„რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“

„რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“

ქართულ დელეგაციას მოლოდინი აქვს, რომ ევროკავშირი, რუსეთის პოზიციის მიუხედავად, სიმტკიცეს გამოიჩენს და რიგის დეკლარაციაში ჩაიწერება კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეიძლება ამოქმედეს უვიზო რეჟიმი. სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, საბოლოო დოკუმენტი ხვალ იქნება მიღებული. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ევროპული პერსპექტივის აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას არ ითვალისწინებს. 

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ევროკავშირი, რუსეთის პოზიციის მიუხედავად, სიმტკიცეს გამოიჩენს.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით გამოიჩენს სიმტკიცეს მიუხედავად იმ გზავნილებისა, რომელიც ბოლო პერიოდშიც გაჟღერდა, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი კონტრიბუცია იქნება ის, რომ საქართველო რიგაში ჩავიდა როგორც რეფორმატორი ქვეყანა, სამაგალითო როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის - თავისი გატარებული რეფორმებით, შესრულებული სამუშაოთი, ასოცირების შეთანხმებით თავისუფალი სავაჭრო სივრცის კუთხით უკვე არსებული შედეგებით“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

რიგის სამიტის წინ ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს საგანგებო წერილით მიმართეს. ღია მიმართვას ხელს 95 ევროპარლამენტარი აწერს. წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მკაფიო ვადები უნდა განსაზღვროს საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის დასასრულებლად. ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობლებთან კავშირების გაძლირების კურსის შენარჩუნებისკენ და კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე, რიგაში „ევროპის სახალხო პარტიამ“.

„სამიტმა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უნდა გაგზავნოს იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივების შესახებ, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი ამბიციები გააჩნიათ. ეს პერსპექტივები შესაძლოა, იყოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის მთავარი მამოძრავებელი. მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივები რეფორმების სტიმულს აძლევს, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი შესაძლებელია და უნდა იყოს მიღწეული მოკლე დროში. სამიტმა ამ საკითხში პოლიტიკური წვლილი უნდა შეიტანოს“, - განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვიცე თავმჯდომარემ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, სანდრა კალნიეტემ.

ევროკომისარი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანის განმარტებით, იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს, საქართველომ რამდენიმე გამოკვეთილი პირობა უნდა შეასრულოს.

„პარტნიორობა არ არის გზა მხოლოდ ერთი მიმართულებით. არსებობს რამდენიმე გამოკვეთილი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმისთვის, რომ საბოლოო ანგარიშის შეფასება პოზიტიური იყოს ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს განხორციელებადია წლის ბოლოსთვის, მაგრამ საჭიროა დისკუსია და საბჭოს გადაწყვეტილება.

იგივე შეიძლება ითქვას ევროპულ მისწრაფებებთან მიმართებაშიც. ჩვენ ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდგომ ნაბიჯებზე. ეს ნაბიჯი უკვე ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაა. ეს არის ევროპასთან დაახლოების პროცესი, ამის შემდეგ უკვე განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოსა და უკრაინას უფრო მეტი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. კანცლერის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი მცდელობებია საჭირო, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის გაძლიერება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არ წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოების ინსტრუმენტს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

ევროკომისარისა და კანცლერის განცხადებების მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს ძალისხმევა აღიარებულია. მისივე განცხადებით, ერთი ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი იმ მიმართულებით, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კარგად შემუშავებული გეგმა აქვთ რას ნიშნავს ის ამოცანები, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ასევე არის ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა.

„მე ველოდები, რომ რიგის დეკლარაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნება ის ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა დასრულდეს ტექნიკური ამოცანები. ველი ასევე მოწოდებას, რომ უახლოეს დროს ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება და საქართველოს მიმართ აამოქმედოს ის სპეციალური რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას. რასაკვირველია, რიგის სამიტი ეს არის ეტაპი, რიგის სამიტით არ იწყება და არ მთავრდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს ევროპეიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, - აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი. 

რიგის სამიტიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდრეს, დავით ბაქრაძეს, რომლის განცხადებით, ძალაინ მნიშვნელოვანია „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია. როგორც ბაქრაძე აცხადებს, სწორედ მათთან მუშაობით მოხერხდა, რომ დეკლარაციაში, რომელსაც დღეს მიიღებს ევროპის სახალხო პარტია, მხარდაჭერილი იქნება ორივე მთავარი თემა - საქართველოს ევროპული პრესპექტივა და უვიზო მიმოსვლა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ანალოგიური მხარდაჭერა მოეპოვებინა ოფიციალური სამიტის და ოფიციალური დოკუმენტის ფარგლებში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მისი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ სთხოვეს ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულ გაერთიანებას მხარი დაეჭირათ რიგის სამიტზე საქართველოს შესახებ დეკლარაციის ტექსტისთვის. მაია ფანჯიკიძეს ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს, რომ ევროკავშირის უმაღლესი პირები ევროპარლამენტის ამ მიმართვას გაითვალისწინებენ.

„სამწუხაროდ, როგორც ჩანს და როგორც ანგელა მერკელის დღევანდელი განცხადების შინაარსიდან ირკვევა, დიდი მოლოდინი ჩვენ არ უნდა გვქონდეს. მთავარი არის ის, რომ ევროკავშირი მოგვიწოდებს გავაგრძელოთ რეფორმები, გავაკეთოთ უფრო მეტი, შევასრულოთ კრიტერიუმები, წინაპირობები, რომ მოგვცენ უვიზო მიმოსვლა. ეს მომენტი ჯერჯერობით არ დამდგარა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.