პარლამენტის ევროინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ისევ ვაკანტურია, „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკური პარტია“ კი კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.
საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურულ ფორმატში წუხელ გვიან ღამით ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე იმსჯელეს. გია ვოლსკი კოლეგებს საკითხზე კონსულტაციების გამართვასა და პოზიციების შეჯერებას სთხოვდა, ზაზა პაპუაშვილი კი სურვილს გამოთქვამდა, რომ კოალიციაში დომინანტი „ქართული ოცნება“ იყოს. საკითხმა ხმამაღალი საუბარი გამოიწვია ეკა ბესელიას, მანანა კობახიძესა და გია ვოლსკის შორის, რომელმაც თანაგუნდელებს ტონის შერჩევა მოსთხოვა.
ვინაიდან, დახურული სხდომიდან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა და მიმდებარე პერიმეტრზე, მედიის წარმომადგენლები იყვნენ, ზაზა პაპუაშვილმა ცხარე გამოსვლის შემდეგ, „ფლეშმობი“ დადგა, თავი სცენაზე წარმოიდგინა და იუმორისტული გამოსვლით კოლეგები ხმამაღლა და გულიანად აცინა.
პაპუაშვილის „სიურპრიზმა“ ჟურნალისტები არ დააბნია და მათ დახურული სხდომიდან გამოსულ უმრავლესობის წევრებს პასუხი ჯერ ხმაურზე მოსთხოვეს და შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძისა და ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურები განიხილება, ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებად ნოდარ ებანოიძე და გელა სამხარაული მოიაზრებიან.
მისი თქმით, ფრაქციის შიგნით საბოლოო შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა და საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება.
„ამ საკითხის განხილვა კოალიციის რეჟიმში გვექნება. რაც შეეხება ხმაურს, პაპუაშვილმა სიურპრიზი გააკეთა და თქვა, ვნახოთ, ამაზე პრესა როგორ რეაგირებას მოახდენსო. ხმამაღლა ვსაუბრობდით, რადგან მიკროფონები ჩართული არ იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ, რომლისგან განსხვავებით, პროტესტის ნიშნად, გია ჟორჟოლიანმა სხდომა დატოვა.
ჟორჟოლიანისგან განსხვავებით, სხდომა ზაზა პაპუაშვილს არ დაუტოვებია და მან მოგვიანებით ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხი კოალიციის რეჟიმში უნდა გადაწყდეს, მაგრამ მისი სურვილი იქნება პოსტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაიკავონ.
„შეიძლება, გუნდში განსხვავებული პოზიციები იყოს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მინდა, რომ ამ კომიტეტის ხელმძღვანელები ჩემი ფრაქციის წევრები იყვნენ. პრინციპი, რომ ჩვენ თანამდებობა მარტო მოვიხვეჭოთ, დღის წესრიგში არ დგას. რესპუბლიკელების ინტერვიუ მოვისმინე, რომ ისინი პრეტენზიას ევროინტერგაციაზე არ აცხადებენ. თუკი საქმე ისე წავიდა, რომ კვოტები ვერ გაიყვეს, საქმე დაზარალდება“, - დასძინა პაპუაშვილმა, რომლის თანაგუნდელბმაც მანანა კობახიძემ ის კრიტერიუმები დაასახელა, რომლის გათვალისწინებითაც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა შეირჩეს.
კობახიძის ცნობით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას დეპუტატები მიიღებენ.
„კანდიდატს ევროინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ამ სფეროს უნდა იცნობდეს და ენა უნდა იცოდეს“, - დასძინა კობახიძემ, თავად ზვიად კვაჭანტირაძემ კი დაადასტურა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა.
იმ შემთხვევაში თუკი, „ოცნება“ და რესპუბლიკელები კანდიდატურებზე ვერ შეჯერდებიან და პოსტების გადანაწილებისას თითო-თითო კვოტის დაკავების პრინციპი არ იმოქმედებს, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საკითხს მხარს არ დაუჭერენ. შესაბამისად, ამ მოწვევის პარლამენტში აღნიშნულ კომიტეტებს მოადგილეების სახით, მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელები ეყოლება.
რაც შეეხება სხვა კომიტეტებში მიმდინარე პროცესებს, for.ge-ს ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შესაძლოა, „ოცნების“ რიგებიდან პაატა კიკნაველიძე გახდეს. ვახტანგ ხმალაძე პირველ მოადგილეს მას შემდეგ ეძებს, რაც უმრავლესობიდან შალვა შავგულიძე წავიდა, რომელსაც ეს პოსტი ეკავა.