„თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მე ამაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“

„თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მე ამაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“

„უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპი, როცა ვიტყვით - მეგობრებო ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევრიგდეთ. ჩვენ არ ვართ იმდენი, ნახევარი საქართველო დაპირისპირებული იყოს მეორე ნახევართან. ჩვენი მთავარი მტერი არის ჩვენგან ჩრდილოეთით, ამას სჭირდება ერთიანობა და ერთიანი მიდგომა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება მანამ, სანამ სჯერა, რომ განახლების რესურსი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

რატომ ტოვებენ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები და რატომ ვერ შეძლო პარტიამ განახლების პროცესის ბოლომდე მიყვანა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge. გიორგი ვაშაძეს ესაუბრა.

თქვენი თანაპარტიელების მსგავსად, თქვენც თვლით ისინი გაიყიდნენ“ და ამიტომ დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა?

- მე ასე არ შევაფასებდი მოვლენებს. ცხელ გულზე შეფასებები არ უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. საბოლოო ჯამში, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ნამდვილად არ მახასიათებს ჭორაობა ადამიანებზე, მითუმეტეს თუ არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს, რადგან ახლა არ იყო ამის დრო და ადგილი. თუმცა, არ მგონია, რომ ეს დიდი დარტყმა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

პარტიის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი მის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ პარტიამ ვერ შეძლო განახლების პროცესის ბოლომდე მიყვანა...

- ზურაბ ჯაფარიძე სწორედ იმ პრობლემების მოსაგვარებლად იყო არჩეული აღმასრულებელ მდივნად, რაზეც ის თავად საუბრობს. მე არაერთხელ ღიად და საჯაროდ მითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ახალი ენერგია, განახლება, ახალი მიდგომები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ მოძრაობაში ვარ მანამ, სანამ მჯერა, რომ ამის რესურსი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ძალა, რომელიც შეძლებს ახლებური მიდგომებით ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანას.

თვითმმართველობის არჩევნებამდე თქვენ აცხადებდით, რომ აუცილებელი იყო რადიკალური საკადრო ცვლილებების კვალდაკვალ ახალი სახეების წამოწევა. დღეს ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიამ ვერ შეძლო განახლების პროცესის ბოლომდე მიყვანა. რამ შეგიშალათ ხელი იმაში, რომ პარტიის განახლების პროცესი ბოლომდე მიგეყვანათ?

- ზურაბ ჯაფარიძე აღმასრულებელ მდივნად არჩეული იქნა იმიტომ, რომ განახლების პროცესი დაეწყო.

თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ განახლების პროცესი პარტიაში განხეთქილების მიზეზი გახდა...

- „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება არ არის. ნებისმიერ პარტიაში და ნებისმიერ ორგანიზაციაში არის აზრთა სხვადასხვაობა. არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვრჩები განახლების მომხრედ, დღესაც ამაზე ვმუშაობ „ნაციონალურ მოძრაობაში“. დარწმუნებული ვარ და მითუმეტეს, ამ მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება სიახლეებისთვის. სიახლეებისთვის, როგორც მოქმედების პროცესში, ასევე პოლიტიკაში ადამიანური რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით.

არიან ადამაინები, რომლებიც პრობლემას ხედავენ და პრობლემას გაურბიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც პრობლემას ხედავენ და ამ პრობლემის მოგვარებისთვის ბოლომდე იბრძვიან. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე არაერთხელ მისაუბრია და არც არასდროს დამიმალვს ჩემი ხედვა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. რასაც ფიქრობ ეს ყველაფერი ღიად უნდა თქვა, გულში არ უნდა ინახავდე და ჩუმად არ უნდა საუბრობდე.

ერთ-ერთი ვერსიით, განხეთქილების მიზეზი გახდა ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ბრალდებულები არიან მძიმე დანაშაულში. კერძოდ, ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ პარტია უნდა გამიჯნოდა ძალადობაში ბრალდებულებს, მეორე ნაწილი თვლიდა, რომ ამ ეტაპზე ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ეს მოტივი გახდა დაპირისპირების მიზეზი?

- რომ გამოხვიდე და იძახო - ვემიჯნები, ვემიჯნებიო, ამით რას მიაღწევ? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის განვითარების სრულიად ახლებური ხედვა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, დაპირისპირების დასრულების ინიციატორი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მოიგებს. ის, რომ 2012 წლამდე იყო შეცდომები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამას არავიან არ უარყოფს, მაგრამ დღეს ქვეყანას სჭირდება შველა და კრიზისიდან გამოყვანა. დღეს კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ, გვყავს ოლიგარქი, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მთელი უბედურება ამ ყველაფრისგან მოდის.

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ ანგარიშვალდებულია ოლიგარქთან და მეორე მხრივ ბოღმით სავსეა. დაპირისპირების სურვილით ეპყრობა ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება და რაც გაკეთებულია. აი, ამაშია ყველაზე მთავარი პრობლემა და ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.

ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან არაერთხელ მქონია მსჯელობა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი თანაგუნდელები ციხეში არიან, ბევრი ჩვენი მეგობარი პასუხისგებაშია მიცემული. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ის ძალა, რომელიც საქართველოში დაამთავრებს დაპირისპირებას. თუ ამ ქვეყანაში დაპირისპირება არ დამთავრდა, ქვეყანა წინ ვერ წავა. დაპირისპირება ანგრევს ქვეყანას.

ერთადერთი, რაც ააშენებს ქვეყანას, ეს არის თანამშრომლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი გზავნილი მოსახლეობისთვის. შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრმა გამაკრიტიკოს, როგორ შეიძლება პასუხი არ უნდა აგოს იმ ხალხმა, ვინც უკანონობას ჩადისო, მაგრამ როდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი?! არ შეიძლება ერთმანეთთან ბრძოლას შევალიოთ მთელი ცხოვრება. უნდა გავერთიანდეთ და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს.

თქვენ, გიორგი ვაშაძე ემიჯნებით თუ არა, იმ სისტემურ დანაშაულს, რომელშიც ბრალდებული არიან დღეს თქვენი თანაგუნდელები?

- პირადად ვამბობ, რომ ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ეს ცალსახაა. ვფიქრობ, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პასუხიც აგეს გარკვეულ დანაშაულებთან დაკავშირებით და დღესაც არიან გამოძიების ქვეშ, მაგრამ სპეკულაციები დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის მეორე მძიმე დანაშაული. თუ შენ ადამიანს ვერ უმტკიცებ ბრალს, ის ადამიანი არის უდანაშაულო და ამაზე უნდა შევთანხმდეთ.

რაც შეეხება გამიჯვნას, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ თანამონაწილე ვარ ყველა იმ პროცესის - მე არ ვიყავი თანამონაწილე და ამას ვერც ვიტყვი. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მე ამაზე პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. მოდით, ეს ღიად ვთქვათ, დასამალი არაფერი არ არის, „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც პოლიტიკურ მოძრაობას, ეს პასუხისმგებლობა აქვს და ამძიმებს კიდევაც ეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, დამნაშავე იყავი თუ არა, ყველა ერთ ქვაბშია მოხარშული, მათ შორის ჩვენი მხარდაჭერები. მაგრამ ამის საპასუხოდ ჩვენ იგივე კი არ უნდა გავაკეთოთ, პირიქით, უნდა გადავაბიჯოთ ამ ყველაფერს და უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი განვითარების ეტაპი, როცა ვიტყვით - მეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ არ ვართ იმდენი, რომ ნახევარი საქართველო დაპირისპირებული იყოს მეორე ნახევართან. ჩვენი მთავარი მტერი არის ჩვენგან ჩრდილოეთით. ამას სჭირდება ერთიანობა და ერთიანი მიდგომა. ჩვენი მტერია, გაჭირვება და ეკონომიკური პრობლემები. ამიტომ, ჩემი ინიციატივები იქნება უფრო მკვეთრი და უფრო მკაფიო.

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ თქვენ დატოვოთ პარტია? არსებობს ინფორმაცია, რომ შემდეგი ვინც დატოვებსნაციონალურ მოძრაობასიქნება გიორგი ვაშაძე და დავით ბაქრაძე...

- არც ვიხილავ ამ საკითხს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პრობლემებს გაურბის. ჩემი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და ხელისუფლებაში მოსვლა, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ჯანსაღი ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“არ არის მხოლოდ ლიდერები, ეს არის მისი მხარდამჭერები, მისი თანამებრძოლები თითოეულ რაიონში და სოფელში. ამ ხალხს მივეცი დაპირება, რომ მოხდება რეორგანიზაცია და ამას აუცილებლად გავაკეთებ და მივიყვან ბოლომდე. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს არაფერში.