პრეზიდენტის „სიურპრიზმა“ დეპუტატები საგონებელში ჩააგდო

პრეზიდენტის „სიურპრიზმა“ დეპუტატები საგონებელში ჩააგდო

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თუკი მთავრობა აღლუმის ნაცვლად, სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარებისთვის ემზადებოდა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებისა და მთავრობის წევრებისთვის „სიურპრიზის“ მოწყობით იყო დაკავებული.

დღეს, მთავრობის კანცელარიასა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ქვეყნის პირველი პირის საჩუქარი მივიდა. გიორგი მარგველაშვილმა კანონმდებლებსა და მინისტრებს კონსტიტუცია უსახსოვრა. პრეზიდენტი დეპუტატებს კონსტიტუციის წაკითხვისკენ მიუთითებს თუ სიმბოლურად 26 მაისს ულოცავს, ამის თაობაზე პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა.

ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის საჩუქრით კმაყოფილია, მაგრამ ინტერესდება, მარგველაშვილმა კონსტიტუცია ვისი ფულით იყიდა. როგორც for.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტს რისი თქმა სურდა, არ იცის, მაგრამ საჩუქარი ესიამოვნა.

„კონსტიტუცია ის ძირითადი კანონია, რომლითაც უნდა ვიმუშაოთ და ვიხელმძღვანელოთ. პრეზიდენს შეიძლება სხვა ინტერესი ჰქონოდა, მაგრამ თუკი პრეზიდენტს დავუჯერებთ, საჩუქარი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოგვიძღვნა. კარგი საჩუქარია, უბრალოდ, მე მასთან ჩემი ნაყიდი კონსტიტუციით მივედი და მან ვისი ფულით ნაყიდი კონსტიტუცია გვაჩუქა?“, - ინტერესდება ქუცნაშვილი, რომლის მსგავსად, კონსტიტუცია მიიღო გია გაჩეჩილაძემ.

for.ge-სთან საუბარში გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მას ერჩივნა, პრეზიდენტს 26 მაისთან დაკავშირებით, სიმბოლურად, საქართველოს დროშა გაეგზავნა. გაჩეჩილაძის მოსაზრებით, შეიძლება, პრეზიდენტის მხრიდან ამ საჩუქრის გაკეთება ირონიულიც იყო, მაგრამ მას ეს არ ეხება, რადგან ის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია.

„კონსტიტუციის 27-ე მუხლი ჩემი ხელითაა დაწერილი. ეს მეშვიდე ეგზემპლეარია კონსტიტუციის. მათ შორის ისიც კი მაქვს, პირველად რომ მივიღეთ“, - დასძენს გაჩეჩილაძე.

ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კი, საჩუქარს „კბილს არ უსინჯავს“ და კმაყოფილია.

„პრეზიდენტმა ეს საჩუქარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოგვიგზავნა. „ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ“ და არც გამისიჯნავს“, - განუცხადა for.ge-ს დუმბაძემ.

პრეზიდენტის საჩუქრით დავით ბერძენიშვილიც კმაყოფილა და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ: „ყველაფერი კარგი იყო და წიგნი კარგად არის გამოცემული“.

აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, დავით ლორთქიფანიძე საჩუქარში პრეზიდენტის მხრიდან მეგობრულ ჟესტს ხედავს, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საჩუქარში ქვეტექსტებს არ ეძებს.

ბესელიას განცხადებით, კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რითაც ისინი პარლამენტში შევიდნენ.

„თუკი ქვეტექსტებს ეძებ, შეიძლება, ინტერპრეტაციები აღმოაჩინო. გულწრფელად მივიჩნიე, რომ ეს სიმბოლური საჩუქარი იყო. ჩვენ საჩუქრების მიღების გარკვეული ზღვარი გვაქვს და მივიჩნიეთ, რომ ეს ამ ფარგლებში ეტევა“, - განუცხადა for.ge-ს ბესელიამ, რომლის მსგავსად, საჩუქარი მიიღო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, რომელიც ვერ აკონკრეტებს, პრეზიდენტს გამიზნული რა ჰქონდა.

for.ge-სთან საუბარში მეჭიაური აცხადებს, რომ თავის დროზე, სჯობდა, ქუცნაშვილს მარგველაშვილისთვის კონსტიტუციის ნაცლად, კუ და მორიელი აეტანა.

„პრეზიდენტს გამიზნული რა ჰქონდა, მას ჰკითხეთ, მაგრამ მას კონსტიტუციის დასაწყისში ჩამატებული ჰქონდა, რომ საჩუქარი 26 მაისთან დაკავშირებით გაგვიკეთა. ზაქარია ქუცნაშილს ვურჩიე კიდეც, რომ მისთვის კონსტიტუციის ნაცლად, კუ და მორიელი აეტანა. შეიძლება წაკითხული აქვს, მაგრამ კარგად დააკვირდეს“, - დასძენს მეჭიაური, რომლისგან განსხვავებით, პრეზიდენტისგან კონსტიტუცია არ მიუღია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ ტყემალაძეს.

„როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ მე კონსტიტუცია ვიცი და ჩემთვის გამოგზავნა საჭირო არ არის. ისე თუ მაჩუქებს კარგი იქნება, რადგან ერთი ეგზემპლარი მაქვს, რომელსაც თბილისსა და ქუთაისში ვატარებ“, - აღნიშნავს ტყემალაძე, რომლისგან განსხვავებით კონსტიტუციის რამდენიმე ეგზემპლეარი აქვს ლევან ბეჟაშვილს.

for.ge-სთან საუბარში ბეჟაშვილი ყურადღებას პრეზიდენტის განზრახვაზე ამახვილებს და განმარტავს, რომ პრეზიდენტის მხრიდან დეპუტატებისთვის კონსტიტუციის დარიგება შეიძლება რაღაც მინიშნება იყოს იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან კონსტიტუცია დაიცვან.

„უმრავლესობის წევრებს მასთან კონსტიტუცია იქეთ მიაქვთ. წიაღსვლების გაკეთება შეიძლება, რადგან სხვა მხრივ, პრეზიდენტს თავისი ხარჯებიდან ფულის გამოყოფა და წიგნების დაბეჭდვა რატომ უნდა უნდოდეს? ალბათ, რაღაც ქვეტექსტი და ჟესტი არსებობს და კარგია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია მინისტრებსაც გაუგზავნა. იმედია, მან კონსტიტუცია პრემიერსაც გაუგზავნა, რათა მას შეახსენოს, რომ მთავარი კონსტიტუციაა და ყველა ვალდებულია, ეს დოკუმენტი დაიცვას და არაფორმალური მმართველების ინტერესები არ გაატაროს“, - დასძენს ბეჟაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატებისგან განსხვავებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საჩუქრად მიღებაში სასიამოვნო ფაქტს ხედავს და ამბობს, რომ ძალიან კარგი და სიმბოლური იყო.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც მიიჩნევს, რომ რაიმე სერიოზული ქვეტექსტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში არ უნდა ვეძიოთ.

„სწორედ ნიშნად კონსტიტუციის ერთგულებისა, ბატონმა პრეზიდენტმა, როგორც თანამოაზრეები, ასე წარმოიდგინა პარლამენტის და მთავრობის წევრები, მათაც მისცა საშუალება, რომ ოჯახში იქონიონ პრეზიდენტისგან ნაჩუქარი ტექსტი კონსტიტუციისა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის საჩუქრად გადაცემას მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მეტი არაფერი.

„როდესაც რაიმე არასწორი ხდება, მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ნამდვილად არ უჭირს ამის პირდაპირ თქმა. ამ ფორმით ამას არ იტყოდა“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მართალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობისა და პარლამენტის წევრებს საჩუქარი 26 მაისის აღსანიშნავად გაუგზავნა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, გარდა კეთილი სურვილისა, ამ ნაბიჯის წინაპირობა გახლავთ პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები.

როგორც პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო ამბობს, პრეზიდენტი ასეთ თემებზე ინფორმაციას მედიის საშუალებით არ უნდა ღებულობდეს.

ამის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა 27 მაისს ეკონომიკის ექსპერტებთან დახურული შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად წინააღმდეგია აღნიშნული ცვლილების განხორციელების. კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

დემურ გიორხელიძემ და სანდრო თვალჭრელიძემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დატოვეს შეხვედრა, რადგან მათი განცხადებით, სხდომაზე ნინო ევგენიძის მხრიდან გიორგი ქადაგიძის ლობირება და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის მხარდაჭერა-პროპაგანდა მიმდინარეობდა.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს კონსტიტუცია სწორედ სებ-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა გაახსენა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ძალიან რთულია ანალიზი გაუკეთო პრეზიდენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯს.

„პრეზიდენტს ამით სურდა, კიდევ ერთხელ, დემონსტრირება მოეხდინა იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობენ ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების საფუძველი არის კონსტიტუცია, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა თანამდებობის პირებისთვის სპეციალურად დაბეჭდილი მცირე საჩუქრით, ხაზი გაუსვა სახელმწიფოს საფუძველს, კონსტიტუციას და მათ როლს კონსტიტუციურ წესრიგში.

„ძნელია სხვა ჟესტის დანახვა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.