მანანა კობახიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დავას სასამართლოში აგრძელებს. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ საქმეზე „კობახიძე „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტების - ეკა გაგუას და თეა ვაშალომიძის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება კობახიძის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე ეხება „კურიერის“ ერთერში გასულ სიუჟეტს, ბათუმის პორტთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ფრეშნიუსზე“ დაყრდნობით მომზადდა. სიუჟეტის მიხედვით, დეპუტატის მეუღლე დასაქმებულია კომპანია „ლუკოილში“, რომელიც ჩართულია კორუფციულ გარიგებებში.
for.ge-სთან საუბრისას ვიცე-სპიკერი აცხდებს, რომ მისი მეუღლე ამ კომპანიაში არ მუშაობს. დეპუტატი ამბობს, რომ „ლუკოილში“ დასაქმებულია „ნაციონალური მოძარობის“ წევრი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა ლეჟავა ძმა და მისი მეუღლე.
რატომ იწყებს სამართლებრივ დავას „რუსთავი 2“-თან, რატომ ჩავარდა ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურა და რა მიზეზით დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხეულმა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.
მანანა კობახიძე: სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად იქცა ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება. რადგან პოლიტიკოსი ხარ, ზოგიერთ ჟურნალისტს ჰგონია, რომ შეუძლია ყველაფერი დაგაბრალოს. სამწუხაროდ, ზოგიერთ მედია საშუალებას გამოხატვის თავისუფლება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გონია. ეს კეთდება მიზანმიმართულად და ძალიან ბინძური მეთოდებით, რათა კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ საზოგადოებას შეუქმნან სრულიად არასწორი შეხედულება.
ეს ინფორმაციაც გავრცელდა მიზანმიმართულად. მიზანიც ნათელია, საზოგადოება დააჯარონ, რომ პარლამენტის წევრი კერძო კომპანიების მეშვეობით, თითქოსდა, ჩართულია კორუფციულ გარიგეგებში. გადავწყვიტე, რომ ასეთ შემთხვევებში არ გავჩერდე და ვიჩივლო. არავის არ ეპატიება ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ეს არ არის შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემის წინააღმდეგ, კონკრეტული მედია საშუალების მხრიდან. სამწუხაროდ, ამას კონკრეტული პოლიტიკური მიზანი აქვს.
და რა მიზანი ჰქონდათ ამ შემთხვევაში ჟურნალისტებს, რომლებმაც თქვენ და თქვენი მეუღლე კორუფციაში დაგადანაშაულათ?
- ნამდვილად არ მგონია, რომ ამ ჟურნალისტებს პირადად ჩემი ინტერესი ჰქონოდათ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის კომპანიები, სადაც ისინი მუშაობენ, აძლევენ რაღაცა ბინძურ შეკვეთას, რომლის აღმსრულებელი გახდნენ ეს ჟურნალისტები. ფაქტია, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს იყენებენ ბინძურ იარაღად და ეს მათი უფლების შელახვაც არის. მაგრამ, როდესაც ჟურნალისტი ეთანხმები ასეთ ბინძურ თამაშში მონაწილეობას - შეასრულო ბინძური დაკვეთა, მაშინ შენც ისეთი ხარ და შენ, როგორც ჟურნალისტი, არღვევ ეთიკის წესებს და კანონს. როდესაც არღვევ კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ბუნებრივია, ეს უკვე, სასამართლოში სარჩელის წარდგენის წინაპირობაა.
აპირებთ მიმართოთ სასამართლოს?
- ვფიქრობ, რომ მივმართო სასამართლოსაც. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტის ამაღლებას. როდესაც მედია მფლობელი აძლევს ასეთ ბინძურ შეკვეთას ჟურნალისტს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დასაცავია ჟურნალისტის უფლებებიც.
ბინძური შეკვეთის შესრულება ახსენებთ, თქვენ თვლით, რომ ჟურნალისტმა ეკა გაგუამ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დავალება შეასრულა?
- ამ ტყუილის ავტორი იყო „ფრეშნიუსი“, რომელიც ავტომატურად გადმოიტანა „რუსთავი 2“-მა. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს არის შეთანხმებული მოქმედება. ასე, შემთხვევით არ ხდება, რომელიღაცა კერძო ინტერნეტ პორტალიდან ინფორმაციების გადმოტანა. ბუნებრივია, რომ ეს ხდება შეთანხმებით, რადგან ეს ადამიანები ერთი და იგივე მიზნებს ემსახურებიან. „ფრეშნიუსის“ შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა ლამის, ერთი საათი ისაუბრა საპარლამენტო სხდომაზე, მისი დიდი ლობისტი და დამცველი იყო.
თქვენც ხომ ხვდებით, რა ინტერესი აქვს ამ სააგენტოს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ავრცელებს ტყუილებს. არავინ ამბობს იმას, რომ ჟურნალისტს არ აქვს უფლება აკრიტიკოს პოლიტიკოსი და მის შესახებ გაავრცელოს ინფორმაცია. თუ პოლიტიკოსი ჩართულია კორუფციაში, დიახ, უნდა ამხილონ, მაგრამ წინასწარ გამიზნულად დეზინფორმაციის გავრცელება, სიუჟეტის აგება იმაზე, რომ ეს პოლიტიკოსი არის კორუმპირებული, რომლიც იპარავს ბიუჯეტის თანხებს, ეს არის გარკვეული პოლიტიკური პარტიის კონკრეტული პოლიტიკური მიზანი, რომლის შეკვეთას ასრულებს „რუსთავი 2“.
ნიკა გვრამიას არ დაუმალავს თავისი დამოკიდებულება „ნაცინალურ მოძრაობასთან“, ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას დაადასტურა - ჩვენ არ ვმალავთ, რომ განსაკუთრებული სიმპატიები გვაქვს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. გვარამია აცხადებს, - გარკვეულწილად ვართ მიკერძოებული და ძალიან ხშირად აზრებსაც ვეკითხებით ნაციონალებსო. ეს ინტერვიუც იმის დამადასტურებელია, რომ ნაციონალების დაკვეთილ დღის წესრიგს ავრცელებს „რუსთავი 2“.
ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ამზადებს ბინძურ სიუჟეტს, რომელიც ჩემს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ეხება. ჩემი ქონებრივი დეკლარაცია საჯაროაა. როგორც ჩანს, ცდილობენ დაადგინონ რაიმე კავშირი აქვს თუ არა ამ ქონების შეძენას, ბიძინა ივანიშვილთან. იმუშაონ, მე არ მომბეზრდება მათ მიმართ საჩივრების წერა.
თქვენი მეუღლე არ მუშაობს კომპანია „ლუკოილში“?
- არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია. არანაირი შეხება ამ კომპანიასთან არ ჰქონია. ამ კომპანიის დაარსების დღიდან იქ მუშაობს ჩემი მაზლი, რომელსაც თავისი ოჯახი აქვს და დამოუკიდებელი ადამიანია. როგორც გავარკვიე, ეს კომპანია ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგებდა ყველა ტენდერს. უკაცრავად, მაგრამ თუ არ ეკუთვნოდათ, რატომ აძლევდნენ მაშინ? მეტსაც გეტყვით, ამ კომპანიაში მუშაობს ნაციონალი, ვანის მაჟორიტარი, პაატა ლეჟავა ძმა და მისი მეუღლე, რომელიც ახლო კავშირშია ზურაბ ადეიშვილთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნებისმიერ ცრუ ინფორმაციაზე მექნება რეაქცია. რამდენ სიყალბეს გაავრცელებენ, იმდენი საჩივარი იქნება და როგორია მათი სტანდარი, ამას უკვე საზოგადოება შეაფასებს.
რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 4 დეპუტატის გასვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა დაანონსა პარტიის სამ ნაწილად დაშლა. თქვენი რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით და რეალურად, მართავენ თუ არა პოლიტიკურ კონსულტაციებს ყოფილი ნაციონალები მმართველ გუნდთან?
- არანაირ კონსულტაციებს ისინი ჩვენთან არ მართავენ. ვერ გეტყვით მარტივ-მამრავლებად დაიშლებიან თუ წილადებად, არ ვქექავ მათ საქმეს. ჩემთვის პავლე კუბლაშვილი ვერასოდეს ვერ გახდება სხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელი. დიახ, ის არის კოტე კუბლაშვილის ძმა, ამ ორმა ადამიანმა ლომის წილი შეიტანეს სასამართლო ხელისუფლების ჩამოშლაში. მე არ ვმღეროდი მიშა მაგარიას. ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ბატონი ხაჩიძეა. როგორ უნდა დაიჯერო, რომ ეს ადამიანები გადასხვაფერდნენ?!
თქვენი ინფორმაციით, რატომ დატოვეს მათ პარტია?
- ვფიქრობ, რომ შიგნით, გუნდში იყო რაღაცა დაპირისპირება. ეტყობა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ბევრს არაფერს არ ეკითხებოდნენ. ფორმალურად ერქვა აღმასრულებელი მდივანი. ნამდვილად არ მგონია, რომ გიგა ბოკერიას რაიმე ეკითხა ჯაფარიძისთვის. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა მისთვის და გაემიჯნა. ვფიქრობ, რა გუნდით მოვიდნენ პოლიტიკაში, მუდმივად იმ გუნდთან იქნებიან ასოცირებულნი.
რაც შეეხება კომიტეტის თამჯდომარეებს. როგორც პირველ შემთხვევაში, ამჯერადაც გადაწყვეტილი იყო, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს უხელმძღვანელებდა ზვიად კვაჭანტირაძე, თუმცა, ორივეჯერ მისი ჩანაცვლება მოხდა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრით. რატომ ვერ გაყავს „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი?
- გულწრფელად გეტვით, რომ ფრაქციაში, ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ზვიად კვაჭანტირაძეს. პირადად მეც მხარს ვუჭერდი ზვიად კვაჭანტირაძეს და ვთვლი, რომ ამის საფუძველი იყო.
მაგრამ რა მოხდა, რატომ ჩავარდა კვაჭანტირაძის კანდიდატურა?
- მოგეხსენებათ, რომ კოალიციური მმართველობაა. ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, აგრარულ კომიტეტს კი რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი. მოხდა ისე, ვიქტორ დოლიძე შეცვალა თინა ხიდაშელმა და რეპუბლიკელებს უკვე ორი კომიტეტი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მათი აზრი იყო, რომ ერთ-ერთი კომიტეტი დარჩენოდა „რესპუბლიკურ პარტიას“. რადგან კოალიცია ვართ, გარკვეული გადაწყვეტილების მიღებისას კომპრომისზე წასვლა გვიწევს.