„არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს“, - აცხადებს დავით ნარმანია, რომლის განცხადებით, თბილისის მერია ძალიან დიდი უწყებაა და მერს რაში ჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. ნარმანიას ამ განცხადების საპასუხოდ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე მერის 5 ახალი მრჩევლის დანიშვნის საკითხი ჩავარდა. საკითხს მხარი 22-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა თავი შეიკავა, 12 კი წინააღმდეგი იყო. ქვორუმისთვის კი 26 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.
„არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად. ეს არის მერის დისკრეციული უფლებამოსილება. მანდეთ ეს საკითხი და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ, უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან“, - ამბობს დავით ნარმანია.
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მათ შორის რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ, უარყოფითად შეაფასეს დავით ნარმანიას განცხადება, რომ მერის გადასაწყვეტია, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საკრებულომ დღეს ჭკუა ასწავლა ნარმანიას, რომელმაც არ იცის, როგორ ელაპარაკოს საზოგადოებას. ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს, დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას თავი სასიმინდეს დირექტორი ჰგონია და არა თბილისის მერი.
„მას და მის ყველა თანამშრომელს ხელფასს უხდის საზოგადოება. მოქალაქეები ვუხდით ხელფასს და დიახაც, ჩვენი საქმეა, რამდენი მრჩეველი ეყოლება და რამდენი ხელფასი ექნება იმ მრჩევლებს! სასიმინდის და საქათმის დირექტორი კი არ არის, არამედ ადამიანების რესურსი და ფული უნდა გაანაწილოს ნორმალურად! თითოეული დეტალი გვეკითხება! ძალიან კარგია, რომ ჩავარდა საკითხი და დღეს საკრებულო პრეცედენტული იყო“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ ასეთი განცხადების გამო უნდა დადგეს მერის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი.
„საკრებულოს შეუძლია 2/3-ით გადააყენოს მერი, იმიტომ, რომ ეს არის საკრებულოს შეურაცხყოფა, თავისივე უმრავლესობის, მათ არაფრად არ აგდებს, ამიტომ უნდა დადგეს მისი გადაყენების საკითხი. ეს ხდება იმიტომ, რომ ნარმანიამ არ იცის კანონი, თუ არავის არ ეკითხება, მაშინ საკითხი რატომ არის საკრებულოში შემოტანილი? რახან საკითხი საკრებულოში შემოვიდა, ე.ი. საკრებულოს საქმეა დამტკიცება“.
აქვე უგრეხელიძე ნარმანიას კომპეტენციას და მთავრობაში ცვლილებების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა:
„ნარმანია ვერ აკომპლექტებს მთავრობას. არ შეიძლება სუდაძე იყოს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მთელი ქალაქი გადათხრილია და ამ დროს ეს კაცი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც არ არის მისი საქმე. მან უნდა დააგოს ასფალტი, რასაც ვერ აკეთებს, ამ დროს კი ფული იხარჯება“,- აცხადებს for.ge-სთან სუბრისას სევდია უგრეხელიძე.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი, დავით ზურაბიშვილი კი, ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ ქალაქის მთავრობის მუშაობა რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს, რადგან თბილისის მთავრობის მუშაობის ასეთი ფორმით გაგრძელება წარმოუდგენელია.
„თბილისის ხელისუფლების მუშაობის უპირველესი პრობლემა ოპერატიული რეაგირებაა. მე თვითონ ვარ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი. არჩევნები ამ სიტუაციას ვერ უშველის, საჭიროა იმ საქმიანობაში ცვლილებები, რაც დედაქალაქის მთავრობას ახასიათებს. კონკრეტულად, ერთი პრობლემა აქვს, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა უპასუხოს მოსახლეობის მოთხოვნებს, ვიცი რა პრობლემებია ზოგადად უბნებში.
ნომერ პირველი პრობლემა ოპერატიულად მოქმედებაა. ვიღაცას რომ ღობე ჩამოენგრევა, იმას კიდევ ახსნას დაუწყებ, რომ ჩვენ ტენდერი გვაქვს გამოცხადებული, გაიმარჯვებს და ის მოგხედავსო, ადგება და იმ ღობიდან ამოაძრობს ერთ მარგილს და ჩაგარტყამს თავში. მართალიც იქნება“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, მზადდება რიგი ინიციატივები, რომ მერიის მუშაობა უფრო ოპერატიული გახდეს და სწრაფად უპასუხოს მოსახლეობის მოთხოვნებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო აქტებია მიღებული, რაც რეალურად მუშაობას აფერხებს.
„ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ არაა აუცილებელი სულ გაქონ და ქება-დიდება გასხან. ხელისუფლების შეფასება გამოჩნდება არჩევნებზე. პრობლემა არაა, როდესაც მასამედია კრიტიკულია - უნდა იყოს კიდეც. ორმო როცა ნახევარი წელია და იმას ვერ ავსებ, ეუბნები, რომ ფული არ მაქვსო, საზოგადოება ამას ვერ გაგიგებს.
პირად საუბრებშიც გამოვთქვამთ კრიტიკულ შენიშვნას ქალაქის მთავრობის მიმართ და სწორედ ამის შედეგი იქნება ის, რომ გარკვეული ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ყველაფერს ვერ ვამბობ, ბუნებრივია, მაგრამ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას თბილისში“, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა მოქალაქეებთან კომუნიკაციაა, ვიდრე რეალურად საქმის გაკეთების პრობლემა. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, ნაცვლიშვილი თვლის, რომ ეს უფრო პოლიტიკურ დონზე გაკეთებული განცხადება იყო, ვიდრე ანალიზის საფუძველზე.
„რა რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მთავრობაში, ამაზე ნაადრევია საუბარი. დამთავრდეს მეორე კვარტალი და მეორე კვარტალის შეფასების შემდეგ ვისაუბროთ რამდენად საჭიროებს მთავრობა ცვლილებებს. მთავრობაში არის რაღაცა ხარვეზები, მაგრამ რადიკალურ ცვლილებებზე ლაპარაკი ნაადრევია. მე მგონია, ეს უფრო პოლიტიკურ დონზე გაკეთებული განცხადება იყო, ვიდრე ანალიზის საფუძველზე.
აქ უფრო მოქალაქეებთან კომუნიკაციის პრობლემაა, ვიდრე რეალურად საქმის გაკეთების პრობლემა. კი, საქმის კეთებისას არის ხარვეზები, იგივე ტენდერებთან დაკავშირებით, როდესაც კერძო სტრუქტურები ვერ ასრულებენ თავიანთ თავზე აღებულ ვალდებულებას, რაც, რა თქმა უნდა, აისახება შეუსრულებულ სამუშაოზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი.