დეპუტატები პრემიების წინააღმდეგ

დეპუტატები პრემიების წინააღმდეგ

სახელმწიფო სტრუქტურებში პრემიის გაცემის წესი შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე დაკონკრეტდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი შესაბამისს კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში პრემირების წესის გადახედვაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წინააღმდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოდის, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და სახეზეა ეროვნული ვალუტის დევალვაცია, სჯობს, ამ ეტაპზე, პრემიების გაცემა შეჩერდეს.

ხუნდაძის განცხადებით, საჯარო სამსახურში პრემიების გაცემა სოციალურად დაუცველ კატეგორიას მძიმედ აწვება, ვინაიდან, ქვეყანას დაახლოებით 450 ათასი ისეთი ადამიანი ჰყავს, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს.

მისი ცნობით, ქვეყანაში რამდენიმე ასეული ათასი ასაკით პენსიონერია, რომელიც მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული და თითოეული მაღალჩინოსანი ვალდებულია, რომ თითოეულ მოქალაქეს თანადგომა გამოუცხადოს.

„კანონით პრემიების აღება არ იკრძალება და ჩინოსანმა პრემია შეიძლება დამსახურების მიხედვით აიღოს, მაგრამ მძიმე სოციალურ ფონზე, უფრო მეტად ღირსეული ის იქნება, რომ თანამდებობის პირებმა თითოეულ ასეთ მოქალაქეს თანადგომა გამოუცხადონ და პარლამენტარებს მიბაძონ. 2013 წლის შემდეგ, პარლამენტმა პრემიების აღებაზე უარი თქვა. მაღალი რანგის პოლიტიკურ და თანამდებობის პირებს ვთხოვ, რომ ჩემი შეთავაზება გაიზიარონ“, - აცხადებს ხუნდაძე, რომელიც ამბობს, რომ მის ინიციატივას მხარს ზაქარია ქუცნაშვილი უჭერს, რომელიც ცვლილებების მომზადებას გეგმავს.

ხუნდაძის თქმით, შესაძლოა, ქუცნაშვილმა საკანონმდებლო წინადადება მოამზადოს და იმ პირთა წრე განსაზღვროს - ვინ არ აიღებს პრემიას.

„ჩვენთან პრემირების სისტემა გამართული არ არის და ალბათ, ამის მოგვარებას უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის დრო არც თუ ისე სარგებლიანად მუშაობს“, - დასძენს ხუნდაძე, რომლის მსგავსად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პრემირების სისტემა გადასახედია, რადგან 25 წელიწადია, რაც ამ საკითხზე საუბარი იწყება და ბოლომდე არ მიდის.

როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, ის პრემიების საკითხს სავალუტო კრიზისს არ უკავშირებს, რადგან იმ რაოდენობის პრემიები არ გაიცემა, რომელმაც შეიძლება, ლარის კურსზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ხმალაძე თვლის, რომ პრემია უნდა გაიცეს მაშინ, როცა ზომას გადაცილებული, ან განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სამუშაო იქნა შესრულებული.

„თუ მიგვაჩნია, რომ ამა თუ იმ პირებს უფრო მაღალი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, მაშინ ეს მათი თანამდებობრივი სარგოს სახით უნდა განისაზღვროს. ახლა, ფაქტობრივად, ეს წესად არის ქცეული, როდესაც თანამდებობის პირები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიებსაც თითქმის მუდმივად იღებენ. ამას რიგ შემთხვევებში, გამართლება მართლაც აქვს. მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებს თანამდებობებზე მოსაზიდად ისეთი ანაზღაურება უნდა მივცეთ, რათა ეს პირები სახელმწიფო თანამდებობებზე მოვიდნენ და კერძო სექტორში არ დარჩნენ, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია. ყველაზე ეს წესი ვერ გავრცელდება და სჯობს, მათი თანამდებობრივი სარგო გავზარდოთ და პრემია მართლა პრემიად ვაქციოთ, როცა განსაკუთრებული რამ მოხდება“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ პირზე პრემია იმ შემთხვევაში უნდა გაიცეს, როცა პირმა სარგებელი ყველას მოუტანა, ან განსაკუთრებით დიდი დროის განმავლობაში, დიდი სამუშაო გასწია.

„ბუნებრივია, აქ პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება. სხვა შემთხვევებში, პრემიის თანამდებობრივ სარგოსთან გატოლება, სწორი არ არის. ერთხელ და სამუდამოდ, ანაზღაურების საკითხი უნდა მოგვარდეს, რადგან 1990 წლიდან დღემდე მოყოლებული, ეს სისტემა შექმნილი არ არის. ეს სისტემა აუცილებლად შესაქმნელია, რომ ყველამ იცოდეს, სად რა თანამდებობაზე - ვის რამდენს უხდის სახელმწიფო. აქ სისტემური მიდგომა უნდა იყოს. 25 წელიწადია ამ საკითხზე საუბარი იწყება, მაგრამ არასოდეს ბოლომდე არ მიდის. მიჭირს ვთქვა, ამის ზუსტი მიზეზი რა არის“, - დასძენს ხმალაძე, რომლის მსგავსად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე თვლის, რომ პრემირების სისტემა უნდა გადაიხედოს.

for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე აცხადებს, რომ პრემირების სისტემა არ არის ის, რასაც სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, რადგან ეს წახალისების ფორმაა, მაგრამ ამჟამად, ისეთი პროცესია, როცა წინა პლანზე მაღალი ღირებულებულებები უნდა წამოვიდეს და არა რომელიმე თანამდებობის პირის ყოველთვიური წახალისება.

ფოფხაძის მიიჩნევს, რომ სახელწმიფოს წახალისების ფორმები უნდა გააჩნდეს, მაგრამ გათვალისწინებული სოციალური ვითარება უნდა იყოს და პრემიერების სისტემა გამოსწორდეს.

„პრემირების სისტემა თუ იქნება, ეს კარგია, მაგრამ უნდა იწერებოდეს, მოხელეები პრემიას რატომ იღებენ. სქემა, რომ კვარტალური პრემია ყველას ეკუთვნის, არასწორია. ადამიანმა უნდა იცოდეს, პრემიას რისთვის იღებს. ჩინოვნიკებს კომფორტს არ უნდა ვუქმნიდეთ და მან პრემია შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით უნდა მიიღოს. უკმარისობის გრძნობა მაქვს იმის გამო, თუ როგორ მიდის პროცესი კონკრეტული მოქალაქეებისთვის კონკრეტული პრობლეების გადაწყვეტის თაობაზე. მოსახლეობას უფრო მეტი უნდა გავუკეთოთ და როცა ჩვენი შედეგებით კმაყოფილი ვიქნებით, მაშინ პრემიებიც იქნება. დეპუტატებს პრემია არ აგვიღია და საყვედური არ გვეთქმის“, - აცხადებს ფოფხაძე, რომელსაც პრემია მართლაც არ აუღია, რადგან 2013 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილებით, დეპუტატებმა პრემიებზე უარი თქვეს.

დეპუტატებისგან განსხვავებით, მთავრობაში მინისტრებიც იღებენ პრემიებს. თუმცა, მათ რიგებშიც არიან გამონაკლისები. IDFI-ს ცნობით, 2014 წელს, მთავრობის წევრებიდან პრემიების მიღებაზე უარი - ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ და დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადეს. რამდენიმე თვის წინ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ფინანსთა მინისტრზე საუბარი არ იყო და ნოდარ ხადური for.ge-ს არწმუნებს, რომ მას წელიწადნახევარია, რაც პრემია აღარ აუღია.

ხადურის მტკიცებით, თუკი განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა, არც ერთ მინისტრს პრემია არ აუღია.

„შარშან, ეს ასოცირების ხელშეკრულება იყო. ზოგადად კი, მინისტრები პრემიებს არ იღებენ. პრემიების თაობაზე გადაწყვეტილებას მენეჯერები იმის მიხედვით მიიღებენ, რომ სამუშაო არ უნდა დაზარალდეს. პირდაპირ გეტყვით, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების კისერზეა 9 მილიარდიანი ბიუჯეტის შესრულება და ცხადია, რომ ისინი შესაბამისს ანაზღაურებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული რისკების წინაშე დავდგებით“, - განაცხადა ხადურმა.

დეპუტატები პრემირების წესს გადახედავენ და მოამზადებენ თუ არა საკანონმდებლო ინიციატივას, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ, IDFI-ს ცნობით, 2014 წელს, მინისტრებთან შედარებით მათმა მოადგილეებმა უფრო მეტი ხელფასი აიღეს.