„ამისთანა ეროვნული ბანკის შემხედვარე ვფიქრობ, რომ უკეთესია, ის არ არსებობდეს“

„ამისთანა ეროვნული ბანკის შემხედვარე ვფიქრობ, რომ უკეთესია, ის არ არსებობდეს“

ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისაკენ გადადგმული ნაბიჯები რატომღაც უშედეგოდ სრულდება. შეცვლის თუ არა სიტუაციას საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფა, ძნელი სათქმელია. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ, ერთი მხრივ, პოლიტიკური გავლენები, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის არასწორი მონეტარული პოლიტიკა არის ის გადამწყვეტი მომენტები, რის გამოც ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება ვერ ხერხდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი მიდგომები ანტისაბანკო განწყობების გაღვივებას ემსახურება, თუმცა რა შუაშია ეროვნული ბანკის პოლიტიკა ანტისაბანკო განწყობებთან, ცოტა ძნელი დასაკავშირბელია ერთმანეთთან და რჩება განცდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ამგვარი განცხადებებიც გარკვეული პოლიტიკის ნაწილია.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ანტისაბანკო განწყობები უკვე მრავალი წელია მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში. „ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან მაღალი ნდობა საბანკო სექტორისადმი. დღეს ჩვენი მოსახლება ანაბრებს ინახავს არა ბალიშებში, არამედ ბანკებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შემდგომ ბანკები აკრედიტებენ ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას.

მისი თქმით, დღეს არის სიტუაცია, როცა, როგორც საბანკო კრედიტია ხელმისაწვდომი, ასევე საპროცენტო განაკვეთები შესაბამისობაში და მაქსიმალურად დაბალია იმ ეკონომიკის პირობებში, რაც დღეს საქართველოშია.

ექსპერტი, დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ლარის კურსს რამდენიმე ფუნდამენტური ფაქტორი განსაზღვრავს. მისი განმარტებით, „დღეს როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორები უარყოფითია, ამიტომ ლარს არანაირი საყრდენი არ გააჩნია“.

როდესაც ლარის საყრდენზე ვსაუბრობთ, საკმაოდ საინტერესოა რამდენიმე დღის წინანდელი ფაქტი, როდესაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრისა და განცხადების შემდეგ ლარი ერთი დღით გამყარდა, ხოლო მეორე დღეს (სპეციალისტების შეფაებით, ეროვნული ბანკის ქმედებების შედეგად) კვლავ გაუფასურდა.

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ეს ნაცნობი პოლიტიკაა.

„რამდენიმე დღის წინ ლარმა ცოტა მოიკრიბა ძალ-ღონე და მეორე დღეს ისევ უკან დაეშვა - ძალაუნებურად გვახსენდება, რომ თუ ვინმე შუტევდა-ხოლმე ეროვნულ ბანკს, ღონიერდებოდა ლარი. როგორც კი სავალუტო ფონდის წარმომადგენლები შეაქებდნენ ამ სისტემას, იმ წუთას ვარდებოდა დაბლა. არც ახლა გამოვრიცხავ, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც ათამაშებს ლარის კურსს საქართვერლოში და ამაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე გავლენის მქონე პირებს ვგულისხმობ“,- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ გარკვეული განცხადებები არაფერს ცვლის, თანაც ლარის კურსის ასეთი სწრაფი დაცემის და ასეთი სწრაფი განცხადებების საფუძველი არ არსებობდა, ამიტომ უფრო სპეკულაციური შეიძლება ვუწოდოთ ასეთ განცხადებებს.

„ვიდრე ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეგულაციები არ გატარდება, მუდმივად იქნება ასეთი თამაში კურსისა, რაზეც მსხვილი ფინანსური ჯგუფები საქართველოში უამრავ ფულს აკეთებენ. ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა კეძო ინტერესების ლობირების და დაკმაყოფილების საშუალებად. ასეთი მისდგომებით სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ კარგავენ ნდობას, რადგან შედეგად, ეს იწვევს ქვეყნის მოსახლეობის გაღარიბებას და პრობლემები მუდამ გადაუწყვეტელი რჩება. არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სიმახინჯეს შეეწინააღმდება და ისეთ პროგრესულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელიც სჭირდება ეკონომიკას და არა კონკრეტულ ეკონომიკურ სუბიექტებს“.

შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს სიტუაციის შეცვლა, ისე, მაგალითად, როგორც ჩვენმა მეზობლებმა მოახერხეს მეტ-ნაკლებად, ექსპერტები თვლიან, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკა რომ გატარებულიყო.

ექსპერტ, პაატა შეშელიძის შეფასებით, ჩვენ გვაქვს არასწორი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მუდმივად აყალბებს ბაზრის მონაცემებს.

„ვგულისხმობ რას - როდესაც ბაზარზე მოთხოვნა არის დოლარზე, ეროვნული ბანკი ბაზარს აწვდის ლარს, ანუ აკეთებს იმას, რაც თვითონ მოუნდება - ასეთი რამ წარმოუდგენელია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური პროცესია“,- აცხადებს შეშელიძე.

დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა 2014 წლის ნოემბრამდე აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როცა სიტუაცია გართულდა, საქართველოს მთავრობის სუსტმა, არაკოორდინირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და უკონტროლობამ მიიყვანა სიტუაცია ასეთ გართულებამდე. გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა უნდა გატარებულიყო 2013 წლიდან, მაგრამ დღემდე არ ტარდება.

რაც შეეხება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეროვნული ბანკისგან, გიორხელიძე დარწმუნებულია, რომ მთავარი მაინც იქნება პოლიტიკური ნება იმის შესახებ, თუ ზედამხედველობის სამსახური როგორ იმუშავებს.

„საქართველოს ეროვნულ ბანკსაც ევალებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც მან გააკეთა, ყველამ კარგად ვიცით. ასეთ ეროვნულ ბანკს სჯობს, სულ არ არსებობდეს, ვიდრე ასეთ მავნებლურ პოლიტიკას ატარებდეს - ამ ეროვნული ბანკის შემხედვარე უკვე ასეთ პოზიციას ვიზიარებ“, - აცხადებს გიორხელიძე.

პაატა შეშელიძის განმარტებით, ზედამხედველობის სამსახური ისედაც არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, რადგან ის ეროვნული ბანკის ნაწილია, ხოლო ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ეს თუ იქნება ერთიანი რეფორმის ნაწილი, რომელიც ეროვნული ბანკის ფუნქციების ცვლილებას გამოიწვევს მონეტარული თვალსაზრისით, მაშინ ეს კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორებისა და ხელის გადაგრეხვის მომენტია ჩადებული, აზრს ვერ ვხედავ, რადგან ეროვნული ბანკი იგივეს გააგრძელებს, რასაც აკეთებს. ეროვნული ბანკი კრიმნალურს არ აკეთებს არაფერს, მაგრამ რა დავალებაც აქვს მიღებული პარლამენტისგან, ეს არასწორია. ცხადია, ეს ბოროტად არის გამოყენებული ზოგიერთი პირის მიერ. საკითხი უნდა დადგეს მარტივად - შეიცვალოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა“, - აცხადებს შეშელიძე.

მაშინ, როდესაც ქართველი ექსპერტები ეროვნულ ბანკს მონეტარულ პოლიტიკას უწუნებენ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქართულ მონეტარულ პოლიტიკასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საჯაროდ აქებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ლარის შემდგომ გაუფასურებაზე აისახა.

პაატა შეშელიძე კი თვლის, რომ სავალუტო ფონდი გასაუქმებელი ორგანიზაციაა, სადაც მაღალანაზღაურებადი უსაქმურები მუშაობენ. „ამიტომ მათი შეფასებები ჩემთვის არაფერს ნიშნავს. 2008 წელს კახა ბენდუქიძემ ისინი საქართველოდან გაისტუმრა, მერე უკან დააბრუნეს. სამწუხაროდ, დღეს მთავრობაში კახა ბენდუქიძე აღარ გვყავს“.

საშინაო თუ საფარეო ფაქტორების, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ეფექტური თუ არაეფექტური პოლიტიკის შედეგად, ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდა და ისედაც მძიმე მდგომარეობში მყოფი ადამიანები კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ვინ იქნება ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ძნელი სათქმელია, ზოგი ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს, ზოგი, სულაც რუსეთის პოლიტიკას, ზოგი - საქართველოს მთავრობის უსუსურობას, მაგრამ როგორც ჩანს, კონკრეტული პასუხისმგებელი, როგორც წესი, არ გამოიკვეთება თუდაც სამომავლოდ, პრევენციის მიზნით.

პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მთავრობაცა და ეროვნული ბანკიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველაფერზე.

„მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ მთავრობაცა და ეროვნული ბანკიც ერთ მინდორზე თამაშობენ და ერთმანეთს ავსებენ - ერთის შეცდომას მეორე არბილებს, მოსახლეობა კი ზარალდება. გასული წლის ნოემბრიდან ლაპარაკობენ, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ რეალურად არავინ არაფერს არ აკეთებს“,- აცხადებს შეშელიძე.

სოსო ცისკარიშვილის მოსაზრებით, სავალუტო კურსები პოლიტიკას რომ ექვემდებარება, ეს კიდევ ერთელ დაადასტურა იმ ხუთი ბანკის გამოვლენამ რომლებიც გახვეულები იყვნენ სავალუტო ავანტურაში და მილიარდობით ჯარიმის გადახდა უწევთ.

მისივე განმარტებით, „ჩვენს რელობაში როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ხან ზევით მიდის, ხან ქვევით ჩამოდის, გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ ფინანსური მდგენელი არ არის ლარის ასე უთავბოლოდ წინ და უკან მოძრაობის მიზეზი“.

დემურ გიორხელიძის აზრით, პასუხისმგებლობა მთლიანობაში უნდა დაეკისროს საქართველოს ხელისუფლებას, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ეროვნული ბანკიც, საქართველოს მთავრობაც, პარლამენტიც და ა.შ. მისივე შეფასებით, ყველას თავისი სერიოზული წვლილი მიუძღვის იმაში, რაც მოხდა.

პასუხისმგებლის ძებნაში დასახელდა ორი მსხვილი ბანკი, რომლებმაც ხეირი ნახეს ეროვნული ბანკის გაუფასურებით. პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ვისაც ინფორმაცია აქვს, ყველა გამოიყენებდა ამ სიტუაციას და მხოლოდ ბანკების ბრალეულობაზე არ შეიძლება ვისაუბროთ - „ეს უფრო ორმხრივად სასარგებლო კომბინაციაა, როგორც კომერციული ბანკების, ასევე ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, რომელმაც ჩააფლავა სიტუაცია და არ სურს საკუთარი შეცდომები აღიაროს. ეროვნული ბანკი ატარებს პოლიტიკას, რომელიც ძირითადად, აისახება მოსახლეობაზე, ანუ ძირითადად მოსახლეობა ზარალდება“, - თვლის შეშელიძე.

თუმცა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, არანაირ ზემოგებას ბანკები არ ნახულობენ, - მისი განმარტებით, „ეს არის სრულ შესაბამისობაში განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკასთან“.

ექსპერტების აზრით, რეალური მიზეზი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებისა, მაინც პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.

როგორც სოსო ცისკარიშვილი თვლის, „ეს სალაპარაკო რომ არ ჰქონოდათ ნაციონალებს, ხომ დავჭკნებოდით მოწყენილობისგან, ამიტომ ეროვნული ბანკი არ დაუშვებს ნაციონალების ჭკნობას“.

თუ წმინდა პოლტიკური მომენტია გადამწყვეტი, ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რას აკეთებს „ოცნების“ მთავრობა, რომელიც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ლარის კურსის დაცემით პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალებას აძლევს.

სოსო ცისკარიშვილი: „ამ მთავრობასაც ისევე უჭირს, როგორც ყველა ქვეყნის მთავრობას. უფრო სტაბილური ფინანსური მომავალი დამყარებული იქნება ქვეყანაში არსებული სიმშვიდის ხარისხზე. იქ სადაც ალიაქოთია, სადაც პოლიტიკურ ძალთა წყევლა-კრულვა ერთმანეთის მიმართ მთავარი თემაა არსებობისა, რასაკვირველია, ნაკლებად გამოუწევთ გული საქართველოსკენ ინვესტიციის ჩასადებად.

მხოლოდ გონიერი ქმედებით და სამშობლოზე ზრუნვით შეიძლება დასტაბილურდეს სიტუაცია და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩვენი მოსახლეობის ყველა წარმომადგენლის ინტერესები იყოს“.

როდესაც პოლიტიკურ ინტერესებზეა საუბარი, ბოლო დროს ყოველთვის ჩნდება ხოლმე კითხვები პრორუსული ძალების მიმართ.

„პრორუსულ ძალებს თავისი გასჭირვებიათ, ასეთ ვითარებაში ისინი დამავიწყდა კიდეც, მათ არანაირი გავლენა არ აქვთ პროცესზე. ასეთი შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, რუბლს მიხედავდნენ, რომ უკეთესი პერსპექტივა მოლანდებოდათ. დავაკვირდეთ ვინ საუბრობს ამ თემაზე კმაყოფილებით და ვინ გულისტკივილით“, - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, თუ გვინდა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მონეტარული პოლიტიკის გვჯეროდეს, ჯერ იმ კითხვებზე უნდა მივიღოთ პასუხი, რომელიც 2012 წელს გაჩნდა გიორგი ქადაგიძის მიმართ.

„ვიდრე არ მოვისმენ ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტის განმარტებას, როგორ მოხდა 2012 წლის დამლევს „ქართუ ჯგუფის“ მიერ „საქართველოს ბანკიდან“ 3 მილიონი ლარის გამოტანისას, რომ ის „შავი ფულის“ გათეთრების ფაქტზე საუბრობდა?! - ასეთი მიდგომა მიგვანიშნებს, რომ მძაფრ პოლიტიკურ ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეროვნული ბანკი იყო პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი - ეს იყო თვითლუსტრაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, მაგრამ ნიჭი და პრინციპულობა განსხვავებული რამ არის და რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით უფრო ადვილად მიუტევებენ-ხოლმე სუბიექტურობას და უპრინციპობას, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, რისი მოწმენიც დღეს ვართ“,- აცხადებს ცისკარიშვილი.