პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მისვლა 25 მაისს იგეგმება, მაგრამ მას საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის სამუშაო კაბინეტში, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ უმასპინძლეს.
აღნიშნული შეხვედრა წუხელ გვიან ღამით გაიმართა, რომელიც მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა. შეხვედროს ორგანოზატორი და ინიციატორი ვინ იყო, მხარეებმა ამის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, თუმცა, აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე საუბარი ლარის კურსს შეეხო და არა ფეხბურთს.
თამაზ მეჭიაურის კაბინეტში ბოლოს გიორგი ქადაგიძე მივიდა და სამუშაო ოთახიდან პირველი სწორედ ის გამოვიდა, რომელმაც ლარის კურსის გამყარების ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის მეტი გაუფასურება მოსალოდნელი არ არის.
ქადაგიძის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საშუალოვადიან გეგმებს შეეხო.
„ლარის კურსთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტზე, ამოიწურა დანაკლისი, რაც გვქონდა და კურსს გამყარების მიმართულება აქვს. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ლარის მეტ გაუფასურებას არ ველოდებით. მნიშვნელოვანია პოლიტიკა, რომელსაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში გავატარებთ. ლარის კურსის გამყარება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული გაუფასურება გავლენას ახდენს საგადამხდელო ბალანსზე. შესაბამისად, იმპორტის კორექტირება ხდება და ვალუტის კურზე ზეწოლა მოხსნილია. საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილიზაცია გვექნება“, - განაცხადა ქადაგიძემ, რომლის მსგავსად, ლარის კურსის გამყარებაზე გაამახვილა ყურადღება ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა.
ჯავახიშვილის განცხადებით, მთავრობა შეეცდება, რომ დონორებს პირდაპირ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც კი შესთავაზოს, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი უცხოელი დონორების მიერ ფინანსდება და იმის გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში შესაბამისი დოლარი შემოვა.
მისი მოსაზრებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეკონომიკისთვის დადებითი შედეგი მოაქვს და ეს ზოგ შემთხვევაში, დროში გაწელილია.
„ბაზარზე დამატებითი დოლარი შემოვა. მე და ნოდარმა მოვილაპარაკეთ, რომ პირდაპირ ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც კი შევთავაზოთ დონორებს. საუბარი ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს - დასალეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალზე სამუშაოების გაგრძელებას შეეხება, სადაც ბევრი სამუშაოა დარჩენილი. პრობლემები არის და ვცდილობთ, ეს გამოვასწოროთ. წელს და მომავალ წელს, ფოთში, ზუგდიდსა და ქუთაისში წყალკანალის ხაზით დიდი თანხები დაიხარჯება. ათვისების ეტაპზე, ყველა ეს პროექტი საქართველოს სადოლარე ბაზას მოუტანს. მძიმე პერიოდი მაქვს და კაბინეტიდან გარეთ არ ვიყურები“, - განაცხადა ჯავახიშვილმა, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „მძიმე პერიოდი უკავშირდება იმას თუ არა, რომ წინამორბედმა მას გასაკეთებელი ბევრი საქმე დაუტოვა?“.
ჯავახიშვილმა ჩვენი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრი გასაკეთებელი საქმე მისი მინისტრობის პერიოდშიც იქნება.
„შეიძლება, რომელიმე წინამორბედს, საქმე არ დაეტოვებინა და საქმე დამთავრდება როდესმე? ეს ყოველთვის იქნება, მაშინაც კი, მეც რომ წავალ. ვინც ჩემს მერე მოვა, გასაკეთებელი მასაც ბევრი საქმე დარჩება. სამინისტროში მისაღები მდგომარეობაა, მაგრამ ბევრი რამ გამოსასწორებელია და ამაზე ვმუშაობთ“, - დასძინა მინისტრმა.
ჯავახიშვილმა ლარის კურსთან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ეკონომიკას შიდა თუ გარე შოკები აქვს, ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ მან მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
„უფრო ადრე სტადიაზე, ეროვნულ ბანკს უფრო მეტის გაკეთება შეეძლო“, - დასძინა ჯავახიშვილმა, რომლის მსგავსად, იმედიანად განწყობილი იყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
ხადური ირწმუნება, რომ ლარის კურსის სტაბილურობის ფაქტორი გაგრძელდება.
მინისტრის განმარტებით, გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზეგავლენა როგორც აქამდე არ ყოფილა, ეს ასე მომავალშიც გაგრძელდება.
„იმედი მაქვს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პროცესი გაგრძელდება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ამას ხელს შეუწყობს“, - დასძინა ხადურმა.
ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების მსგავსად, შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა.
მინისტრებისა და ეროვნული ბანკის მასპინძელი აცხადებს, რომ დახურულ შეხვედრაზე საუბარი ლარის კურსს შეეხო.
„ყველა შტოს მზადყოფნა არსებობს, რომ ის პროცესები, რომელიც ლარის გამყარების მიმართულებით დაიწყო, შეუქცევადი გახდეს და იმ ნიშნულს მიაღწიოს, რომელიც სასურველია. ქვეყანაში ლარის სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ამის ყველა წინაპირობა არასებობს“, - დასძინა მეჭიაურმა.
ლარის კურსმა მცირე ნიშნულით გამყარება მართლაც დაიწყო, მაგრამ პარლამენტში გამართული შეხვედრა ლარის კურსს მიეძღვნა, თუ 25 მაისის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის რეპეტიცია იყო, ეს მომავალ კვირას გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ მომავალი კვირის ორშაბათს, დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით გიორგი ქადაგიძე წარსდგება, რომელიც მმართველმა გუნდმა დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებაში არაერთხელ დაადანაშაულა.