„ელისო კილაძეს თავისი ჩიტი ატყუებს“

„ელისო კილაძეს თავისი ჩიტი ატყუებს“

„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარტიის 4 წევრის გასვლასთან დაკავშირებით, სკანდალურ განცხადებას აკეთებს, გაზეთ, „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე, რომლის განცხადებით, საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ სქემასთან, რომლის სათავეში დგას პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი. კილაძე ირწმუნება, რომ კუბლაშვილი იყო პარტიიდან წასვლის ინიციატორი, რაშიც, მისივე თქმით, კუბლაშვილმა ხელისუფლებისგან საკამაოდ დიდი თანხა აიღო.

კილაძე აცხადებს, რომ კუბლაშვილმა თანხა აიღო ლიტვაში გახსნილი ანგარიშით, ხოლო კუბლაშვილსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი იყო. კილაძე ამტკიცებს, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს გარიგება. აქვე კილაძე ასახელებს ვაჟა ლილუაშვილს და ამირან მესხელს, რომლებიც შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეები იყვნენ. მისივე თქმით, ეს ოთხეული შექმნის პარტიას, რომელსაც ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და დეპუტატი კახა ოქრიაშვილი უხელმძღვანელებენ.

„ურთიერთობა „ოცნებასთან“ და ქეის ურთიერთობა პავლე კუბლაშვილთან ჩემთვის გახლავთ პოლიტიკური პროსტიტუციის ძალიან მაღალი რანგი იმიტომ, რომ არ შეიძლება მსგავსი ტიპის ადამიანები ყველა ხელისუფლებას სჭირდებოდეს. ლიტვაში ჯოზეფ ქეის დახმარებით გაიხსნა ანგარიში პავლე კუბლაშვილის სახელზე და მას ქეის მეშვეობით ჩაურიცხეს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა. თანხა ჩაურიცხა ხელისუფლებამ. ამიტომ, არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ვანო მერაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყოს და ფრაქცია, რომელიც პარლამენტში შეიქმნება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება იმ პარტიაში“, - აცხადებს ელისო კილაძე.

კილაძის ინფორმაციას არ ადასტურებს ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის წარმოადგენელი, „ზედაზენის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ხათუნა მიქაცაძე აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ბიზნესმენი ჩოჩელი პოლიტიკაში დაბრუნდეს, ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და უხელმძღვანელოს.

„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონ კილაძეს თავისი ჩიტი თუ ვარდისფერი „ფლეშკა“ ატყუებს. წარმოუდგენელი იყო, რომ სრულიად სერიოზულად მიმეღო ეს ინფორმაცია და ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა - ყავაზე იმკითხვა თუ კარტზე კილაძემ, როცა ასეთ ინფორმაციას ავრცელებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა მიქაცაძე.