ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე ახლადაშენებულ ბინების რეალიზაციამ იკლო. დეველოპერულ კომპანიებში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების გამო, ბინის ყიდვისაგან ყველა თავს იკავებს, ბანკიდანაც სესხს აღარ იღებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება სამშენებლო სექტორს პრობლემა შეექმნას. მომხმარებლების აქტიურობა დეველოპერებისთვის გადამწყვეტია.
შესაბამისად, კომპანიებს ნაკისრი ვალდებულების შესრულება უჭირთ. კომპანია „ბესტი ჯგუფის“ დამფუძნებელი მალხაზ კოხრეიძე აცხადებს, რომ სავალუტო კრიზისის გამო, არათუ ახალი ვალდებულების აღება, ძველის შესრულებაც უჭირთ.
„ჩვენს კომპანიას სესხი დოლარში აქვს აღებული. სავალუტო კრიზისმა ძალიან დაგვაზარალა. გადასახადი თვეში 2000 ლარით მოგვემატა, ასეთი ზარალის მიუხედავად, ბანკის მხრიდან შეღავათზე საუბარიც არ ყოფილა. ცალკე პრობლემაა სამშენებლო მასალების გაძვირება. ფასი ისედაც არ არის კონკურენტუნარიანი და უძრავი ქონების გაძვირება არც გვიცდია. დამატებითი სესხის აღებას, დაახლოებით, 300 000 დოლარის ოდენობით ვაპირებდით. მოლაპარაკება ერთ-ერთ ბანკთან თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, მაგრამ უარი ვთქვით. იძულებული ვართ, რაც გვაქვს, იმით დავკმაყოფლდეთ, წინსვლასა და გაფართოებაზე საუბარიც ზედმეტია.
ალბათ მომხმარებელიც ასე იქცევა და ვითარების გამოსწორებას ელოდება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სამრეწველო ობიექტების მიმართულება თითქმის გაჩერდა“, - აცხადებს მალხაზ კოხრეიძე.
დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ილია წულაია აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაცია ბინების რეალიზაციის მაჩვენებელზე ნეგატიურად აისახა, თუმცა სიტუაცია დრამატული ნამდვილად არ არის.
წულაიას განმარტებით, ზოგადად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვა, დაალოებით, 30 პროცენტით შემცირდა, თუმცა აქედან ყველაზე დიდი კლება ძვირიან სეგმენტზე მოდის. მაღალფასიანი ბინების რეალიზაცია 70 პროცენტით, ხოლო იაფიანი ბინების - 10 პროცენტით შემცირდა.
წულაიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ვითარება დრამატული იყო, თუმცა შემდგომ მომხმარებელი ამ მდგომარეობას შეეგუა და რეალიზაცია ისევ გააქტიურდა.
ახლადაშენებული ბინების გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს აზერბაიჯანული დეველოპერული კომპანია AS GEORGIAS-ს („დირსის“ პროექტი) კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქეთი ადეიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ლარის დევალვაცია მკვეთრად აისახა მომხმარებელზე. უპირველეს ყოვლისა, იმათზე, ვისაც ყოველთვიური შენატანი აქვს გასაკეთებელი შიდა განვადების პირობებშიც და იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაშიც.
ადეიშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ კომპანიამ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოიტანა, შედეგად, „თიბისი ბანკთან“ გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ახალი იპოთეკური პროდუქტის წარდგენა. მემორანდუმის ფარგლებში, კლიენტს შესაძლებლობა ექნება პირველი შენატანი 20 პროცენტის ნაცვლად, 15 პროცენტი შეიტანოს, ხოლო სესხის ხანგრძლივობა 10 წლიდან 15 წლამდე გაიზრდება.
უძრავი ქონების სააგენტოებშიც საუბრობენ სხვადასხვა მიზეზზე, რამაც მშენებარე და ახალ ბინებზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა. პირველ რიგში, ეს სავალუტო ცვლილებებს უკავშირდება. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გართულებამ უძრავი ქონების ბაზარს გარკვეული პრობლემა შეუქმნა.
„რეალიზაციაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, ასეთია თუნდაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ინვესტიციები და სხვა. ფასზე გავლენა კონკურენციამაც განსაზღვრა, ბოლო დროს ბაზარზე ბევრი კომპანიაა, რომელიც მშენებლობებითა და ბინების რეალიზაციითაა დაკავებული. ფაქტობრივად, დიდია მიწოდება, მოთხოვნა - ნაკლები და ამგვარმა დისბალანსმა ფასზეც ადეკვატურად იმოქმედა“, - აცხადებს კომპანია „სიგმას“ ხელმძღვანელი ზურაბ ლაჩაშვილი.