„დელენდა ესტ კართაგო!“

„დელენდა ესტ კართაგო!“

for.ge-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წვერი გიორგი ვაშაძე უარყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გიგა ბოკერიამაც დატოვა. „არაფერი არ ხდება. პარტიის შიგნით არის დისკუსია. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე და გვაქვს ჩვენი პოზიციები. ყველაფერი კარგად იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას განაგრძობს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის განცხადებით, ის არ აპირებს ჯერჯერობით პარტიის დატოვებას.

რატომ, ან ვისი გადაწყვეტილებით ტოვებენ პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური სახეები, ამის შესახებ დეტალური ინფორმცია ოთხშაბათს, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. მანამდე კი, არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია დატოვეს გიგა ბოკერიამ, ზურაბ ჯაფარიძემ, გოკა გაბაშვილმა, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ.

მათი გადაწყვეტილების მიზეზებზე პარტიაში ამ დროისთვის ოფიციალურად არ საუბრობენ. ასევე უცნობია, სად გააგრძელებენ პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები მოღვაწეობას. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, პარტიაში შიდა დაპირისპირებაა, რისი მიზეზიც ძმები ახალაიები არიან, რომელთაც ერთი პერიოდი თავად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისივე განცხადებით გაემიჯნა - სააკაშვილი გვიმტკიცებდა, რომ ის დათა ახალიას საერთოდ არ იცნობდა.

ძმები ახალაიებისგან გამიჯვნას ასევე მხარს უჭერდა გიგა ბოკერიაც და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე. პირად საუბრებში ნაციონალები ახლაიების გამიჯვნის აუცილებლობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერებმა კონსულტაცია გაიარეს მიხეილ სააკაშვილთან. იმ შემთხვევაში, თუ პარტია ღიად არ გაემიჯნებოდა ახალაიებს და მათ შორის იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა სახელი პირდაპირ უკავშირდება გახმაურებულ საქმეებს, პარტიას დატოვებდნენ წამყავნი ლიდერები.

სწორედ ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ახალაიების პოლიტიკურ დევანაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუაბარი არ იქნებოდა. სწორედ, ახალაიებისგან გათიშვის გადაწყვეტილებამ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამ პროცესს ღიად გაემიჯნენ დეპუტატები - ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ახალაიების ხარჯზე რადიკალურ ცვლილებას კატეგორიულად ითხოვდა, ზურაბ ჯაფარიძე იყო.

სააკაშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, პარტიაში საუბარი დაიწყო „ნაციონალური მოძრაობაში“ სიღრმისეული ცვლილებების აუციელბლობაზე. ინიციატივა გიორგი ვაშაძეს ეკუთვნოდა. ვაშაძე ამტკიცებდა, რომ ახალი სახეების გამოჩენა პარტიაში საკადრო ცვლილებების ხარჯზე მოხდებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ პარტიაში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა და პარტიამ ვერც ახალ ლიდერები გამოკვეთა, რომლებსაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების სრულფასოვანი შესაძლებლობა ექნებოდათ.

„იმისათვის, რომ პარტიამ შეძლოს მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა, აუცილებელია, რომ პარტია გაემიჯნოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასოცირდება ციხის სკანდალთან, პატიმართა წამებასთან და მკვლელობასთან. ამ საკითზე იყო საუბარი სააკაშვილთან, რომელიც იზიარებს ამ მოსაზრებას. მეტიც, მაგალითად, როდესაც გოკა გაბაშვილი გამოდის ეთერით, მიშა ამაზე სასტიკად ღიზიანდება.

ამბობს, რომ ასეთი სახეები, რომლებიც საზოგადოებას აღიზიანებს წინა პლანზე არ უნდა გამოჩნდნენ. ამიტომ, პარტია ცდილობს, რომ ახალი სახეები მოიზიდოს და ისეთი სახეები გამოჩნდნენ, რომელთა მიმართ არ არსებობს აგრესია საზოგადოების მხრიდან“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, რომლის განცხადებით, თუ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში არ მოხდება შეთანხმდება, პარტიას წამყვანი ლიდერები დატოვებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა პარტიიდან ოთხი წევრის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიღებული აქვს პარტიის აღმასრულებელ მდივანს ზურაბ ჯაფარიძეს, ასევე, პავლე კუბლაშვილს, გოგა ხაჩიძეს და გიორგი მელაძეს. თუმცა როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე ოფიციალურად გაფორმებუილი არ არის.

„გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მელაძე, ხაჩიძე, კუბლაშვილი და ჯაფარიძე ტოვებენ პარტიას. ეს ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მათ პარტიისთვის ჯერ ოფიციალურად არ მიუმართავთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი.
მისი თქმით, ეს ადამიანები პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებული წნეხის გამო ტოვებენ და ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ნაბიჯი.

„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი 4 კოლეგა აპირებს პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ჩვენი პარტია სამი წელია მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან იმყოფება წნეხის ქვეშ. ეს წნეხი სავარაუდოდ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი 4 თანაპარტიელი ამ წნეხის გამო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ეს შემადგენლობა, რომლებმაც პარტია დატოვეს, არ ასოცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც სადისტური პოლიტიკური ძალის ქმედებასთან.

„ალბათ, დგება დრო, როდესაც ხდება საკუთარი ნამოქმედარის გადახედვა და ჩაფიქრება პერსპექტივაზე. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ობიექტურობით გამოირჩეოდნენ ამ კვარტეტის წევრები, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც ააწიოკეს საქართველო 9 წლის განმავლობაში, ეს კვარტეტი „ნაციონალურ ანგელოზთა“ რიგში შეგვიძლია მოვიხსენიოთ. დაბნეულობას ადგილი აქვს და ეს ბუნებრივია. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს შიდა დაპირისპირება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი. 

როდესაც რომის მიერ დამონებული კართაგენი რეფორმების წყალობით ფეხზე დადგა, ვითარება კვლავ მის სასარგებლოდ შემოტრიალდა და რომს შიშის ზარს სცემდა. ამის შემდეგ რომაელი პოლიტიკოსი კატონი, ვიდრე ცოცხალი იყო, სენატის წინაშე თავის ყველა მოხსენებას ასეთი მოწოდებით ამთავრებდა: „დელენდა ესტ კართაგო!“ - „კართაგენი უნდა გაცამტვერდეს!“.

მიხეილ სააკაშვილს, საუკეთესო შემთხვევაში, დააგვიანდა „ნაციონალური სიკვდილის მანქანის“ გაცამტვერება, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ამ მანქანის საჭეს თავად მართავდა.