„კოშმარულ სიზმარშიც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა“

„კოშმარულ სიზმარშიც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა“

ყოფილი ნაციონალი ზურაბ ჯაფარიძე გიორგი ბარამიძესთან და გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ მან თანაგუნდელებთან ერთად პარტიის რიგები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამო დატოვა.

როგორც for.ge-ს უმცირესობის კულუარებში განუცხადეს, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი მოთხოვნა - „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის გარეშე იყო, მაგრამ ისინი პარტიიდან ისე წავიდნენ, რომ საკუთარი ლოზუნგი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დაუსვამთ.

წყაროს ცნობით, ჯაფარიძე ითხოვდა, რომ სააკაშვილს მასთან როგორც აღმასრულებელ მდივანთან მეტი კონტაქტი ჰქონოდა, მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნული დეპუტატები ყოფილი პრეზიდენტის მითითებების შესრულების წინააღმდეგნი იყვნენ.

„ზურა ჯაფარიძეს კონფლიქტი ბარამიძე-ვაშაძესთან ჰქონდა. ზურა მიიჩნევდა, რომ ბარამიძეს ვიცე-სპიკერი არ უნდა ყოფილიყო, ხოლო ვინაიდან, ვაშაძე პარტიის საორგანიზაციო მდივანი იყო, ის ან საქართველოში ყოფილიყო და საქმე ეკეთებინა, ან უკრაინაში დარჩენილიყო“, - განაცხადა for.ge-სთან საუბარში უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი ცნობით, პარტიიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, საკუთარ გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ ზურა ჯაფარიძე გიგა ბოკერისა და გოკა გაბაშვილს შეხვდა, ხოლო კუბლაშვილი პაატა ლეჟავას.

ამას გარდა, წყაროს ინფორმაციით, პავლე კუბლაშვილს აქტიური ურთიერთობა აქვს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასთან, რომლის მიმართაც „ნაციონალური მოძრაობა“ ნეგატიურად არის განწყობილი.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები საკუთარი ნაბიჯის მოტივად პარტიის დაგვიანებულ რებრედინგს ასახელებენ, ამ მოტივაციამ კი, ნაციონალებში ეჭვები გააჩინა.

როგორც for.ge-ს ნაციონალმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილების პარტიზანულად მიღება უფრო სხვა ეჭვებს აღძრავს, ვიდრე პოლიტიკურ მოტივებს. მისი თქმით, ის ყოფილი თანაგუნდელებისგან უფრო არგუმენტირებულ და საფუძველიან განცხადებას ელოდა.

„მოლოდინი გაზრდილი იყო და ვფიქრობდით, რომ მათი განცხადება მათი პოლიტიკური დეკლარაციაც იქნებოდა. მათი განცხადება რომ წავიკითხე, მათი მხრიდან უფრო თავის მართლების პოზიცია დავაფიქსირე, ვიდრე რაიმე სერიოზული პოლიტიკური განაცხადი. როცა პოლიტიკურ კარიერაში ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას იღებ და მეგობრებს ტოვებ, ეს გადაწყვეტილება შეიძლება ნაკარნახევი იყოს ან დიადი პოლიტიკური მოტივაციებით, ან სხვა ფინანსური დაინტერესებით. ეს პროცესი როგორ ხდებოდა? - საჯაროდ, პარტიზანულად, ვიღაცის გადაბირების მცდელობითა და ქვეშქვეშობით“, - აცხადებს დეპუტატი.

ბეჟაშვილი ინტერესდება, თუკი მისი ყოფილი თანაგუნდელები პოლიტიკურ ბრძოლას აპირებენ, მაშინ 2016 წელს, მანდატებისთვის ბრძოლას რატომ არ გეგმავენ.

„მათ უფრო მეტი კითხვა დატოვეს, ვიდრე პასუხი. სხვა ეჭვები გააჩინეს. უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა, რადგან ისინი ერთი მხრივ, აცხადებენ, რომ ოლიგარქთან ბრძოლად აპირებენ, მეორე მხრივ კი, ამბობენ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის ძალა და რესურსი აქვს - „ნაციონალური მოძრაობაა“. კოშმარულ სიზმარშიც კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა მათგან დისკომფორტს ვერ ვგრძნობდით და ამ თემებზე წინასწარი საუბარი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო? ეთქვათ, რომ პარტიისა და ქვეყნის განვითარებას სხვა რაკურსიდან ხედავდნენ და იქნებ, მათ მხარს ჩვენც ვუჭერდით. პარტიზანულად გადაწყვეტილების მიღება უფრო სხვა ეჭვებს აღმიძრავს, ვიდრე პოლიტიკურ მოტივებს“, - დასძენს ბეჟაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს გიორგი ვაშაძე.

for.ge-სთან საუბარში ვაშაძე აცხადებს, რომ ერთი წლის წინ, პარტიის რებრედინგზე საუბარი მან დაიწყო, მათგან კი, მსგავსი რამ არავის სმენია.

ვაშაძის მოსაზრებით, ჯაფარიძე აღმასრულებელი მდივანი იყო და მას ის ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული, რის შეუსრულებლობაზეც თავად საუბრობს.

„ვწუხვარ, რომ მათ ასეთი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ ამით განსაკუთრებით არაფერი არ იცვლება, რადგან ბრძოლას ვაგრძელებთ და ახლა სერიოზული მოთხოვნილება იქნება როგორც ცვლილებებზე, ასევე გუნდის განახლებაზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მანამდე ვარ, სანამ მჯერა, რომ ჩვენს გუნდში ამის ენერგია და პოტენციალი არის. ამჟამად, ეს ენერგია არის და საზოგადოებას სრულიად ახალ გეგმებს შევთავაზებთ. ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება ის ნაბიჯი არ არის, რომელმაც შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი დარტყმა მიაყენოს. ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც ლოგიკური პასუხი უნდა“, - აცხადებს ვაშაძე, რომელიც გამორიცხავს, რომ მათი რიგები სხვებმაც დატოვონ.

ვაშაძისგან განსხვავებით, მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკაში არაფერს გამორიცხავს და ამბობს, რომ თავს ისე გრძნობს, როცა ადამიანს ბრძოლის ველზე მეომრები ტოვებენ. მაჭავარიანი წუხს, რომ მისმა თანაგუნდელებმა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე გაახარეს, რომ ისინი სახიდან ღიმილს ვეღარ იშორებენ.

„ეს ადამიანები გულის სიღრმეში ჩემს თანამებრძოლებად წარმომიდგენია. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ამ ორი დღის მანძილზე, ოპონენტების გახარებული საახეები ვნახე და ძნელად წარმომედგინა, ამათ რაიმე თუ გაახარებდა. მეგონა, რომ ან ახალი საწარმოები შეიქმნა, ან ლარი გამყარდა, ან უვიზო მიმოსვლა მივიღეთ. ეს მოვლენები ოპონენტებს ისე გაუხარდათ, რომ ორი დღეა, ცინიკურად გვილოცავენ. თავს ისე ვგრძნობ, როცა ბრძოლის ველზე მეომრები დაგტოვებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანი.

კანონმდებელის ცნობით, ზურა ჯაფარიძემ მასთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა.

„მარიკა ვერულიშვილმა ეს ნაბიჯი პირადი ანგარებისა და პირადი კეთილდღეობის გამო გადადგა და ამ ადამიანებზე სხვა შეხედულება მაქვს. მიმაჩნია, რომ ისეთი რაღაც მოხდა, რაც უნდა გავიგოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.

for.ge დაინტერესდა, პლენარული სხდომის დარბაზში ხაჩიძე-კუბლაშვილი-მელაძე-ჯაფარიძე თუ სად დაიკავებენ ადგილს - ნაციონალების რიგში დარჩებიან, „ოცნების“ მხარეს განთავსდებიან თუ გვერდით იმ 12 დეპუტატის გვერდით დაიდებენ ბინას, რომელთაც „ნაციონალურ მოძრაობა“ მერვე მოწვევის პარლამენტში დატოვეს და უმრავლესობაში გადავიდნენ?

„თუკი ერთი მიზანი გვაქვს და თუკი ისინი ფიქრობენ, რომ არაფორმალური მმართველობაა და ქვეყანა უკან მიდის, აბა, სად დასხდებიან, თუ არა ჩვენთან? - არჩევანი დიდი არ არის. ან ჩვენს მხარეს უნდა დასხდნენ, ან „ქართული ოცნების“ მხარეს, ან ზემოთ, ვისთანაც ამ ოთხ ადამიანს ვერ ვაიგივებ. პოლიტიკა არის ის, სადაც არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. შესაბამისად, ერთი თვის წინ რომ გეთქვათ, ეს ადამიანები გუნდს ტოვებენო, ვერ დავიჯერებდი“, - დასძინა მაჭავარიანმა, რომლისგან განსხვავებით, ყოფილ თანაგუნდელებს მკაცრად აკრიტიკებს დავით დარჩიაშვილი.

for.ge-სთან საუბარში დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილმა ნაციონალებმა არასერიოზული და არადეკვატური განცხადებები გააკეთეს. მისი შეფასებით, პოლიტიკურად მათი ნაბიჯი ისევ მათ აზარალებს, რადგან განახლებაზე ზოგადი საუბრები არაფრის მომტანია, თუკი კონკრეტულად არ იტყვიან, რა ტიპის განახლებაზე საუბრობენ.

„ადამიანურ ურთიერთობებში არ შეიძლება, რომ სიურპრიზები მოაწყო და ისე წახვიდე, რომ არავინ იცოდეს. პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს, რომელიც თავის წარსულს - ავსა და კარგს დაივიწყებს. კარები ღიაა, სადაც ზურაბ ჯაფარიძე შემოვიდა და მას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა. აღმასრულებელი მდივანი იყო და თუკი რაიმე ხელს უშლიდა, ღიად ეთქვა“, - დასძინა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციებს, for.ge-სთან საუბარში ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთავრობის ნამუშევარი არ არის და პარტიიდან ოთხი დეპუტატის წასვლა უკვალოდ არ დარჩება. ბერძენიშვილის პროგნოზით, თუკი ყოფილი ნაციონალების გვერდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული სამოქალაქო ნაწილი აღმოჩნდება, მაშინ შეიძლება, ისინი მეორე ძალა აღმოჩნდნენ.

„რასაც ისინი ამბობენ, უნდა დავიჯეროთ, მაგრამ თუკი ამის უკან სხვა რაიმე დგას, აუცილებლად გამოჩნდება. პარტიიდან ოთხი დეპუტატის წასვლით, შეიძლება, საინტერესო პროცესები დაიწყოს. „ნაციონალურ მოძრაობას“ რებრედინგისკენ მოვუწოდებით და არ დაიჯერეს. ე.წ. მესამე ძალა იქნებიან თუ არა და რას მიაღწევენ, ვერ გეტყვით“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატის განცხადებით, რებრედინგი ნიშნავს იმას, რომ ნაციონალებმა ცხოვრება მიშას გარეშე ისწავლონ, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცეები ამას არ აპირებენ.

„ზოგს, ალბათ, მიშას მიმართ გულწრფელი სიყვარული აქვს, ზოგს, ალბათ, ის ვარსკვლავად მიაჩნია და ზოგს სხვა ინტერესიც აქვს. ოთხი დეპუტატის წასვლა უკვალოდ არ დარჩება. გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ძალას ოთხი დეპუტატი გამოექაჩა. ეს ხალხი განსაკუთრებული სიმპატიით არ სარგებლობენ. ეს მთავრობის ნამუშევარი არ არის და ეს ნაციონალებმაც კი ვერ თქვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციიდან ჩვენც ოთხი რესპუბლიკელი გამოვედით, შემდეგ ჩვენგან ოთხი ადამიანი წავიდა. ოთხი რიცხვი სიმბოლური აღმოჩნდა“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

ხაჩიძე-კუბლაშვილი-ჯაფარიძე-მელაძე პარლამენტში ფრაქციის შექმნას აპირებენ, თუმცა, მათ ორი დეპუტატის თანადგომაც დასჭირდებათ, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციის შექნისთვის ექვსი კანონმდებელია საჭირო.