რღვევა

რღვევა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე პარტიის შექმნას და ე.წ. მესამე ძალად ჩამოყალიბებას გეგმავენ. for.ge-სთან კულუარულ საუბარში ნაციონალები ყოფილი თანაგუნდელების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ადგილი აქვს პოლიტიკურ გარიგებას.

ერთ-ერთი ნაციონალი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს, კონსტანტინე კუბლაშვილი ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შეხვდა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისადმი კეთილგანწყობა არ დამალა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა კუბლაშვილის „შეყვარება“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც კი მოსთხოვა.

პირად საუბრებში ნაციონალები კუბლაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკურ გარიგებებზე მიანიშნებენ და ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული პირების მთავარი იდეოლოგი სწორედ პავლე კუბლაშვილია.

„პალიკოს ადამიანზე ზემოქმედების ძალიან კარგი უნარი აქვს და როგორც ჩანს, მას გავლენის ქვეშ ჯაფარიძე-ხაჩიძე-მელაძე ჰყავს“, - ამბობს ერთ-ერთი ნაციონალი for.ge-სთან საუბარში.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალებს გული ყველაზე მეტად ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებაზე სწყდებათ და ამბობენ, რომ მის წარმოჩენაში „ძალიან დიდი ფული დაიხარჯა“.

თავად ჯაფარიძე გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე ახალ თანაგუნდელებთან ერთად, ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს, მაგრამ მან ყოფილ თანაპარტიელებს სოციალურ ქსელ - Facebook-ის მეშვეობით მიმართა და „წნეხის ვერ გაძლებასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები უადგილოდ მიიჩნია.

ჯაფარიძე ირწმუნება, რომ მათთვის არც ღირებულებები შეცვლილა, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

„თანამოაზრეებთან ერთად, გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა დასრულდეს, ქვეყანა განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას დაუბრუნდეს. მიზეზები, რომელთა გამოც, ეს ნაბიჯი გადავდგით, გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები „უპასუხისმგებლობასა“ და „წნეხის ვერ გაძლებასთან“ დაკავშირებით“, - აცხადებს ჯაფარიძე, რომელსაც ნაციონალებმა სოციალურ ქსელითვე უპასუხეს.

ნუგზარ წიკლაურმა ვარაუდი გამოთქვა, რომ ოთხივე წასული დეპუტატი ივანიშვილის ინტერესს მოემსახურა, ხოლო გივი თარგამაძემ ყურადღება „მყუდრო ოაზისისთვის“ თავის შეფარებაზე გაამახვილა.

თანაგუნდელებისგან განსხვავებით, სერგო რატიანი ასეთ ხმამაღალ შეფასებას არ აკეთებს, მაგრამ for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარტია შეყვარებულებისა და მეგორების კლუბი არ არის და თუკი ვინმე ჯანმრთელ დებატებს ვერ უძლებს, სჯობს, არცერთ პარტიაში არ იყოს. რატიანი ყოფილი თანაგუნდელების განმარტებებს ელოდება - თუ რატომ დატოვეს პარტია.

„ბოლო კვირის მანძილზე, ეს ადამიანები არ გვინახავს და კონფლიქტიც არ გვქონია. გარიგების თაობაზე ინფორმაციის არც დაჯერება მინდა და არც წარმომიდგენია. ჩვენს გარშემო ძალადობა და ტერორია და სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა გზას პოულობენ. პარტია შეყვარებულებისა და მეგორების კლუბი არ არის. ეს ცოცხალი ორგანიზმია, სადაც აზრთა დაპირისპირებაა და თუკი ადამიანები ამას ვერ უძლებენ და მზად არ არიან ერთმანეთთან ჯანმრთელ დებატებში შევიდნენ, მაშინ ისინი პარტიაში არ უნდა იყვნენ და მათ სხვა სახის კლუბის შექმნა შეუძლიათ“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.

რატიანისგან განსხვავებით, გოკა გაბაშვილი ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს თამამად უწოდებს და for.ge-სთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, კუბლაშვილი-ხაჩიძე-ჯაფარიძე-მელაძე იქნებიან თუ არა ე.წ. მესამე ძალა. გაბაშვილის თქმით, ყოფილმა ნაციონალებმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.

„სამი წელია, ოლიგარქის მხრიდან პარტია დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება და ძალიან დიდი ზეწოლაა. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი ამას ვერ უძლებს და არადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს. ბრძოლას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმი მოვაშოროთ“, - დასძინა გაბაშვილმა, რომელიც მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ანუ ხვალ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში იქნება და თანაგუნდელების ბრიფინგს დაელოდება.

ყოფილი ოთხი ნაციონალი პარტიიდან წასვლის თაობაზე რა მოტივს დაასახელებს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ფრაქციის შექმნა სურთ. მათ საკუთარი მიზნის მიღწევისთვის დამატებით ორი დეპუტატი დასჭირდებათ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი კანონმდებელია საჭირო. პარლამენტში მათთვის სასურველ პოლიტიკურ პარტნიორად კი, მხოლოდ დავით ბეჟუაშვილი მოიაზრება.

რაც შეეხება აღნიშნული კანონმდებლების საპარლამენტო საქმიანობას, ზურაბ ჯაფარიძე და გოგა ხაჩიძე მერვე მოწვევის პარლამენტში დეპუტატები პირველად გახდნენ და თუკი ჯაფარიძემ თავი ეკონომიკურ საკითხებზე მწვავე გამოსვლებით წარმოაჩინა, ხაჩიძე საზოგადოებას თავს იუმორისტული შოუებით ამახსოვრებს. მართალია, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე წინა მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ, მაგრამ მედიის წარმომადგენლებს მელაძის ჩაწერა დიდად არ უყვარდათ, რადგან ის ან ნასვამი იყო, ან საკითხის არსში ვერ ერკვეოდა. მელაძისგან განსხვავებით, ხშირ შემთხვევაში, კუბლაშვილის კომენტარის მოპოვება რთული იყო და მისი კარი მხოლოდ მაშინდელი სახელისუფლებო ტელევიზიებისთვის იყო ღია. უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ე.წ. „პალიკო და კომპანია“ იყო, რომელშიც ლაშა თორდია, ზვიად კუკავა, კახა ანჯაფარიძე და მურთაზ ზოდელავა შედიოდნენ. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი კი, საზოგადოებაში უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა - მათ შორის დეპუტებისაც კი, როდესაც მათ იერარქიიდან კონკორდატის ამოღება განიზრახეს. მაშინ, ცვლილებების წინააღმდეგ ხათუნა გოგორიშვილი გამოვიდა და ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტიდან წასვლი დაიმუქრა. გოგორიშვილის მუქარის შედეგად, „პალიკომ და კომპანიამ“ ცვლილებების ამ სახით ინიცირება გადაიფიქრეს.