„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები პარტიიდან გასვლის მიზეზებზე საუბრობენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთია ის, რომ ენმ-მა გამოცდა ვერ ჩააბარა იმ ნაწილში, რასაც ჰქვია მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების, ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის და გიორგი მელაძის სპეციალურ განცხადებაში ერთი მხრივ, პარტიის დატოვების მიზეზებია დასახელებული, ხოლო მეორე მხრივ - სამომავლო გეგმები, რომელიც ამ ეტაპზე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეით შემოიფარგლება.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი გვესაუბრება, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე საუბარი დაიწყო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
ბატონო ზურაბ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა პირველად თქვენ გაახმოვანეთ და დაიწყეთ კიდეც მუშაობა. შეიძლება იქვას, რომ ასეთი პოლიტიკური ცენტრი უკვე შექმნილია?
- პოლიტიკური ცენტრის იდეა ნამდვილად არსებობდა და ამაზე განსაკუთრებულად ყურადღების გამახვილება არც ღირს, რადგან პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის ჩნდება-ხოლმე ასეთი იდეები.
დღესაც ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემა გვაქვს და აღარ რჩება ადგილი მესამისთვის, ამიტომ იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებისთვისაც ადგილი აღარ არის, ამ თემის წამოწევა ბუნებრივია. ამ მხრივ მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, შემოვიკრიბეთ გარკვეული ჯგუფები, მაგრამ არჩევნებამდე როგორ ძალად ჩამოვყალიბდებით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ყველა ის ძალა, რომელსაც პოლიტიკური ცენტრის იდეა აქვს და პროდასავლური მიმართულება, საბოლოოდ, არჩევნებისთვის ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებად ვიხილოთ?
- დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, არჩევნებამდე დრო კიდევ არის და ვფიქრობ, ამ პროცესის კრისტალიზაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.
საინტერესოა, საიდან წამოვა ფინანსები, რომელსაც საქართველოში არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს-ხოლმე, ელოდებით დასავლეთისგან ასეთ მხარდაჭერას?
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ფინანსები მთავარია - ნებისმიერ პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ალბათ, საბოლოო კონფიგურაციიდან გამომდინარე გამოიკვეთება დაფინანსების წყაროები.
ყოფილი ნაციონალების ამ ოთხეულთან თანამშრომლობის პერსპექტივას თუ ხედავთ?
- ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია მათ რა პოზიცია აქვთ, რა ძალებთან დაიწყებენ თანამშრომლობას, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც. რომ ვთქვა, ვინმესთან ცალსახად თანამშრომლობას ვაპირებთ, ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის.
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩეოდა თავისი მონოლითურობით და იმის მიუხედავად, რომ ცალკეული პოლიტიკური სახეები გამოეცალა გუნდს, პარტიის დაშლამდე საქმე არ მისულა. როგორ ფიქრობთ, ახლა რა მოხდა?
- ნებისმიერ ორგანიზაციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და რამდენი ადამიანიც არის იმდენი პოზიციაა. თუმცა მეორეა - როგორ მიდის მართვა, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა, რომელიც ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ აზრების ჩამოყალიბება-გაშალაშინება მოხდეს. შიდა პოლიტიკური დუღილი ბუნებრივია, მაგრამ მთავარია ამ დუღილმა იმ ტემპერატურაზე არ აიწიოს, რომ მერე „სახურავი ახადოს“, განხეთქილება და დაშლა გამოიწვიოს.
ამ თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც გამოირჩეოდა იმით, რომ ნაწილები ნაკლებად ცვიოდა-ხოლმე, თუმცა 2008 წლის არჩევნებს თუ გავიხსენებთ, მაშინ საკმაოდ სერიოზული განახლება მოხდა. პრაქტიკულად, ეს განახლებები როდესაც ხდებოდა საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ჩემი აზრით, ამ დუღილს ანეიტრალებდა.
ვფიქრობ, პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ ასეთი განახლება აღარ მოხდა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი სტრუქტურების მექანიკურად შენარჩუნება დაიწყო. სწორედ ამან გამოიწვია დღევანდელი პროცესები და მგონია, რომ მხოლოდ ცალკეული შემთხვევები არ იქნება.
სხვათა შორის, პარტიის რებრენდინგის იდეაც არსებობდა ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში გიორგი ვაშაძე გამოვიდა ამ ინიციატივით, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა...
- დეტალებზე საუბარი ძნელია, რატომ ვერ მოახერხეს, მითუმეტეს მათ სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, მაგრამ მთლიანობაში რომ განვიხილოთ, ალბათ, ამ პოლიტიკური განახლებისთვის საკმარისი რესურსი არ იყო.
პარტიაში დარჩენილი ნაციონალები საკმაოდ ემოციური განცხადებებით გამოირჩევიან და შეცდომას უწოდებენ ამ ოთხი წევრის პარტიიდან წასვლას. როგორ ფიქრობთ, ამით სერიოზულად დაზარალდა „ნაციონალური მოძრაობა“?
- ამას დრო გვიჩვენებს. ხანდახან არის-ხოლმე, რომ ის ნაწილი, რომელიც არ მუშაობს ან სხვანაირად აზროვნებს უკეთესია, იყოს განცალკევებით, რომ დანაჩენებს შეთანხმებულად მოძრაობის საშუალება მიეცეთ, ენერგია არ დაიხარჯოს შიდა დიკუსიებზე, ან პირიქით, შეიძლება ეს მნიშვნელოვანი ძალა ჩამოცილდეს და ამითი პარტია დასუსტდეს. მედალს ორი მხარე აქვს და რეალურად რა მოხდება, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
არსებობს პროგნოზი, რომ კიდევ ბევრი დატოვებს ნაციონალების რიგებს და ამ გუნდს შეუერთდება. სხვა ვერსიით - ნაცმოძრაობა სამ ნაწილად გაიხლიჩება. დღევანდელი რეალობა იძლევა ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას?
- ნამდვილად ძნელია ამისი მტკიცება, ვფიქრობ, ეს ჰაერიდან მოტანილი პროგნოზებია, რადგან ალბათ, შიდა პროცესებში ჩახედულ ადამიანსაც კი გაუჭირდება რაიმე ლოგიკური პროგნოზის გაკეთება.
ფაქტია, პირველი პრეცედენტი უკვე მოხდა, თუმცა საინტერესოა, რომელ პოლიტიკურ ძალას აწყობს პროცესების ამგვარად განვითარება? „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ უნდა აწყობდეს, ეს ცხადია, ხელისუფლება რამდენად და რითი შეიძლება დარჩეს მოგებული ნაციონალების დაშლით? - ითქვა რომ სწორედ ხელისუფლების ხელი ურევია ამ ყველაფერში. ახალი გუნდი რას მიიღებს?
- ვის რა აწყობს, ეს დამოკიდებულია იმ არჩევანზე, რაც ამ ოთხმა ადამიანმა გაკეთა. ვგულისხმობ, რომ შეიძლება ეს ორგანიზაციისთვის ცუდი იყოს ან - პირიქით. შიდა კონფლიქტები რაღაც მომენტში აჯანსაღებს ორგანიაზაციას და ეს არ არის მხოლოდ ნეგატიური მხარე.
შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიანაც აწყობდეს, ან პირიქით - მის მოწინააღმდეგეებს არ აწყობდეთ. შედეგის მიხედვით გამოჩნდება ვის რა აწყობს და რა არა.
თუ ეს პროცესი გაგრძელდა და მონოლითს ის ჯგუფებიც მოწყდა, რომლებიც რაღაც საქმეს აკეთებენ, რა თქმა უნდა, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ დასდუსტდება. ამ ერთ შემთხვევას ჯერჯერობით ვერ განვაზოგადებთ.
ხელისუფლება ამით რაიმე სარგებელს მიიღებს?
- ხელისუფლებისთვის, ვფიქრობ, რომ არ არის დადებითი მომენტი. თუ ძლიერდება „ნაციონალური მოძრაობა“ ეს მათთვის სასარგებლო, რა თქმა უნდა, არ არის და თუ სუსტდება, ამითაც ვერ დარჩებიან მოგებული.
პრაქტიკულად, ამ ხელისუფლების რეიტინგი იდგა ორ რამეზე - ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილს სასწაული უნდა მოეხდინა და ქვეყანა აეშენებინა და მეორე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი მტერი.
თუ ეს მტერი შემოეცალათ, როდესაც ქვეყნის აშენების სასწაული აღარ არსებობს, პრაქტიკულად, საარჩევნო ბაზისი მთლიანად გამოეცლებათ ივანიშვილის ფინანსების გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსები ძალზე მნიშვნელოვანია, მარტო ფული საქმეს ვერ მოიგებს. აქედან გამომდინარე, არ არის ცალსახა, რომ ოპონენტის დადუსტება მათ წაადგებათ.
თუ გავიხსენებთ 2010 წელს, როდესაც არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად, მიწასთან გაასწორა ოპოზიცია და მოწინააღმდეგე აღარ დარჩა, სწორედ ეს იყო ის წერტილი, რამაც 2012 წელს მათი დამარცხება გამოიწვია.
მოწინააღმდეგის გაქრობა ან დასუსტება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძლერდება. „ოცნება“ 54%-ით იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ იქ სხვა არავინ არ იყო დარჩენილი.
ასეთი პოლიტიკით ამ ხელისუფლებასაც ასეთი მომავალი ექნება და „ქართული ოცნების“ დაშლით დამთავრდება, რადგან აღარ ექნებათ საფუძველი, რის გამოც ერთად უნდა იყვნენ.
„ქართულ ოცნებასთან“ მუდმივად არსებობს კითხვები პროდასავლურობის კუთხით. შესაძლებელია ნაციონალების დასუსტებით და ოცნებაში პროდასავლური ჯგუფების გაძლიერებით ეს მთავარი კითხვა „ოცნების“ მიმათ უკანა პლანზე გადავიდეს?
- კითხვები არ მოიხსნება, რადგან მთავარია შედეგი და შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არსებული ხელისუფლების დასავლური ორიენტაცია მხოლოდ ილუზიაა.
რაც შეეეხება რეიტინგებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ვინ რა წარმატებები შეიძლება მოიპოვოს? განსაკუთრებით საინტერესოა ჯაფარიძე-კუბლაშვილის პარტიას თუ ცენტრს რა პოტენციალი ექნება...
- თუ თავისუფალი დემოკრატების გამოსვლას მმართველი კოალიციიდან პრაქტიკულად 10%-იანი რეიტინგი გამოჰყვა (ბოლო კვლევებით), ვეჭვობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთმა მცირე ჯგუფმა რაიმე რეიტინგი წამოიღოს თუ მერე ახალ ძალასთან ან პოლიტიკურ ცენტრთან ერთად ძლიერ მოთამაშედ არ ჩამოყალიბდა.
მოცემულ მომენტში არ ჩანს, რას გაკეთებს ეს ოთხეული, კიდევ ვინ შეუერთდება და რა ფორმას მიიღებს, მაგრამ ამ ეტაპზე ჭვი მეპარება უახლოესი თვეების განმავლობაში რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს.
დაშლის მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობა“ არსებულ რეიტინგს შინარჩუნებს?
- ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილებ არ იქნება. ეს რეიტინგი სადღაც ხომ უნდა წავიდეს? მართალია, ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, მაგრამ მზარდი რეიტინგი არავის არ აღენიშნება. ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ამომრჩეველი ნიჰილისტურად არის განწყობილი, არ მგონია, კიდევ ვინმეს მოაკლდეს რეიტინგი.
მთლიანობში რასთან გვაქვს საქმე, უკვე წინასააჩევნო გადალაგება-გადაჯგუფებები იწყება?
- გადალაგება-გადაჯგუფება პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ყოველთვის ხდება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ტემპი და სიმძაფრე გაიზრდება, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებული მზადება არ ხდება ვადამდელი არჩევნებისთვის - თუ ამ შემოდგომაზე არ დაინიშნა, ვადამდელი არჩევნები ვეღარ მოესწრება. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უკვე გამოიკვეთება ის ძირითადი ჯგუფები, რომლებიც 2016 წელს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
იმ გუნდმა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ რეალურად უფრო ბევრი კითხვა გააჩინა. თქვენი შეფასებით, რა შეიძლება იყოს მათი გადაწყვეტილების რეალური მიზანი?
- დაწყებული იმით, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის სურვილი გაუჩნდათ, დამთავრებული, რომ ვიღაცისთვის გარკვეულ ნიადაგს ამზადებენ - ყველა ამ ვერსიის განხილვა შეიძლება და გამორიცხული არაფერია. ალბათ, შემოდგომაზე ვნახავთ, რას და როგორ აპირებენ.
ნიადაგი ვისთვის შეიძლება მზადებოდეს, სააკაშვილისთვის?
- თეორიულად, ნებისმიერი სიტუაციის განხილვა შეიძლება, მმართველი ძალიდან დაწყებული, ოპოზიციით დამთავრებული. თეორიულად, ვერ იტყვი რომ რაღაცის გამორიცხვა შესაძლებელია.