”მეგონა ესენი გონიერი გარეწრები იყვნენ, მაგრამ უგუნური გარეწრები ყოფილან”

”მეგონა ესენი გონიერი გარეწრები იყვნენ, მაგრამ უგუნური გარეწრები ყოფილან”

სოხუმში ებრაული კომპანია ”გლობალ სითის” სტუმრობის მიზნებსა და გამომწვევ მიზეზებზე, ”ობიექტივი.ნეტ” შეხვდა და ესაუბრა ”ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” თავმჯდომარეს, პაატა ზაქარეიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ”აპსნი პრესზე” დაყრდნობით, ქართულმა სააგენტოებმა ებრაული თავდაცვითი კომპანია ”გლობალ სიტის” ხელმძღვანელების სოხუმში სტუმრობის დეტალებზე შემდეგი ინფორმაცია გაავრცელეს:

”აფხაზეთს შვიდწევრიანი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ექსხელმძღვანელი, ისრაელ ზივი და მოქმედი პრემიერის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი ხელმძღვანელობენ. დელეგაციის წევრებს დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მიიღებენ. განიხილება თანამშრომლობა უსაფრთხოების, ტურიზმის და აგროსამრეწველო სფეროებში. დელეგაცია ასევე ეწვევა აფხაზეთის რაიონებს და დაათვალიერებს "საქართველო-აფხაზეთის საზღვარს". ”გლობალ სიტი” კერძო კომპანიაა, რომელიც შეიარაღებული ძალების მომზადებითა და იარაღით ვაჭრობით არის დაკავებული”.

როგორ აფასებთ ებრაული კომპანიის ხელმძღვანელების სოხუმში სტუმრობას?

პაატა ზაქარეიშვილი: ებრაული კომპანიის მხრიდან ესაა გამომწვევი ნაბიჯი.

ებრაული კომპანიის და არა ისრაელის მხრიდან?

- ფორმალურად არა ისრაელის მხრიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისრაელმა ხელი არ შეუშალა და გარკვეულწილად შეიძლება წააქეზა კიდეც ეს კონკრეტული კომპანია, რათა მათ საქართველო გააღიზიანონ.

რით არის ეს გამოწვეული?

- საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით, ისრაელის მიმართ და ზოგადად კონფლიქტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგა, რომლის სცენარში ებრაელი ბიზნესმენები ჩაითრიეს.

ებრაელი ბიზნესმენები დამნაშავეები იყვნენ, თუ არა?

- რა თქმა უნდა, ისინი ანგელოზები არ არიან, მაგრამ მათი დანაშაული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებითაა გამოწვეული.

რამ განაპირობა ებრაელი ბიზნესმენების პროვოცირება?

- საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწესებული 200-მილიონიანი ვალის გადახდა არ უნდოდა. ებრაელ ბიზნსემენებს შეეძლოთ ეს ვალი არ მოეთხოვათ და ეთქვათ - ”კარგით, არ გვინდა ეს თქვენი ვალი”. საქართველოს ხელისუფლებამ ისინი პროვოკაციაში ჩაითრია, გაითამაშა რა მცდელობა, ვითომდა მზად იყვნენ ებრაელი ბიზნესმენებისთვის სერიოზული ქრთამი გადაეხადათ, თუ გაუქმდებოდა 200 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი.

როგორც ჩანს, ებრაელი ბიზნესმენები ამ ანკესზე წამოეგნენ. ქართულმა მხარემ, როგორც სჩვევია, ეს ყველაფერი ჩაწერა; ანუ სპექტაკლი დადგა. ებრაელი ბიზნესმენების შემთხვევაში დაახლოებით ისე მოიქცნენ, როგორც თავის დროზე შალვა რამიშვილთან მიმართებაში.

იმაზე არ იფიქრეს, ამგვარ მოქმედებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ შეიძლებოდა დაეძაბა?

- არ ეგონათ. მაგალითად, ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების ანკესზე წამოგებული შალვა რამიშვილი, რომ დაეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ის მართალი არ იყო, ხელისუფლება ცოტა დაფიქრდებოდა, რამდენად სწორია მისი უტიფარი და ავანტურისტული პოლიტიკა, იმიტომ რომ შალვა რამიშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს, ქრთამი შესთავაზეს და მან ეს აიღო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ეს დადგმული სპექტაკლი იყო.

ზოგადად, დანაშაულის პროვოცირება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია. შალვა რამიშვილის შემთხვევაშიც და ებრაელი ბიზნესმენების შემთხვევაშიც, საქართველომ დანაშაულის პროვოცირება მოახდინა - ისინი ქრთამის აღება-გადაცემის სპექტაკლში ჩაითრია.

ყველაფერი ჩაწერეს და ეგონათ, რომ ეს იმდენად სუფთა ნამუშევარი იყო, წყალი არ გაუვიდოდა და მსოფლიო ხმას ვერ ამოიღებდა. ისრაელი სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდა. სასამართლოს შეეძლო ეთქვა, რომ ებრაელები სწორად არ მოიქცნენ, მაგრამ, არც ხელისუფლება იყო მართალი. 

ანუ ისრაელს სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა, მაგრამ მართლმსაჯულებამ ცალსახად დაუჭირა მხარი დანაშაულის პროვოცირებას და არ თქვა, რომ ორივე მხარე დამნაშავე იყო. სასამართლოს შეეძლო მათთვის სიმბოლური სასჯელი მიეცა, ან ჯარიმა დაეკისრებინა, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ბიზნესმენები ციხეში ჩასვა.

ეს ძალიან გამოწვევი ნაბიჯი იყო. ამის შემდეგ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, ამ ხალხის შეწყალება შეეძლო, მაგრამ ბაქი-ბუქობა დაიწყეს. მაგალითად, გადაცემა ”პოსკრიპტუმის” წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა ებრაელ ბიზნესმენებს გარეწრები უწოდა. ”რუსთავი 2”, რომ სახელისუფლებო არხია და კიკალიშვილმა ხელისუფლების პოზიცია გაახმოვანა, ეს უდაოა.

იმის მაგივრად, რომ უკან დაეხიათ და გამოსავალზე ეფიქრათ, შეტევაზე გადავიდნენ. ”შეტევაზე გადასვლა ასე არ უნდაო”, - თქვა მეორე მხარემ და  აფხაზეთის მიმართულებით თავადაც შეტევაზე გადავიდა.

სულ ვფიქრობდი, რომ ქართულ მხარეს ჭკუა ეყოფოდა და ასე ღრმად არ შეტოპავდა, მაგრამ შევცდი, ისევე, როგორც მაშინ, როცა მეგონა, რომ ცხინვალში არ შევიდოდნენ. მეგონა ესენი გონიერი გარეწრები იყვნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უგუნური გარეწრები ყოფილან. ესაა ჩვენი პრობლემა და ტრაგედია. ხელისუფლების მთელი სიძლიერე ოპოზიციის სისუსტეში და ქართველი ხალხის არასამოქალაქო აზროვნებაშია. აი, ამით სპეკულირებენ და ფონს გადიან, მაგრამ, როგორც კი ისეთ კლდეებს შეასკდებიან, როგორიცაა რუსეთი, ისრაელი, უცებ ინგრევა ნებისმიერი მათი, ვითომდა მათ გონივრულ პოლიტიკაზე.

რა შეიძლება იყოს არსებული ვითარებიდან გამოსავალი?

- სააკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შეიწყალოს ებრაელი ბიზნესმენები. ამით ერთის მხრივ ის ითქმება, რომ ისინი დამნაშავეები არიან და მეორეს მხრივ კიდევ ის, რომ სააკაშვილი კეთილ ნებას იჩენს და მათ იწყალებს. ახლა ებრაელებთან პასექის დღესასწაული მოდის და პასექის დღეებში შეიძლება მოხდეს მათი შეწყალება.

ეს გამოასწორებს ვითარებას?

- არ გამოასწორებს, მაგრამ პროცესებს გააჩერებს. ისრაელი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც საქართველო იქცევა. ანუ გამაღიზიანებელი და არალეგიტიმური ნაბიჯი გადადგა - ქართული მხარე იმით დააშანტაჟა, რომ ”ასე თუ გაგრძელდა, იცოდე მე აფხაზეთს ვაღიარებო”. სააკაშვილი ზუსტად ასე ავანტურისტულად იქცევა რუსეთთან მიმართებაში. ვგულისხმობ რუსეთთან შეთანხმების გარეშე ჩრდილოკავკასიელებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, კავკასიური არხის შექმნას.

ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელის ეს ნაბიჯი არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების უგუნურ ნაბიჯზე, რაც გარკვეულწილად რუსული თამაშის ნაწილია - რუსებს იმის ჩვენებას სურთ, რომ აფხაზეთს არა მხოლოდ ისინი, არამედ, სხვა სახელმწიფოებიც ითვისებენ. თუმცა ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები და კომპანიები ასეთ უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამდნენ, რომ არა საქართველოს ავანტურისტული, პროვოკაციული და პოპულისტური ქცევები.

აფხაზეთში რუსეთის ნებართვის გარეშე ვერაფერი განვითარდება. რუსეთი წამყვანი ფაქტორი იქნება და ისრაელი მხოლოდდამხოლოდ შირმა, რაღაც დამატებითი ფაქტორია - ”რატომ მარტო მე? ხედავთ?! ისრაელიც კი ამას აკეთებს”.

ჯერ არაფრით არ ჩანს, რომ ეს არის ისრაელის სახელმწიფოს ნაბიჯი. თუმცა, კომპანიის აქტიურობის მიღმა სახელმწიფოს აქტიურობას მე ვგულისხმობ. ზუსტად ასევე იქცევა თურქეთი - აფხაზეთის ათვისებაში არ მონაწილეობს, მაგრამ თურქული კომპანიები მონაწილეობენ.

ახლა აფხაზეთის აკვატორიებში თევზის რეწვა მიმდინარეობს. სოხუმიდან ზღვას, რომ გახედოთ, სოხუმთან ახლოს, ზღვაში რამდენიმე თევზსარეწ გემს დაინახავთ. ეს თურქული გემებია და დაჭერილი თევზი თურქეთში მიაქვთ. შეუძლებელია ეს რუსეთის ნებართვის გარეშე მოხდეს.

ამაზე თურქეთს რომ ეკითხები, გეუბნება - ”დიდი ბოდიში, ჩემთან ნორმალურადაა რეგისტრირებული, კანონს არ არღვევს და თუ თქვენს კანონს არღვევს, მიხედეთ, დააპატიმრეთ”. ასევე სამართლიანად გვეტყვის ისრაელი - ”დიდი ბოდიში, ეს კომპანია ისრაელის კანონებს არ არღვევს, რეგისტრირებულია, გადასახადებს იხდის და ყველაფერი წესრიგშია. როგორც ვხედავ, თქვენს კანონს არღვევს, თქვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა, დააპატიმრეთ და გაასასამართლეთ”.

ანუ, გვეტყვიან, ”თუ ვაჟკაცები ხართ, ეს გააკეთეთ. ააა, ვაჟკაცები ბიზნესმენების გამოჭერაში ხართ?” აი, ამ დონის ლაპარაკი მიდის დღეს.