„პარტიამ ვერ შეძლო განახლების პროცესის ბოლომდე მიყვანა“, - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყოფილმა ნაციონალებმა პარტია დატოვეს. წინასწარ დაანონსებული საგანგებო ბრიფინგის ნაცვლად, ყოფილმა ნაციონალებმა საგანგებო განცხადება გაავრცელს, სადაც განმარტეს ის მიზეზები, რატომაც დატოვეს პარტია. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას არც ერთი მათგანი არ აპირებს, რადგან სჯერათ, რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს.
რატომ ახლა და არა ადრე, ამ კითხვის საპასუხოდ პარტიის ყოფილი წევრები განმარტავენ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკურ სპექტრში გადარჩენილიყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს.
„ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1,5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება.
ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრორუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას.
პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის გვერდზე გავრცელდა.
მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ყოფილმა წევრებმა წავლის მიზეზები საგანგებო განცხდებით განმარტეს, მოგვიანებით მათ მცირე კომეტარიც გააკეთეს. ყოფილი ნაციონალი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არ აპირებს საუბარს. მისი თქმით, მათი მთავარი მიზანია შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, სადაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ინტერესი პროცესებისადმი.
„უფრო მეტი ვთქვა, ვიდრე განცხადებაშია ნათქვამი, მაშინ უნდა ვისაუბრო შიდა პარტიულ სამზარეულოზე. ეს ჩემი მხრიდან არც კორექტული იქნება და არც სწორი. ამიტომ, არ ვაპირებ სხვა კომენტარის გაკეთებას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ირგვლივაც შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, რომლებსაც აქვთ ინტერესი პროცესებისადმი. ეს იქნება პროდასავლური გაერთიანება, რომელსაც ექნება ის ღირებულებები, რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებულა. ვისი პროექტია, ვინ გააკეთა, ვინ დგას ამის უკან, ვფიქრობ, რომ ამას საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
პარტიის ყოფილი წევრი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან კონსულტაციები არ გაუვლია. თუმცა, მისი თქმით, იგი შემდგომში პროფესიონალ ადამიანებთან აპირებს თანამშრომლობას.
„ვეცდებით, მოვიზიდოთ თავისი საქმის პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანები, რომელთა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია. დღეს არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. არ გვაქვს ახლა ამ წუთში ინსტიტუციურ ფორმატში რაიმე სახის კონსულტაციები რომელიმე პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ ჯგუფთან, ამაზე ახლა არ არის საუბარი. თუმცა, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ შეიძლება, საქმე გვქონდეს პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების სამზადისთან, რომელიც მომავალ პარლამენტში უნდა შეიკრას. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დიდი ხანია, კამათია მიხეილ სააკაშვილის სამომავლო როლთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნაწილი მიიჩნევდა, რომ პარტიის მომავალი უნდა დაუკავშირდეს მიხეილ სააკაშვილის სახელს, ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, ასევე ნაწილი ითხოვდა განვლილ წლებზე პასუხისმგებლობის აღებას და მასშტაბურ რებრენდიგს.
„ასე რომ, არ არის გამორიცხული, ამ ადამიანების წამოსვლა მართლაც ამ მიზეზს უკავშირდებოდეს, ისევე როგორც მეორე ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომლის მიხედვითაც შეიძლება, საქმე გვქონდეს პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების სამზადისთან, რომელიც უნდა შეიკრას მომავალ პარლამენტში და ეს იყოს როგორც ქვეყნის შიგნით პროდასავლური ძალების, ასევე საგარეო პოლიტიკური პარტნიორების საერთო ინეტერესი.
შეიძლება მართლაც დგას დღის წესრიგში ახალი პროდასავლური ძალების ფორმირება, თუნდაც ნაციონალებისგან გამოყოფილი დეპუტატების ბაზაზე, რომელიც შეეცდება შევიდეს პარლამენტში და რომელთან კოალიციის გაფორმებაც არ იქნება მწვავე და პრობლემური ალასანიასა და რესპუბლიკელებისთვის, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე ისეთი სტიგმაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური პარტნიორი დაანგრიოს. შეიძლება ესეც იყოს მიზეზი ახალი სუბიექტების გამოყოფის, რომლებიც ეცდებიან, ხანმოკლე, მაგრამ საკუთარი ისტორია შეიქმნან ამ მხრივ“, - აცხდებს ხათუნა ლაგაზიძე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება. ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ჯგუფებზეა საუბარი.
„გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება „ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.