ლარის კურსმა დიდ სისწრაფით გამყარება დაიწყო. სპეციალისტები აზრით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსზე სპეკულაციურ შეტევა მიმდინარეობდა. საბანკო სექტორის იმიჯი კიდევ ერთხელ შეირყა. ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარებას ტურისტების ნაკადის ზრდას უკავშირებს.
„ძნელია ყოველდღიურ რეჟიმში ანალიზის გაკეთება, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ლარის გამყარება, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ლარის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინებაა მნიშვნელოვანი, ევრობანკის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად ეს ძალაინ კარგია და მისასალმებელი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის რყევის ამპლიტუდამ მკვეთრ პოლუსებს მიაღწია. წინა 2 კვირის განმავლობაში ლარი დიდი სისწრაფით დაცემას განაგრძობდა, ახლა კი ასეთივე სისწრაფით მყარდება. ამის საფუძველზე მთავრობაში გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ხელოვნული პროცესი იყო და საბანკო სპეკულაციას უკავშირდებოდა. ეს ეჭვი საქართველოს ვიცე-პრემიერ კახა კალაძის სატელევიზიო გამოსვლამაც დაადასტურა.
ხელისფლებაში სერიოზულად დაფიქრდნენ სავალუტო ტრანზაქციების განხორციელება გაეკონტროლებინათ და შესაბამისი ნიადაგის შემზადება დაიწყეს. ამასობაში მოახლოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროც. სებ-მა და საბანკო სექტორმა საფრთხე იგრძნო და ლარის კურსს დროებით შეეშვა.
ეკონომისტ მიხეილ დუნდუას თქმით, მკვეთრი გამყარება აღძრავს ეჭვებს, რომ ლარის კურსზე ხდებოდა სპეკულაციური შეტევა, რასაც აქვს მოკლევადიანი ეფექტი, მისი მიზანი კი პანიკის გამოწვევაა.
„როდესაც კურსი მკვეთრად ეცემა და ასევე მკვეთრი აღმასვლა ხდება, ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება ლარზე სპეკულაციური შეტევა ხდებოდა და ესაა ამ პროცესის ერთერთი მთავარი მანიშნებელი, რაც ზედაპირზე დევს. ნებისმიერ სპეკულაციურ შეტევას აქვს მოკლევადიანი ეფექტი, მოკლე ვადის გასვლის შემდეგ კი კურსი უბრუნდება საწყის მდგომარეობას. შეიძლება სპეკულაციური შეტევა გამეორდეს, და კურსი ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, თუმცა რამდენჯერაც მოხდება შეტევა, ამას მოკლე პერიოდში ექნება ეფექტი და შემდგომ მყისიერად დაუბრუნდება საწყის პოზიციას“, – აცხადებს დუნდუა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნულმა ბანკმა მოხსნას თავისი ფაქტორი ლარის დევალვაციის მიმართულებით – შეზღუდოს ლარის მიწოდება, გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი და რეფინანსირების მოცულობა და შედეგად, სიტუაცია თანდათან დალაგდება.
განსხვავებულ პოზიციაზე რჩება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში გარე შოკებისადმი საუკეთესო რეაგირებაა ლარის მცურავ და საჭიროებისამებრ, გაუფასურების რეჟიმში შენარჩუნება. ამით იქმნება შესაძლებლობა, რომ გაცვლითმა კურსმა შეისრუტოს შოკის უმეტესი წილი და რეალური ეკონომიკა ზეწოლისგან დაიცვას. ისეთ ძალზედ დოლარიზებულ ეკონომიკაში, როგორიც საქართველოა, უნდა ვაღიაროთ, რომ გაუფასურება მეტწილად გულისხმობს მდგომარეობის დამძიმებას დოლარში კრედიტების მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. მათზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ვალის მომსახურება ლარში უფრო ძვირი უჯდებათ. მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ ართმევენ ისინი თავს ამ შოკს და რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტკივილის შესამსუბუქებლად - ნაწილობრივ მაინც.
საშუალოვადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკის დედოლარიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რათა სავალუტო რყევებს შეზღუდული ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ხალხის უმრავლესობა მხოლოდ ინფლაციაზე გააკეთებდა აქცენტს და გაცვლითი კურსის რყევების გამო ამხელა გავლენის ქვეშ არ მოექცეოდა“, - აცხადებს სადიკოვი.
გუშინ გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ბიზნესომბურდსმენი გიორგი გახარია მივიდნენ. მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურთან პირისპირ შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, სავარაუდოდ, ლარის კურსი წარმოადგენდა.
როგორც ცნობილია, მომავალ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2014 წლის ანგარიშით გიორგი ქადაგიძის მოსმენას გეგმავს.