„მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი“

„მნიშვნელოვანია, დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი“

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. 

„სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული. ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს - დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. 

დეკლარაციაში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე. სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახსენებით, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მიმართ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების შედეგად.

მონაწილეები ხაზს უსვამენ ეუთო-ს, როგორც რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული ორგანიზაციის განსაკუთრებულ როლს. სამიტის საბოლოო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე. თუმცა, დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულებების გაფორმება, რის ჩამატებასაც ქართული მხარე ითხოვდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხდებით, ისევ და ისევ უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული, თავისი მოქმედებებით განსაზღვრონ, როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო. 

„ევროკავშირი თავის კურსს ინარჩუნებს, მიუხედავად დაშინებისა, აგრესიისა და ბოლო წელს მიმდინარე ომისა, ევროკავშირი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული რჩება, ისე როგორც ადრე“, - განაცხადა ტუსკმა და დასძინა, რომ ამას ადასტურებს ევროკავშირის 28 წევრიდან 25 წევრი ქვეყნის ლიდერის რიგაში ჩამოსვლაც.

„ევროპას სურს, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორებს საზოგადოების ტრანსფორმირებაში, რაც თავიანთ მოქალაქეებს სარგებელს მოუტანს და ამ ქვეყნებს უფრო მოქნილს გახდის გარე ზეწოლის მიმართ. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. რუსეთი რომ უფრო რბილი, მომხიბვლელი და მიმზიდველი ყოფილიყო, შესაძლოა, საჭირო აღარ გამხდარიყო მისი მეზობლების მიმართ დამანგრეველი და აგრესიული ტაქტიკის ნაკლოვანებების კომპენსირება“, - ამბობს დონალდ ტუსკი.

გერმანია, საფრანგეთი, სლოვენია, ლიტვა - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ. ევროპარლამენტი მზად არის საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

რიგაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სამიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. გერმანიასთან ერთად,საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარს უჭერს სლოვენია.

საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ლიტვის პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, წლის ბოლომდე ევროკომისია უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას წარადგენს, რის საფუძველზეც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ იგი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის დადებით ძვრებს ელოდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება.

„იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ. ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან მოკლე დროში, სულ რაღაც 6 თვეში და ეს იყო ძალიან დიდი ნახტომი წინ. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მიღწეული წარმატების და რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უვიზო რეჟიმი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზალიბერალიზაციას.

„პრემიერ-მინისტრი რიგაში დღეს დილიდან მართავს შეხვედრებს. ვფიქრობ, საბოლოო პასუხები ჩვენ სწორედ ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ გვექნება. მოლოდინი არც ერთი წამით არ შეცვლილა, შესაბამისად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი.

ეს მოხდება 21-22 მაისს, თუ პირობითად, 27-28 ოქტომბერს სხვა რომელიმე ქალაქში, არა მგონია იყოს პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.