რაც ჩვეულებრივი საპრივატიზაციო შენობის შემთხვევაში არ იქნებოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამომიარე იქიდან, რომ ავლაბრის სასახლეში დარჩენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება უცვლელია, ამ დრომდე უცნობია რომელი სახელმწიფო უწყება შეიძლება შევიდეს ათონელის რეზიდენციაში. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძ ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი უარს აცხადებს ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე, „მთავრობა ალბათ იმსჯელებს გაიყიდება ეს ობიექტი, სახელმწიფოს დარჩება თუ როგორ იქნება“. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი დაამთვრებს ავლაბრის რეზიდენციაზე საუბარს, რომელსაც სიბოროტის ბუდეს უწოდებდა. ვოლსკის განცხადებით, მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია დაიკავა იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ მას და მის აპარატს მუშაობის შესაბამისი საშუალება ჰქონოდა. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ათონელზე შენობა მზადაა და აღჭურვილია პრეზიდენტის ოფისისათვის, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი და მოტივი.

„გაკვირვებული ვარ, რომ ეს თემა საერთოდ წარმოიშვა, საკითხი ძალიან მარტივად დგას. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ მისი რეზიდენცია არ უნდა ყოფილიყო ავლაბრის რეზიდენცია. მისი აზრი იყო, რომ ამ შენობაში არ შეიძლება პრეზიდენტის ყოფნა. ახლა, როცა ათონელზე საერთო შეთანხმების საფუძველზე შენობა დამთავრებულია და მას აქვს პრეზიდენტის ოფისისთვის შესაფერისი ყველა აღჭურვილობა, არის ისტორიული შენობა, რომელიც არ შეიძლება, რომ კერძო მფლობელობაში გადავიდეს, არის უმაღლესი კატეგორიისა და ხარისხის, რომლის აღჭურვასაც პრეზიდენტი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა, ამგვარი განცხადებები გასაკვირია. პრეზიდენტი უნდა გადავიდეს ათონელზე და მუშაობა გააგრძელოს მისთვის მისაღებ გარემოში“, - აცხადებს გია ვოლსკი.