დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკს საბაკო ზედამხედველობის სააგენტო გამოეყოფა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია. მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. საქმის კურსში არ არიან ბანკებიც. ხელისუფლების ასეთი სწრაფი მანევრი ლარის კურსზე სპეკულაციურმა შეტევამ განაპირობა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობა გუშინ დასრულდა და იგი პარლამენტში უკვე შეტანილია. კანონპროექტის შექმნის მიზეზად, მეჭიაური ასახელებს, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა ერთპიროვნული არ უნდა იყოს. თანაც, ბოლო პერიოდში ლარის კურსი არ ასახავდა იმ ეკონომიკურ რეალობას, რაც ქვეყანაში იყო, შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, კურსთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის შექმნას არ გამორიცხავს.
„ოფიცილურად ვაცხადებ, რომ დღეს პარლამენტში შევედი საკანონმდებლო ინიციატივით, ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის შესახებ, რომელიც ეროვნული ბანკის სტრუქტურაში დამოუკიდებელ ერთეულად დაფიქსირდება და ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. იგი იქნება ეროვნული ბანკის დაქვემდებარაში, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი. კანონპროექტზე მუშაობა დავასრულეთ და მაშინვე წარვადგინეთ. გიორგი ქადაგიძისთვის ინფორმაცია ჯერ არ მიგვიწოდებია“, – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სააგენტოს ეროვნული ბანკისაგან გამოყოფის აუცილებლობა ეროვნული ბანკის გაუმჭვირვალე საქმიანობამ განაპირობა.
„თებერვლამდე (გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება), შესაძლოა, ქვეყანა დაქცეულიყო“, - ასე დაასაბუთა მეჭიაურმა პარლამენტის ფორსირებული მოქმედება.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ცვლილება როგორც კომერციული ბანკების, ისე ეროვნული ბანკისთვის მისაღებია, რადგან აღნიშნული სააგენტოს ავტონომია იზრდება. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურებაში ბანკებთან შეთანხმებულ მონაწილეობასთან დაკავშირებული ეჭვების ნაწილი მაინც მოეხსნება. სააგენტო მის სტრუქტურაში მხოლოდ ფორმალურად რჩება და ზედამხედველობის ფუნქცია მთლიანად პარლამენტზე გადადის.
როგორც ჭიჭინაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, საპარლამენტო კონტროლი უფრო ეფექტური იქნება, თანაც ცვლილება არ გამოიწვევს საბანკო საიდუმლოების დარღვევას. ეროვნულ ბანკს კი დარჩება მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც, როგორც თავად ბანკის ხელმძღვანელობაც აცხადებს, მისი ძირითადი ფუნქციაა.
საბანკო-საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ეროვნულ ბანკს ოფიციალურად 2009 წლის 1-ელ დეკემბერს შეუერთდა. მანამდე ის დამოუკიდებელი ორგანო იყო. გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტობადე სწორედ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მისი სებ-ში გადაბარგებას, ამ ინსტიტუტის გაუქმება მოჰყვა. როგორც ჩანს, მისი სებ-დან წასვლამდე 6 წლის წინანდელი სტატუს-კვო აღდგება.